გუშინ Apple-ის 2021 WWDC ღონისძიებაზე კომპანიამ iOS 15, iPadOS 15 ოპერაციული სისტემები და ბევრი ახალი ფუნქცია წარადგინა. როგორც კონფერენციის დასაწყისში აღინიშნა, ის ექსტრავაგანტურობას, ახალი პროგრამული მახასიათებლების შექმნას და აქამდე არსებული სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება.
სტატიაში კი სწორედ ამ სიახლეების შესახებ გიამბობთ.
“ოფლაინ” Siri
iOS 15-ის საშუალებით, Siri ხაზგარეშე რეჟიმშიც შეძლებს ფუნქციონირებას. უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების გარდა, ახალი ფუნქციური სარგებელი ის არის, რომ იგი მკვეთრად ამცირებს ორმხრივი დამუშავების დროს და აჩქარებს სისტემის რეაგირებას. თავის მხრივ, Siri ახლა უფრო დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.
Live Text
iOS 15-ის კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი ფუნქციაა Live Text, რომელიც არსებითად ტექსტის ამომცნობი მექანიზმის უშუალოდ ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებას გულისხმობს. მისი აპლიკაციებში ინტეგრირება და ფოტოებში მოცემული ნაწერის ტექსტად გარდაქმნა კი საკმაოდ ადვილად ხდება.
რაც შეეხება Visual Look Up-ს, ეს არის ობიექტის იდენტიფიკაციის მექანიზმი, რომელიც მომხმარებელთა ფოტოებში ობიექტებისა და პირების კატეგორიზაციას ახდენს.
ახალი რუკები
2021 წლის ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ახალი რუკების დემონსტრირება იყო – ეს არის რუკების აპლიკაცია, რომელიც უფრო დეტალურ ინფორმაციებს მოიცავს. მასში წარმოდგენილია რელიეფისა და სხვადასხვა შენობების 3D მოდელირება, გზებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად, სახიფათო მოსახვევი).
ახალი FaceTime და ეკრანის გაზიარების ფუნქცია
ეფლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა FaceTime-ისა და ეკრანის გაზიარების ახალ ფუნქციებზე. არსებითად, კომპანია ცდილობს, საკუთარი ვირტუალური სოციალური ეკოსისტემა შექმნას და სულ უფრო მეტად ემზადება Zoom-ის მსგავსი სერვისის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, მისი მოხმარების საშუალება Android-ისა და Windows-ის მომხმარებლებსაც შეეძლებათ.
ახალი ძირითადი მახასიათებლები კი ასე გამოიყურება:
- Spatial Audio (ზარში ჩართული ადამიანების ხმას გავიგებთ იმ მხრიდან, სადაც ზარის დროს იმყოფებიან).
- ხმის ჩამხშობი ფუნქცია
- Grid view – ზარში მონაწილე ადამიანები ბადისებრი წყობით გამოჩნდებიან.
- პორტრეტის რეჟიმი
რაც შეეხება SharePlay-ის, ეს არის ეკრანი გაზიარების და აპლიკაციების სინქრონიზაციის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ამა თუ იმ კონტენტის გაზიარების საშუალებას აძლევს.
Notification Summary
iOS 15 განახლება შეტყობინებების ვიზუალურ მხარესაც ეხება, რომელსაც რამდენიმე ახალი ფუნქციაც ემატება:
- იზრდება შეტყობინებების ზომა.
- შეტყობინებებს ემატება Notification Summary, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებს შეაგროვებს და მომხმარებლებს შეჯამებული სახით აჩვენებს.
- ფუნქცია Focus ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტომატურად მიხვდება როგორ გარემოში იმყოფებით და რა ტიპის შეტყობინებების მიღება გსურთ.
Safari-ს ახალი მომხმარებლის ინტერფეისი (UI)
როგორც ჩანს, iOS 15 მნიშვნელოვან UI ცვლილებებს მოიცავს, როგორიცაა რაიმე კონტენტის სრულ ეკრანზე დათვალიერების გამოცდილება – რაიმე მოქმედების შესრულების სურვილის შემთხვევაში სანავიგაციო ზოლი ეკრანის შეხების შემდეგ გამოჩნდება.
