in

ყველაფერი 500Georgia-ს შესახებ — რას აძლევს ის ქართულ სტარტაპებს?

დღეისათვის სტარტაპ ეკოსისტემა საკმაოდ მრავალფეროვანი სფეროა. სტარტაპერების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ინოვაციური იდეების საფუძველზე კი ბევრი ახალი, განსხვავებული კომპანიები თუ ბრენდები იქმნება. რა თქმა უნდა, ბაზარზე ამ მზარდი რაოდენობის ფონზე, სტარტაპერებს გარკვეული ხელისშემწყობი ფაქტორებიც სჭირდებათ — იქნება ეს საინტერესო კავშირები თუ სათანადო დაფინანსება.

ამ საჭიროების არსებობა აქსელერატორთა გააქტიურებასც იწვევს. სწორედ მათი დახმარების მეშვეობით ახერხებს ბევრი სტარტაპი როგორც საქმის დაწყებას, ისე უკვე არსებული პროდუქტის განვითარება/დახვეწას. ერთ-ერთი ასეთია 500 Global, სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე დაარსებული მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი, რომელიც სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებში ახორციელებს ინვესტიციებს.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული კომპანია იმ ბაზრებზეა კონცენტრირებული, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციას და კაპიტალს გრძელვადიანი ღირებულების გახსნა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება შეუძლია. იგი რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება და მის მთავარ მიზანს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება წარმოადგენს.

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 500Georgia ჩვენთან ორი წლის წინ, 2020-ში გამოჩნდა. ეს კი ქართული სტარტაპებისთვის დადებითი სიახლე აღმოჩნდა — არაერთმა მათგანმა მიაღწია წარმატებას. მათ შორის არიან Cardeal, Payze, Agrolabs და Cargon, რომლებიც „სილიკონ ველიზე” გაემგზავრნენ ახალი გამოცდილების მისაღებად. თავის მხრივ, ამ მაგალითების ფონზე, ყოველწლიური აქსელერაციის პროგამა ერთგვარი სტიმული და მოტივაცია იქნება ახალ-ახალი სტარტაპებისთვის, რათა რაღაც გამორჩეული და განსაკუთრებული შექმნან.

რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა განაცხადის გაკეთებისას?

იმისათვის, რომ 500Georgia-სგან სასურველი შედეგი მიიღოთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორია აქსელერატორის ხედვა. უპირველეს ყოვლისა, ის დიდ ყურადღებას ამახვილებს სტარტაპის გუნდზე — რამდენად პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება ის. გარდა ამისა, ძირითადი ფოკუსი იმაზე კეთდება, თუ როგორ შეუძლია სტარტაპს კონკრეტული სეგმენტისთვის გარკვეული პრობლემების გადაჭრა. დიდი კომპანიების მარკეტინგის ერთ-ერთი დიდი ნაწილი ხომ სწორედ ის არის, თუ როგორ უგვარებს ის თავის მომხმარებლებს კონკრეტულ პრობლემებს — ხშირად ადამიანებს არა რაღაც ახლის შეთავაზება, არამედ არსებული საკითხების გადაჭრა სჭირდებათ.

ამასთან, აქსელერატორისთვის განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე მიდგომები და ნოვატორული იდეები — ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი სერვისების, ფინანსური მენეჯმენტის, განათლების ან ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით. დღევანდელ რეალობაში თითოეული ეს მიმართულება ფართო ასპარეზს იძლევა იმისათვის, რომ სტარტაპებმა რაღაც კრეატიული პროდუქტი შექმნან.

500Georgia ყოველწლიურად 2-ჯერ ტარდება, რაც ინოვაციური სტარტაპებისთვის იდეალური შანსია დაფინანსების მოპოვებისა და პროდუქტის განვითარებისთვის. ცხადია, ორივე ეტაპისთვის დამოუკიდებელი რეგისტრაციის პროცესი იქნება, საუკეთესო კანდიდატებს კი 500 Global-ის გუნდი დაუკავშირდება, გარკვეული კრიტერიუმებით შეფასების შემდეგ. ამას კი ინტერვიუ მოჰყვება, სადაც shortlisted კანდიდატებს მიიწვევენ.

