ზოგჯერ გვგონია, რომ მხოლოდ მაშინ შეგვამჩნევენ, თუ ჩვენს თავზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ყველას დავანახებთ, ვინ ვართ. თითქოს, ასე ვცდილობთ, მასაში არ ჩავიკარგოთ და გამუდმებით საკუთარ იდენტობას თუ უპირატესობებს გავუსვათ ხაზი. ალბათ, ამგვარი შეხედულებების განვითარება ბუნებრივი პროცესის ნაწილია, რადგან პროფესიულ საქმიანობაში, სადაც შრომითი ბაზარი ასეთი გადატვირთულია, ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობა გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული. რეალურად, მუდმივად „ახალი კარების გაღება“ სასიცოცხლო უნარს წარმოადგენს, რომელიც ყველა წარმატებულ მეწარმეს, ბიზნეს ლიდერს ან ზოგადად ადამიანს სჭირდება.
„დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თუ ჩემს თავზე თავადვე არ ვისაუბრებდი, ამას არავინ გააკეთებდა. არ ვაპირებდი, დუმილის მტანჯველი ხმისთვის მიმეგდო ყური… პირიქით, ნაგულისხმევ რეჟიმად მექცა საკუთარ თავზე საუბარი. არა იმიტომ, რომ ჩემი პიროვნებით ვიყავი შეპყრობილი, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ ამაში ვგრძნობდი მაქსიმალურ კომპეტენციას. საბედნიეროდ, Google Campus-ში ყოფნისას ეს მოცემულობა სრულიად შეიცვალა. იმდენად ბევრი ბრწყინვალე ადამიანით ვიყავი გარშემორტყმული, რომ შევშინდი — თითქოს, აღარაფერი მქონდა ჩემ შესახებ სათქმელი“, — ამბობს მწერალი კელი მეინი.
ამგვარი განცდების ფონზე, კელიმ შეწყვიტა გამუდმებით საკუთარ თავზე საუბარი. სანაცვლოდ, სხვებმა დაიწყეს კითხვების დასმა — სურდათ, მეტი გაეგოთ მის შესახებ. „ყოველგვარი მცდელობის გარეშე ანგელოზ ინვესტორთა წრეში აღმოვჩნდი. მიწვევდნენ შეხვედრებზე აღმასრულებელ დირექტორებთან, რომლებიც მრავალმილიონიან კომპანიებს ფლობდნენ. ასევე, მთავაზობდნენ დაფინანსება, რომელიც არასდროს მითხოვია“.
რა თქმა უნდა, ჩუმად ყოფნა არ არის სტარტაპის წარმატების რეცეპტი. უბრალოდ, არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი „უკან ჯდომისა და ჩუმად დარჩენის“ კონცეფციის მიღმა, რაც დაგეხმარებათ, უფრო ეფექტურად მოიპოვოთ სხვების ინტერესი და გააღოთ მეტი კარი. მაგალითად, ჩუმად ყოფნის უბრალო ქმედება არ არის ის, რამაც ადამიანების ყურადღება მიიპყრო კელის შემთხვევაში. „ზოგჯერ ბიზნესმენებს ძალიან აღიზიანებთ გადაჭარბებული თვითრეკლამირება — შიშობენ, რომ ეს ყველაფერი თამაშია და საბოლოოდ მოტყუებულები დარჩებიან. ამიტომაც, მხოლოდ მაშინ გამოკვეთეთ თქვენი უპირატესობები, როცა ვინმე ამას თავად გთხოვთ“.
ამავდროულად, Psychology Today-ის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის მისიას ასრულებთ, ადამიანები ირჩევენ იმ ადამიანებთან მუშაობას, რომლებიც მოსწონთ. და ჩვენი ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმების დამსახურებით, ჩვენში სიმპათიებს ვერ აღძრავს ისეთი პიროვნება, ვინც აშკარა სარგებლის მიღებას ცდილობს ჩვენგან. ამის გათვალისწინებით, გულწრფელი და ავთენტური დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ. „გარდა ამისა, ჩემი დაკვირვებით, როცა სხვებით ინტერესდები, ისინი უფრო მეტად ინტერესდებიან შენით“.
კელის თქმით, თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, გაცილებით ეფექტურად შეძლებთ ნამდვილი ურთიერთობების დამყარებას და მეტი კარის გაღებას… გახსოვდეთ, საქმიანი კავშირები სწორედ ადამიანურით იწყება — შესაბამისად, მიდგომებიც ამაზე დაყრდნობით უნდა შეიმუშაოთ.