21
Mar
2018

თუ გინდა, მართო საკუთარი ცხოვრება, გააკონტროლე, რას აქცევ ყურადღებას!

21 Mar 2018

„ჩემი გამოცდილება არის ის, რასაც ვუთმობ ჩემს ყურადღებას“ უილიამ ჯეიმსი, მე-19, მე-20 საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი – „ფსიქოლოგიის პრინციპების“ ავტორი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ის, თუ რა იქცევს შენს ყურადღებას (კოგნიტური პროცესი, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ფოკუსირებას ხელმისაწვდომი პერცეპტული, ობიექტურად აღქმადი ინფორმაციის რომელიმე ნაწილზე), განსაზღვრავს შენ მიერ დაგროვილ გამოცდილებას და შენი გამოცდილება, თავის მხრივ, განსაზღვრავს შენს ცხოვრებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ შენ აკონტროლებ შენს ყურადღებას, აკონტროლებ საკუთარ ცხოვრებასაც, ანუ მენეჯმენტს უწევს შენი ყურადღების კონცენტრაციას. რა არის ყურადღების მენეჯმენტი?
ყურადღების მენეჯმენტი არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს დისტრაქციის (ყურადღების გაფანტვის) კონტროლს, შენი მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად არჩეულ საგანზე/მოვლენაზე ფოკუსის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებას. ყურადღების მენეჯმენტი, მეცადინეობით, ხდება შენთვის პროდუქტიულობის გაზრდის საფუძველი და გამოიხატება, როგორც შენი არჩევანი, როგორი ცხოვრება გინდა, გქონდეს.

ხშირად, ლიდერებს უნდათ გუნდის წევრებთან მენტორინგისა (სწავლების მეთოდი, როცა ახალგაზრდა ხდება გამოცდილი სპეციალისტის პრაქტიკანტი) და ქოუჩინგის (უნივერსალური მეთოდია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს და ინდივიდებს მიზნების მიღწევაში, პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაში და გამოწვევების დაძლევაში) მეთოდების გამოყენება, რადგან ამ მიდგომებს, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების, ეფექტურ ინსტრუმენტად განიხილავენ. გარდა ამისა, თვითონ ეს პროცესი ანიჭებთ კმაყოფილების შეგრძნებას. 
მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ლიდერები თავიანთი დროის დიდ ნაწილს ხარჯავენ ელექტრონულ ფოსტაში შემოსული წერილების პასუხზე, სამსახურიდან გათავისუფლების კანდიდატთან მოსალოდნელ უსიამოვნო საუბარზე და ა.შ. მათი გონება ყურადღებას იკრებს ნაკლებმნიშნელოვან საკითხებზე და ფოკუსს მიღმა რჩება ისეთი თემები, რაც რეალურად, განსაზღვრავს მათი პრიორიტეტების შესაბამისად მოვლენების წარმართვას. ამიტომაც, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ უზრუნველყოფენ თანამშრომლების მენტორინგსა და ქოუჩინგს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი, მათ უგროვდებათ ისეთი გამოცდილება, რისი შეძენისთვისაც არასდროს იყვნენ მოტივირებულები.

რატომ ვერ იძენ გამოცდილებას იმ მიმართულებით, რომელიც გინდა? და რატომ ვერ იქმნი ისეთ ცხოვრებას, რომელიც შენთვის იქნებოდა საინტერესო? როგორ იქმნება სიცარიელე შენს სურვილებსა და მათ შესასრულებლად დახარჯულ დროში? 

