in

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ აუზზე სიარული გიყვართ

გაზაფხული იწურება, ამინდებიც უკეთესობისკენ იცვლება, ზაფხული მოდის და ცხელ დღეებში, როცა ჯერ კიდევ შვებულებაში წასვლის დრო არ მოსულა, ბევრი ჩვენგანისთვის განტვირთვის, გაგრილების, ცურვისა და რუჯის მიღების საუკეთესო ადგილი აუზია. საბედნიეროდ, არჩევანი ბევრი გვაქვს და ჩვენთვის ხელსაყრელი ლოკაცია მარტივად შეგვიძლია მოვიძიოთ, მაგრამ არის ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ აუზის ხშირი სტუმარი ხართ ან წასვლას ახლა გეგმავთ…

შეამოწმეთ ამინდი

აუცილებელია, გადაამოწმოთ ამინდის პროგნოზი, სანამ აუზზე წასვლას დაგეგმავთ. პირველ რიგში, ამით აირიდებთ არასასურველ წვიმას, რომელიც აუზს ნამდვილად არ უხდება, მეორე მხრივ კი, თუკი მზიანი ამინდია გამოცხადებული, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იქონიოთ თავსაბურავი, მზის სათვალე და მზისგან დამცავი კრემი, რათა დაიცვათ თავი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. 

შეარჩიეთ სწორი საკვები

საცურაო აუზზე წასვლისას ხშირად ვყიდულობთ წასახემსებელ პროდუქტებს, ე.წ. სნექებს, როგორებიცაა: ჩიპსები, შოკოლადები, ბურბუშელები, სენდვიჩები, ბურგერები და სხვა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არც ისე სწორი არჩევანია. 

რა თქმა უნდა, აუზზე მშივრები არ უნდა წავიდეთ, განსაკუთრებით, თუ მთელი დღით ვაპირებთ იქ გაჩერებას, მაგრამ სჯობს ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტებით ვიკვებოთ ამ დროს. მაგალითად: ხილი, ბოსტნეულის მსუბუქი სალათა, ახალგამოწურული წვენი, სმუზები და სხვა მსგავსი პროდუქტი კარგი არჩევანია.

მზისგან დამცავის სწორი გამოყენება

აუზზე ძალიან მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი კრემის, ზეთის სწორად გამოყენება. ხშირად მას არ იყენებენ, რადგან ეშინიათ, რომ აღარ გაირუჯებიან, ან მხოლოდ მაშინ ისვამენ, როცა კაშკაშა მზეა. რეალურად, დამწვრობის მიღება აუზზე მოღრუბლულ ამინდშიც კი შეიძლება. 

აუცილებელია, რომ მზისგან დამცავს 30%-იანი დაცვა მაინც ჰქონდეს, რომელიც აღინიშნება ასე – 30 SPF. პროცენტულობის გარდა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მზისგან დამცავი იყოს წყალგამძლე და აუზში ჩასვლისას მთლიანად არ ჩამოირეცხოს.

აირიდეთ დეჰიდრატაცია!

წყლის მიღება აუზზე ყოფნისას ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. დეჰიდრატაცია იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, სისუსტეს და არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ წყალი, რომელსაც მთელი აუზზე ყოფნის განმავლობაში დალევთ ყლუპ-ყლუპად ყოველ ნახევარ საათში.

დაიცავით თმის სიჯანსაღე

ჩვენი თმა ღრუბელივითაა –  ის შთანთქავს ტენიანობას. აუზის ქლორიანი წყალი თმაზე არაჯანსაღად მოქმედებს. მისგან დასაცავად კარგი იქნება, თუ მას კონდიციონერით დაიმუშავებთ. ამისთვის აურიეთ თქვენი თმის კონდიციონერი წყალში და ჩაასხით ისეთ ბოთლში, რომლითაც თმაზე სპრეის სახით შესხურებას შეძლებთ. აუზში ჩასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეისხით ეს სითხე და შეიზილეთ თმაში.

აღჭურვილობა

არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალურად ცურავთ თუ სამოყვარულო დონეზე, შესაბამისი აღჭურვილობა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუკი აუზში ცურვას აპირებთ, იქონიეთ შესაბამისი სათვალე თვალების ქლორიანი წყლისგან დასაცავად. 

მაკიაჟის მოხსნა

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ აუზზე ხშირად მაკიაჟით დადიან. გვესმის, რომ ეს ზოგიერთებისთვის სილამაზესთან ასოცირდება, თუმცა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაკიაჟით აუზზე ყოფნა არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა. აუზში არსებული ქიმიკატები ეწებება ტონალურ კრემსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს და მათი ჩამოშორება რთული ხდება, რაც საბოლოო ჯამში, ზიანს გამოიწვევს. გარდა ამისა, მაკიაჟით ცურვა იმითაა ცუდი, რომ ის უფრო მეტად იკიდებს ქლორის სუნს.

წყლის გადავლება

ეს კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხალმხრავალ აუზებზე, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება და ჩადის წყალში, აუცილებელია, რომ თითოეულმა მათგანმა მიიღოს შხაპი უშუალოდ წყალში ჩასვლამდე. როგორც წესი, სტერილურ და კარგ საცურაო აუზებს ეს ყოველთვის გათვალისწინებული აქვთ და საშხაპეები დამონტაჟებულია აუზის სიახლოვეს. 

ჩვენ უამრავ მიკრობს ვატარებთ, წყალი კი მათი ჩამოშორების საუკეთესო საშუალებაა. ამას გარდა, აუზში ჩასვლამდე წყლის გადავლება გვეხმარება, რომ უფრო მარტივად შევეგუოთ აუზის ტემპერატურას.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

“Tech Landscape of Georgia” – Viber-ის წარმომადგენლი BTU-ს ორგანიზებულ Techworking Georgia-ზე

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება