14
Sep
2019

ყურადღების ჰიგიენა, ანუ მეტი ყურადღება ყურადღებას – მერიკო გაბაშვილის #აზრები

14 Sep 2019

M2


ამასწინათ ასეთ ფრაზას წავაწყდი –ადამიანი არის ის, რასაც ის აქცევს ყურადღებას”. არასოდეს მიფიქრია ყურადღებაზე ამ ჭრილში. საერთოდაც, აქამდე ძალიან ცოტა თუ მიფიქრია ყურადღებაზე. აი როგორც სუნთქვაზე რომ არ ფიქრობ სანამ რამე არ შეგიფერხებს ჟანგბადს.  არა და, რომ დაფიქრდე, როგორი ვალიდური აზრია. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ ყურადღება ერთგვარი კარია ჩვენს ცნობიერებაში, მაშინ, ის თუ რაზე ვარჩევთ, რომ შევაჩეროთ იგი და რას ვტოვებთ ყურადღების მიღმა, ალბათ, უნდა ახდენდეს გავლენას იმაზე თუ ვინ ვართ. ჩემი აზრით, მასიურად გვაკლია საბაზისო ჰიგიენა ყურადღებაში. ყოველ დღე ათას “ნაგავს”, უკეთეს შემთხვევაში კი, ზედმეტ რაღაცებს ვშთანთქავთ ისე, რომ არც კი ვკითხულობთ, მართლა გვჭირდება ეს ყველაფერი? რა ხდება ჩვენს მე-ში ამ ყველაფერის შემოშვების შედეგად? მერე რაღაც სიმახინჯეს რომ “ამოვიღებთ” უკან, გვიკვირს, თუ საიდან მოვიდა ეხლა ეს.

ყურადღების არაჰიგიენურობა პრობლემურია სხვა კუთხითაც.  ხომ შევთანხმდით, რომ  ყურადღება კარია ცნობიერებაში და, როგორც ნებისმიერი კარი, ისიც თავისი ზომის და ფორმის გათვალისწინებით გარკვეულ ლიმიტებს აწესებს იმაზე თუ ერთდროულად რამდენი რამ შეიძლება აღწევდეს მასში. ხოდა დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვწყვეტთ თუ ვინ და რა შემოვიდეს ჩვენი ცნობიერების კარში? რაღაცების, თუნდაც “ნაგვის”, ცნობიერი “შთანთქმა”, რაღაცების კი, მიზანმიმართული იგნორირება – ერთია, არჩევანის ამბავია. მაგრამ, კონტროლის დაკარგვა იმაზე, თუ ვის და რას ვუღებთ ცნობიერების კარს და რა რჩება უადგილობის გამო ჩვენს მიღმა, ალბათ, კიდევ სხვა თემაა. მე, მაგალითად, ხანდახან ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ცნობიერების კარებს თავისი დამოუკიდებელი კონსიერჟი ყავს. კონსიერჟი, რომელიც თვითონ მიწყვეტს ვინ შემოვიდეს ჩემთან და ვინ არა; მაიძულებს დღისა და ღამის ნებისმიერ მომენტში მივიღო “სტუმრები”, რომელთა მასპინძლობა მაქამდე არც მიფიქრია, არ მინდა, არ მჭირდება. ხან შეხვედრებზე მიწყობს ასეთ საბოტაჟს, რა დროსაც ისე ჩაიგრიხინებს საათნახევარი, რომ სიტყვა არ მრჩება ტვინში. ხან საჭესთან რომ ვარ და ისე მივდივარ დანიშნულების ადგილამდე, რომ არც კი მახსოვს როგორ მოვედი. ხან რომ ვკითხულობ, უფრო სწორად, რომ მინდა წავიკითხო, მაგრამ მეორედ და მესამედ კითხვის შემთხვევაშიც კი, აზრი არ მეწყობა თავში. ღამე უყვარს ჩემი წვალება განსაკუთრებით. აი გემრიელად რომ მოვეწყობი, მინდა ტკბილად მივეცე სიზმრებს, მაგრამ არა, დილამდე უნდა “ვუმასპინძლო” დაუპატიჟებელ ფიქრებს, რომლებიც ქაოტურად მესხმიან თავს, ყოველგვარი გამაერთიანებელი ლოგიკის გარეშე. მოკლედ, ჩემი კონსიერჟი თვითნებობს როდესაც და როგორც უნდა; მაკარგვინებს კონტროლს იმაზე, თუ სად ვარ გონებით, რა მესმის, რას ვხედავ, რას ვაკეთებ, რა შთაბეჭდილებები მიგროვდება და ა.შ.

როგორც იტყვიან, არსებობს რაღაცები, რასაც ვერ იმასიზავ. თანამედროვე ცხოვრების სტილი თავისი გაჯეტებით, სოციალური მედიით, განუზომელი ამბიციებით, ნეგატიური სოციალური ფონით, ყურადღებაზე აქტიურად “მონადირე” გარემოთი და უამრავი ვალდებულებებით არ მოგვცემს შესაძლებლობას სრულად მივეძღვნათ ყურადღების ყურადღებას; არ შემოვუშვათ ის, რაც არ გვჭირდება, რაც ნაგვად ილექება ჩვენში და, ყოველთვის შევძლოთ შემოვუშვათ ის, რაც გვინდა და მართლა ღირებულია ჩვენთვის. მაგრამ ყოველდღიურ ჩვევებში და ყოფაში მცირე მოდიფიცირებების შეტანის შესაძლებლობაც არ გვაქვს ნუთუ? მე მგონია, რომ გვაქვს. ისეთივე ზიზღით, თუ განვეწყობით ყურადღების არაჰიგიენურობის მიმართ, როგორც ფიზიკურ არაჰიგიენურობას ვექცევით, წესით, რაღაც პოზიტიური უნდა გამოვიდეს, არა?

განხილვა