7
Nov
2018

იური სემენიხინი: „მიმიშვეს, გავაკეთე. ამუშავდა ყველაფერი…“

7 Nov 2018

„ბავშვები რომ ვიყავით, ჩვენს შორის ყველა, თამაშზე ვერ ფიქრობდა, ჩვენ ვფიქრობდით, საიდან უნდა მოგვეტანა პური…“ – ამბობს იური სემენიხინი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ექსპერტთა შორის, დღეს, 56-ე ადგილზეა.

ეს წოდება რომ მიეღო, იური სემენიხინმა მრავალი საერთაშორისო გამოცდა ჩააბარა და ბარსელონაში IT „გურუებს“ ოთხი საათის განმავლობაში ეკამათა.

მამა აფხაზეთის ომში დაეღუპა. მაშინ 14 წლის იყო. ასე დაიყო, მონდომების, მარცხისა და წარმატებების გრძელი ამბავი… ამ ამბავში ბევრი რამ იყო –  მძღოლად მუშაობა, შემდეგ ღამის ოპერატორად, ბანკომატების მწმენდავად… მძღოლად, „ბრითიშ პეტროლიუმში“ (BP) დაიწყო მუშაობა. მალევე, სასერტიფიკატო პროგრამა გაიარა და აფეთქების უსაფრთხოების მენეჯერი გახდა. მერე თსუ-ში, საერთაშორისო სამართლზე ჩააბარა, მაგრამ იურის, რომელსაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ტექნიკის დაშლა-აწყობის ინტერესი, ტექნოლოგიების სფერო გაცილებით საინტერესოდ ეჩვენებოდა, ვიდრე სამართლის მიმართულება. და ეს, გადამწყვეტი აღმოჩნდა…

ამბობს რომ, როცა დაოჯახდა, „მეტი პურის“ საჭიროების წინაშე დადგა. ღამის მორიგე ოპერატორად დაიწყო მუშაობა საერთაშორისო ზარების ოპერატორ კომპანია „8-18“-ში. რა შეიძლება გააკეთოს ღამის ოპერატორმა ასეთ კომპანიაში? იური უამინდობისას ანტენას წმენდდა, გადაიცვამდა დიდ ქურთუკს, გავიდოდა და ყინული რომ გამდნარიყო, ანტენის ქვეშ ცეცხლს ანთებდა. პარალელურად, ტრენინგებზე დადიოდა. „ერთი ტრენინგის გავლაში 350 ლარი გადავიხადე და ეს კატასტროფულად დიდი თანხა იყო ჩემთვის. თვითონ გამოცდა კი 100 დოლარი ღირდა“. ეს ძალიან ბევრი იყო, მაგრამ მან აიღო სერტიფიკატი და სისტემური ადმინისტრატორი გახდა. ასე დაიწყო ამ მიმართულებით შესაძლებლობების ძიება. და მან იპოვნა ბევრი შესაძლებლობა. მას შემდეგ, ის იყო სისტემური ადმინისტრატორი, IT დირექტორი, ტრენერი, IT ინფრასრტუქტურის ხელმძღვანელი, ტექნიკური დირექტორი, IT გადაწყვეტილებების მთავარი არქიტექტორი და სხვა…

იური სემენიხინი PopXspotlight-ის სპიკერია და იმაზე ისაუბრებს, თუ რატომ უნდა წავიდეთ „ღრუბლებში“, ანუ Cloud-ში.

M: ბევრ ადგილას გიმუშავიათ, სისტემურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული თქვენი პირველი სამსახური რომელი იყო?
როცა, სისტემური ადმინისტრატორის ვაკანსია პლასტიკური ბარათების საპროცესო ცენტრმა „ჯორჯიან ქარდმა“ გამოაცხადა, რეზიუმე გავაგზავნე.  სამ თვეში დამიკავშირდნენ, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მისვლის შემდეგ გავარკვიე, რომ თურმე, ამ ვაკანსიაზე უკვე აყვანილი ჰყავთ კადრი და მე სულ სხვა საქმეს მთავაზობენ – ბანკომატების მწმენდავის პოზიციას! თუმცა, დავთანხმდი, რადგან ალბათ, მთავარი იყო დიდ კომპანიაში დამეწყო მუშაობა და მჯეროდა, რომ რაღაცას მივაღწევდი ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, რაც ამ დროისათვის მქონდა.