გაითვალისწინეთ, რომ 500 Global იმ სტარტაპებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც უკვე რაღაც დონემდე აქვთ პროდუქტი მიყვანილი და თუნდაც მცირე მასშტაბზე ფუნქციონირებს. ეს აქსელერატორს უფრო დიდი სურათის დანახვაში ეხმარება — რამდენად პერსპექტიულია კონკრეტული იდეა.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სტარტაპების ეკოსისტემაში აქსელერატორების როლი უდიდესია. ისინი სტარტაპებს პროდუქტის განვითარებასა და ბიზნესმოდელის დახვეწაში, ასევე ინვესტორების მოძიებაში ეხმარებიან. 500 Global კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მენტორებითაა დაკომპლექტებული — მათთან ყოველდღიური კომუნიკაციით და მუშაობით, სტარტაპები დიდ ნაბიჯებს დგამენ განვითარებისა და დიდ კომპანიად ჩამოყალიბებისკენ.

მთლიანობაში, 500Georgia იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შეუერთდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს აქსელერატორს, გამოიყენოთ მისი მენტორშიფი და საკონტაქტო შესაძლებლობები საკუთარი კომპანიის სწრაფი ზრდისათვის.

რა ეტაპებს მოიცავს 500Georgia-ს პროგრამა?

ზრდის საფუძვლები

ორკვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა განვითარებაზე, მარკეტინგისა და ბიზნესის სხვა საფუძვლების ზრდაზე, ყოველდღიური ლექციებით და სამუშაო საათებით. პროგრამის ეს ნაწილი თბილისში გაიმართება.

3-10 კვირა — ზრდის პერიოდი

ეს არის 8-კვირიანი დისტანციური პერიოდი სტარტაპებისთვის, რათა ექსპერიმენტი ჩაატარონ ზრდის მეტრიკებზე, რომლებიც სახსრების მოზიდვისა და მასშტაბირებისთვისაა საჭირო. ამ ფაზის განმავლობაში სტარტაპები თავიანთ დანიშნულ მენტორებს ყოველკვირეულად უკავშირდებიან, ისევე, როგორც 500 Global-ის სხვა მენტორებს.

11-12 კვირა — ფონდების მოზიდვა

ორი კვირა დაეთმობა ფონდების მოზიდვის სტრატეგიას და სხვადასხვა გარემოში პრეზენტაციისთვის მომზადებას — მათ შორის, დემო დღისთვის. ეს თბილისში ჩატარებული ყოველდღიური ლექციებისა და პერსონალური კვლევების საშუალებებით განხორციელდება.

მე-13 კვირა — დემო დღე

პროგრამა თბილისში ორგანიზებული დემო დღით დასრულდება. ღონისძიება სტარტაპებს ინვესტორებთან და პარტნიორებთან დააკავშირებს, რათა მათ დაფინანსებას და ბიზნესის განვითარებას დაუჭირონ მხარი.

საბოლოო ეტაპი

თითოეული ჯგუფიდან 1-2 საუკეთესო კომპანია შეირჩევა, რათა 2 კვირა უცხოურ სტარტაპ ეკოსისტემაში გაატარონ, რომელიც გლობალური აზროვნების გაძლიერებას და საზღვრისპირა გაფართოებისთვის მომზადებას ემსახურება.

თუკი უკვე დაინტერესდით აღნიშნული პროგრამით და მასში მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობთ, შეგიძლიათ, 29 აგვისტოს ონლაინ შეხვედრაზე ჩაერთოთ.


აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეგიძლიათ. 500 Global საქართველოზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.

რაჭაში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება

LG-ის ჭკვიან მაგიდებს ჰაერის დატენიანება და მობილურის დამუხტვა შეეძლება