გაფართოებული საფულე
ახალი გაფართოებული საფულე მნიშვნელოვნად გასცდება Apple Pay-ის თუ სატრანსპორტო ბარათის გამოყენებას. კომპანია ითანამშრომლებს სახელმწიფოებთან და პროვაიდერებთან, რათა შესაძლებელი გახდეს ისეთი მექანიზმების ინტეგრირება, როგორიცაა სასტუმროს ნომრის გასაღები ან თქვენი პირადობის მოწმობაც კი.
AirPod-ის განახლება
Apple-ის ხმაურის დამხშობი ყურსასმენები უახლოეს მომავალში პროგრამული განახლებების საშუალებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებსაც დაბალი ხმის გაგება უჭირთ, “საუბრის გაზრდის” რეჟიმის გამოყენება შეეძლებათ. ასევე, ყურსასმენები მხარს დაუჭერს Dolby Atmos-ს.
უფრო მოქნილი iPad
შემდეგი განახლებით iPadOS-ის მთავარი ეკრანი უფრო მორგებადი გახდება და მომხმარებლებს ვიჯეტების უფრო კომფორტულად განთავსების საშუალებას მისცემს. თანაც, ამ გზით უფრო ადვილი და კომფორტული გახდება რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება.
WatchOS 8
Apple Watch მედიტაციურ ატმოსფეროს ნერგავს და ცდილობს, მომხარებლები რთული მენტალური მდგომარეობიდან გამოიყვანოს. მისი ახალი აპლიკაცია Breathe ისეთ რჩევებს მოგცემთ, როგორიცაა მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რაც გაქვთ ან საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, თუ რა გიყვართ ყველაზე მეტად. სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს Fitness+ სერვისი, რომელიც სტერის შესამცირებელ ვარჯიშებს მოიცავს.
დაბოლოს, საათში ფოტოს აპლიკაციაც იცვლება – ახლა შეგეძლებათ, გადახედოთ თქვენს მოგონებებს, გამორჩეულ მოვლენებს და ისინი თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ.
macOS-ის ახალი ვერსია
კომპანიის განცხადებით, განახლებების მიღების შემდეგ Mac-სა და iPad-ზე კლავიატურისა და მაუსის სინქრონულად გამოყენებას შევძლებთ. ასევე, MacBook-ის ან iMac-ის ეკრანიდან მაუსის კურსორის პირდაპირ iPad-ზე გადატანა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ერთმანეთის გვერდით მოთავსების შემთხვევაში, სამი მოწყობილობა დაუკავშირდება ერთმანეთს.
კონფიდენციალურობის გაუმჯობესება
კომპანიამ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ახალ მახასიათებელზე ისაუბრა – მათ შორისაა, ელ.ფოსტაში პიქსელების თვალთვალის დაბლოკვის შესაძლებლობა, რომელსაც თქვენი ელ.ფოსტის აქტივობის გამოვლენა შეუძლია. ასევე, IP მისამართის დამალვა და იმის გაგების საშუალება, თუ რამდენად ხშირად იყენებს სმარტფონში ჩაწერილი აპლიკაციები თქვენს მდებარეობას, კონტაქტებს, კამერასა და მიკროფონს.
HomeKit-სა და tvOS 15-ის განახლებები
HomeKit-ის ყველაზე მნიშვნელოვან განახლებას ის წარმოადგენს, რომ ამიერიდან Siri-ს სისტემის ტექნიკის სხვა მწარმოებლების მოწყობილობებთან ინტეგრაცია შეგეძლებათ, როგორიცაა ჭკვიანი დინამიკი, სახლის ჭკვიანი საკეტები და კამერები.
SharePlay ფუნქციის მეშვეობით კი შეძლებთ, ვიდეოს ერთდროულად უყუროთ ტელეფონებზე, ტაბლეტებზე, კომპიუტერებსა და Apple TV-ზე.