გარდამტეხი მომენტი, სენაკის სამხედრო ბაზის გახსნას უკავშირდება… აქ ბანკომატის მწმენდავად ვიყავი გაშვებული და თან, ინკასატორებს უნდა დავხმარებოდი. ისეთი პრობლემა გამოჩნდა, რომელსაც ვერავინ აგვარებდა. მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა ჩამოსულიყო და სისტემურად, ყველაფერი მწყობრში უნდა ყოფილიყო.  გამოვთქვი დახმარების სურვილი და პასუხად მივიღე – „პატარა ბიჭი, გაიწიე“. ცოტა ხანში ერთ-ერთმა უფროსმა თქვა, რომ მაინც ვერაფერს გახდნენ და იქნებ, მეცადა. მიმიშვეს, გავაკეთე, ამუშავდა ყველაფერი. როცა ჩამოვედი თბილისში, დამიბარეს, დამკითხეს და მესამე დღეს დამნიშნეს სისტემურ ადმინისტრატორად. ეს იყო ჩემი ოცნების ასრულება. ამის შემდეგ, რისთვის არ მიმიღწევია, მაგრამ ასეთი მძაფრი ბედნიერების შეგრძნება არაფერზე მქონია.

M: გამოდის, რომ პრობლემა იყო წინსვლის წინაპირობა. ყოველთვის ასეა?
კომპანიიდან ყველა ადმინისტრატორი გაუშვეს და დავრჩი მარტო მე. ძალიან ბევრი საქმე იყო, თუმცა უარს არაფერზე ვამბობდი. დღე-ღამეში 2-3 საათი, იქვე, დივანზე მეძინა. ვდგებოდი და ვაგრძელებდი მუშაობას. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა სახლში 5 დღე-ღამე არ მივსულვარ. ამ პერიოდმა, საქმის მოცულობამ და პრობლემამ დიდი გამოცდილება შემძინა და ასევე, რობოტის რეჟიმში მუშაობის უნარი გამომიმუშავა. ეს იმდენად გამჯდარი მაქვს ორგანიზმში, დღემდე, თუ საქმეა, შემიძლია 2-3 დღე არ დავიძინო და შუჩერებლად ვიმუშაო. ამ პერიოდში სხვადასხვა ტრენინგი გავიარე, რის შემდეგაც, ქსელის, მონაცემთა ბაზებისა და ვინდოუსის სისტემების ადმინისტრატორი ერთობლივად ვიყავი.

ამ პერიოდში დაიწყო ექსპერიმენტები…  ვცდილობდი საკუთარი თავისთვის მეტი ცოდნა მიმეცა. ამისთვის, გამოვიყენე ვირტუალიზაცია. ეს იყო ერთ ფიზიკურ სერვერზე, ერთ მოწყობილობაზე 5-6 ვირტუალური მოწყობილობის დაყენების შესაძლებლობა, რაც მეტის სწავლის საშუალებას მაძლევდა. ამ პერიოდში, ვირტუალიზაციის სპეციალისტები საერთოდ არ იყვნენ საქართველოში. ვირტუალიზაცია დავიწყე არა იმიტომ, რომ მაინტერესებდა, არამედ სხვა საშუალება არ იყო და ეს იყო ყველაზე მარტივი გამოსავალი, რომელიმე მიმართულებით განვვითარაბულიყავი. მერე მივხვდი, რომ სხვა არაფერი მაინტერესებს. ვირტუალიზაცია ეკონომიკური იყო, სამართავად უფრო მარტივი და მოკლედ, საკმაოდ კარგი ბიზნესშესაძლებლობა.

M: ვიცით, რომ საერთაშორისო სერტიფიცირების მფლობელი ხართ, რომელიც ძალზე იშვიათად გაიცემა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში არ არის ადამიანი, რომელმაც ამ გამოცდის ჩაბარება შეძლო. მე ვთქვი, რომ მინდა ასეთი ადამიანი გავხდე. ძალიან ბევრისთვის სასაცილო იყო ჩემი ამბიცია. სამსახურში ხელს არ მიშლიდნენ, მაგრამ არც მიწყობდნენ. დღისით ვმუშაობდი, საღამოს გამოცდისთვის ვემზადებოდი. ორი წელი ვსწავლობდი და ბევრი ფული დავხარჯე. ოთხი გამოცდა ჩავაბარე: აშშ-ში, საფრანგეთში, თურქეთში. დაცვა კი დანიაში იყო.

დაცვის დეტალები გასაიდუმლოებული იყო: რა დრო იყო საჭირო, ვინ იყვნენ შემფასებლები, რა ფორმატი იყო და ა.შ. ოთხსაათიანი ზეპირი გამოცდის დროს, 8 ლიტრი წყალი დავლიე. აუდიტორიაში 200 დამსწრე იყო, უშუალოდ, ჩემს წინ კი ისხდნენ ადამიანები, რომელთა წიგნების მიხედვითაც ვსწავლობდი… მათთვის უნდა მემტკიცებინა რაღაც, უნდა მქონოდა ამბიცია, რომ მათზე მეტი ვიცი. გარდა ამისა, მეგონა, რომ არ აინტერესებდათ რასაც ვყვებოდი, რადგან ზედ არ მიყურებდნენ. როგორც მერე გავიგე, ასეთი წესი ჰქონიათ – არ აქვთ უფლება შემოგხედონ… კომპიუტერში მუშაობენ, სანამ შენ საუბრობ და რაღაცას ამტკიცებ, იმისათვის, რომ არ გაგრძნობინონ მხარდაჭერა… ვერ ჩავაბარე.

M: თუმცა, მაინც გახდით 56-ე IT ექსპერტი მსოფლიოში.. როგორ მოიპოვეთ ეს წოდება?
ორწლიანი მეცადინეობისა და დიდი ფინანსური ხარჯის შემდეგ, ამ გამოცდის ვერჩაბარება ძალიან დიდი მარცხი და სტრესი იყო ჩემთვის. იმ პერიოდისთვის, ამ წოდების მქონე ადამიანი, სულ 20 იყო მთელ მსოფლიოში. მე, მარცხის მიუხედავად, ისევ მჯეროდა რომ შევძლებდი. გადავწყვიტე, მეორედაც მეცადა ბედი, რადგან უკვე დიდი მიღწევა იყო გამოცდის ფინალში გასვლა და მთელ მსოფლიოში მიცნობდნენ. ერთი წლის შემდეგ, ისევ ოთხი გამოცდა ჩავაბარე, ფინალისთვის კი, ბარსელონაში ჩავედი. პირველი რამაც ცხვირი ამაწევინა იყო შემფასებლის სიტყვები – აქ მეორედ ხარ, შენ უკვე გაქვს უფლება გვეკამათო, რადგან ერთ ზოლში ვართ. 3 თვის შემდეგ მოვიდა პასუხი, რომ მომანიჭეს წოდება, 56-ე აღმოვჩნდი, მსოფლიოს მასშტაბით.

M: შემდეგ რა მოხდა? ახლა უკვე, განსაკუთრებულ შეთავაზებებს იღებდით?  საქართველოში რატომ დაბრუნდით?
თუ ასეულში შევდივარ მსოფლიოს IT ექსპერტების ჭრილში, რატომ არ უნდა მოვახმარო ეს ჩემს ქვეყანას. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნამეტანი პატრიოტი ვარ.  ბლოგერობა დავიწყე და ჩემს ცოდნას სხვებს ვუზიარებდი. გარდა ამისა, დავიწყე ტრენერად მუშაობა, კავკასიისა და თავისუფალ უნივერსიტეტებში ვკითხულობდი ლექციებს, „იესემშიც“, სხვადასხვა ქვეყანაში გასვლითი ტრენინგებიც მქონდა. ბევრ წინადადებას ვიღებდი უცხოური კომპანიებისგან და მათ შორის, იმ მწარმოებლისგანაც, ვისი გამოცდაც ჩავაბარე. ვიყავი ჩასული ამერიკაში, ერთ თვე დავრჩი. მერე ბევრი ვიფიქრე და დავბრუნდი. არასდროს მქონია სურვილი საქართველოდან წავსულიყავი და ვფიქრობ, აქ უფრო საჭირო ვარ.