ის ფაქტი, რომ უილიამ ჯეიმსი ამაზე ფიქრობდა მე-19 საუკუნეში, მეტყველებს იმაზე, რომ კონფლიქტი დიდი ხანია, არსებობს ჩვენს პრიორიტეტებსა და ყურადღების კონცენტრირებას შორის. როცა უილიამ ჯეიმსმა „ფსიქოლოგიის პრინციპები“ გამოაქვეყნა, ტელეფონი ახალი ხილი იყო. დღესდღეობით კი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა მოწყობილობით, მუდმივად ვართ ინტერნეტთან დაკავშირებულები, ყურადღების მოკრება ბევრად უფრო რთულ გამოწვევად იქცა, რის სამართავადაც რამდენიმე მიდგომა დაგეხმარება:

  • აკონტროლე ტექნიკური მოწყობილობები: დაიმახსოვრე! ტექნიკა იმისთვისაა, რომ შენ გემსახუროს, სხვა დანიშნულება მას არ აქვს. აკონტროლე დრო, რასაც შეტყობინებებზე პასუხისთვის დახარჯავ. ნუ დატვირთავ შენს გონებას შესასრულებელი საქმისგან სრულიად განსხვავებული ინფორმაციით. ეს მოგცემს საშუალებას, რომ მეტად იყო ფოკუსირებული სამსახურზე და იმ პროცესებზე, რაც შენს ნაყოფიერ მუშაობას უზრუნველყოფს.
  • აკონტროლე შენი გარემო: როცა გჭირდება ყურადღების მოკრება და კონკრეტულ თემაზე კონცენტრირება, დელიკატურად შეუქმენი  თანამშრომლებს ბარიერები, რომ ვერ გეკონტაქტონ. მაგალითად, გამოიყენე ყურსასმენები ან შენს მაგიდაზე გააკარი ნიშანი, მაგალითად: „არ შემაწუხოთ“. თუ ეს არ იმუშავებს, სცადე შენი ოფისის სხვა, ან უკიდურეს შემთხვევაში, შენობის სხვა ნაწილი გამოიყენო ამისთვის.

იმის გამო, რომ შენი ყურადღება მიმართულია გარეფაქტორებზე, შენს პროდუქტიულობაზე ნებისმიერი, შენგან დამოუკიდებელი ფაქტორი აისახება. ამიტომაც, შენი ტვინი იღლება ე.წ. „ნაგვისგან“ და საჭირო ინფორმაციის გადასამუშავებლად, რესურსს ვეღარ პოულობს.ამიტომაც, მოგიწევს, ამ ფაქტორებზეც მოიპოვო კონტროლი:

  • აკონტროლე შენი ქცევა: გახსენი მხოლოდ 1 ფანჯარა კომპიუტერის ეკრანზე და მთელი შენი ყურადღება მომართე ერთ დავალებაზე მანამ, სანამ არ დაასრულებ მასზე მუშაობას. შეისვენე დღის განმავლობაში, ოღონდ, ეს აუცილებლად გულისხმობს, კომპიუტერისგან, ინტერნეტისგან დასვენებას, სულ ცოტა, 1 საათით მაინც. თავდაპირველად, 15-20 წუთით დაიწყე, შემდეგ კი, გაზარდე 1 საათამდე ან 90 წუთამდე.
  • აკონტროლე შენი ფიქრებიბევრი ჩვენგანისთვის, ეს არის ყველაზე რთული. ამასაც პრაქტიკა სჭირდება. თუ მუშაობის პროცესში, გონება გაგექცა სხვა, შენთვის საინტერესო მნიშვნელოვან დეტალზე, შეგიძლია, ჩაინიშნო და მოგვიანებით  დაუბრუნდე მას. ამით არც პროდუქტიულობას დაკარგავ და შენი განსავითარებელი იდეა, თუ დასაზუსტებელი ინფორმაციაც არ ამოგიფრინდება თავიდან.

ყურადღების მენეჯმენტის პრაქტიკა ძირფესვიანად ვერ გააქრობს დისტრაქციებს შენი ყოველდღიურობიდან. თუმცა, როგორც კი დაიწყებ იმის გაანალიზებას, რომ შენი გონება შენი პრიორიტეტებისგან სრულიად სხვა, უმნიშვნელო, პატარა საქმეებით არის გადაქანცული, მიხვდები, რომ დროა, რაღაც შეცვალო! მართო შენი ყურადღება იმისთვის, რომ მართო შენი ცხოვრება.

წყარო: HBR



განხილვა