M: რა იყო თქვენი ბრძოლის მთავარი მიზანი?
საბოლოო მიზანი იყო უკეთესად, ბევრად სტაბილურად ცხოვრება. მივხვდი, ჩემი თავის მონეტიზირება როგორ უნდა შევძლო. არ შეიძლება იყო მაგარი და ამის შესახებ არავინ იცოდეს. თუ შენ ხარ ექსპერტი, შენი ცოდნა გარეთ უნდა გაიტანო. მიზანი არის ისიც, რომ ჩემი შვილები გამოვიწვიო – ისინი ჩემს მიღწევებს უნდა ხედავდნენ მიჯნად, რომელიც უნდა გადაილახოს. ეს უნდა იყოს მოტივაცია მათთვის, რომ გაცილებით მეტი გააკეთონ.

M: ამჟამად რა გიწოდოთ?
ამჟამად, IT დირექტორი ვარ. მაღალი პოზიცია მიკავია, მაგრამ ხელით ვმუშაობ და თუ გუნდს უჭირს, ყოველთვის მივდივარ და ვეხმარები. ვმუშაობ „ევროპაბეთში“, ასევე, გლობალური კომპანია „ბეთსონის“ IT არქიტექტორების ბორდის „ედვაიზორი“ ვარ. საქართველოში, მონაცემთა ცენტრების 99%-ის შექმნაში მიმიძღვის წვლილი. ვიტყოდი, რომ „თი ბი სის“, ფინანსთა სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის პროექტებზე მუშაობისას, გუნდს ყველაზე მეტი რამის სწავლის შესაძლებლობა ჰქონდა. სიამაყის განცდაა, პირადობის მოწმობა რომ გაქვს და მის არსებობაში შენი ხელი ურევია, ან RS.ge-ზე რომ იხდი გადასახადს… გამარტივებულ პროცესს რომ უყურებ, იმას რომ ბუღალტრები აღარ დარბიან ქაღალდებით იქით-აქით და შენ შეძელი, ტექნოლოგიების დახმარებით, ძალიან ბევრი პროცესის გამარტივება.

M: მომავლის მიმართულება რა არის თქვენთვის?
დაახლოებით, 2 წლის შემდეგ, მინდა განვვითარდე, როგორც მამა. მე ამოვწურე ჩემი თავი ამ სფეროში. ვამბობ, რომ მე აღარ მინდა ეს. არ ვიცი ჩემი კარიერა როგორ განვითარდება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. 38-ის ვხდები და ყოველდღე ვსწავლობ. ავტომატიზმში გადავიყვანე ყოველდღე ადგომა, ერთი საათი რაღაცების წაკითხვა, ძილის წინაც რაღაცების წაკითხვა. ეს ცოდნა, რაც მაქვს 3-4 წელი კიდევ მეყოფა ალბათ, განვითარებაზე რომ აღარ ვიზრუნო. მაგრამ ახლა მაქვს სურვილი, რომ აღარ განვვითარდე.  უნდა გავჩერდე,  შევცვალო მოღვაწეობის სფერო. რაც შეეხება IT მიმართულებით დღევანდელ პრაქტიკას, ინდუსტრიის დიდი ნაწილი ღრუბლებშია. ის ცოდნა, რაც მე გამაჩნია, აღარ რჩება, ახალი თაობა ახალი ცოდნით მოდის და მზად არის ღრუბლებისთვის.

M: რა არის ღრუბელი და რატომ უნდა წავიდეთ იქ?
ღრუბლებზე პირველი სემინარი 2011 წელს დუბაიში ჩავატარე. დღეს ჩვენ, ტელეფონის გარდა აღარაფერი გვჭირდება.. არ გვჭირდება მყარი დისკი, USB, DVD.. ყველა სერვისი გარეთ არის გატანილი. IT კუთხით, ეს სერვისი არის ღრუბელი. მაგალითად, Gmail ფოსტაა, რომელიც ღრუბელშია გატანილი. ჩვენ არსად ვდგამთ ამ სერვერს და არსად ვპატრონობთ. საქართველოს IT ინფრასტრუქტურა არ არის მზად ღრუბლისთვის… ჩემი ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში, ღრუბელი უფრო ახლოს მოვა საქართველოსთან, ჩვენი კომპანიები და სტრუქტურები მზად უნდა იყვნენ იქ გადასასვლელად. დღეს კი, იმაზეა საჭირო ლაპარაკი, თუ რატომ უნდა წავიდეთ ღრუბლებში… და ეს არის ის, რასაც „სფოთლაითზე“ გავაკეთებ.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა