in

წიგნები, რომლებმაც ყველაზე დიდი მოგება და აღიარება მოუტანა ავტორს

წიგნებს არც ყდის მიხედვით ვაფასებთ და არც კონკრეტული ავტორის — არც ერთს აქვს მნიშვნელობა, რადგან მთავარი მისი რეალური ლიტერატურული ღირებულებაა. ეს უკანასკნელი კი ხშირად ფინანსურ ღირებულებაშიც ითარგმნება, რასაც ავტორებისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს… ასე იქცევა ერთი კალმითა და ფურცლით დაწერილი წიგნები პოპულარობის საწყისად თუ მწერლებისთვის დიდი აღიარების მომტანად.

დღეს სწორედ იმ წიგნებზე გიამბობთ, რომლებმაც ყველაზე დიდი მოგება და აღიარება მოუტანა ავტორს.

„მარტოობის ასი წელიწადი“ — გაბრიელ გარსია მარკესი

„„მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება. ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!

მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა – ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ – ეს მთელი სამყაროს ისტორიაა“,ლევან ბერძენიშვილი.

შესაძლოა, ბევრისთვის გაუგებარი იყოს, რატომ შეიძლებოდა გაბრიელ გარსია მარკესის ეს გენიალური რომანი ოდესმე აკრძალულიყო. „მარტოობის ას წელიწადს“ კი წლების განმავლობაში ასაჩივრებდნენ და კრძალავდნენ უხამსი ენის, წიგნში აღწერილი ძალადობისა და მკრეხელობის, დაუფარავი სექსუალური სცენებისა და ემოციურად ამაღელვებელი თემების გამო, როგორიცაა ომი, სიკვდილი, ინცესტი, ოკულტიზმში თანამონაწილეობა, უპატივცემულოდ მოხსენიებული რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლება. 1986 წელს რომანი შეეწირა ვასკოში, კალიფორნიის უმაღლესი სკოლების გაერთიანების წიგნების სიის წმენდას, რადგან ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოები მიიჩნიეს „ნაგვად, რომელიც ლიტერატურად საღდებოდა“. მიუხედავად მსგავსი შემზღუდავი ქმედებებისა, ნაწარმოებმა ავტორს უდიდესი აღიარება და დიდი შემოსავალი მოუტანა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად სახელდება.

„და აღარავინ დარჩა“ — აგათა კრისტი

აგათა კრისტის ეს მისტიკური რომანი ავტორის ყველაზე რთულ ნამუშევრადაა აღიარებული, რასაც ყველაზე გაყიდვადის ტიტულიც ემატება — დღემდე მსოფლიოში 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. ნაწარმოები განმარტოებულ კუნძულზე ჩასულ ათ ადამიანზე გვიამბობს, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მასპინძლები კი არსად ჩანან. ამ მოქმედი გმირების პარალელურად, საკვანძო როლს ასრულებენ ინდიელი ფიგურები და მათი რაოდენობაც სტუმრებისას უტოლდება. მთელი მისტიკური კავშირი იმაში მდგომარეობს, რომ სტუმრები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან და ფიგურებიც შესაბამისად ქრება…

აქვე აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების მთავარ ელემენტს ერთი საბავშვო ლექსი წარმოადგენს, სახელწოდებაც ლექსის ბოლო სიტყვების შესაბამისად შეირჩა: „და აღარავინ დარჩა“…

„ათი ინდიელი ბიჭი გაემართა სავახშმოდ, ცხრანი დარჩნენ, ერთი ლუკმამ დაახრჩო.
იმ ცხრა ინდიელმა ბიჭმა ძილი გააბა, ერთმა ვერ გაიღვიძა და დარჩა რვა.
რვა ინდიელი ბიჭი დევონს გაემგზავრა მშვიდად, ერთმა თქვა, აქ დავრჩებიო და დარჩა შვიდი.
შვიდი ინდიელი ბიჭი ერთად ჩეხდა მორებს, ექვსი დარჩა, ერთმა თავი გაიჩეხა ორად.
ექვსმა ინდიელმა ბიჭმა საფუტკრეში ითამაშა, ერთი ბაზმა დანესტრა და მხოლოდ ხუთი დარჩა.
ხუთმა ინდიელმა ბიჭმა სასამართლო გამართა, ერთი გაასამართლეს და ოთხი დარჩა ამათგან.
ოთხმა ინდიელმა ბიჭმა ზღვაში შეცურა, ერთი წითელმა ქაშაყმა ჩაყლაპა, სამი დარჩა.
სამმა ინდიელმა ბიჭმა სამხეცე არ დატოვა, ორი დარჩა, ერთი დათვმა დატოვა.
ორი ინდიელი ბიჭი მზისგულს მიეფიცხა, ერთი დარჩა, ერთი მზეზე აშიშხინდა ფიცხლად.
ერთმა ინდიელმა ბიჭმა ბევრი იდარდა, თავი ჩამოიხრჩო და აღარავინ დარჩა“.

თაგვებსა და ადამიანებზე — ჯონ სტაინბეკი

„თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია, რომელიც 1962 წლის ნობელიანტმა, ჯონ სტაინბეკმა დაწერა. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე.

წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში.

„თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის — ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. მართალია, პირველ წელს მხოლოდ 500 000 ეგზემპლარი გაიყიდა, მაგრამ მწერლისთვის წარმატებისა და აღიარების საწყის ეტაპად იქცა…

„მრისხანების მტევნები“ — ჯონ სტაინბეკი

უკვე 1939 წელს ჯონ სტაინბეკი იქცა წიგნის ავტორად, რომლის გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობაც 15 მილიონს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ რომანი გამოსვლისთანავე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, მალევე ბესტსელერად იქცა; 1940-ში ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო, იმავე წელს კი პულიცერის პრემია დაიმსახურა. 1962 წელს, როდესაც ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიანიჭეს, კომიტეტმა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად „მრისხანების მტევნები“ დაასახელა.

რომანში მოვლენები „დიდი დეპრესიის“ ფონზე ვითარდება. მცდარი ეკონომიკური გათვლის, უმძიმესი კლიმატური პირობებისა თუ სხვა მიზეზთა გამო მილიონობით ამერიკელი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საკუთარი მიწებიდან აყრილი, ღირსებაშელახული ხალხი სარჩო-საბადებლის საძიებლად სამხრეთ-დასავლეთიდან „აღთქმული მიწისკენ“ — კალიფორნიისკენ დაიძრა. ჯოუდების მრავალრიცხოვანი ოჯახი ერთ-ერთი მათგანია.

მერვე სიცოცხლე (ბრილკას) — ნინო ხარატიშვილი

საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება…

გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას — უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.

„წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რევოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“, — ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.

„ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“, — ფოლკერ ვაიდერმანი.

წიგნის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა მის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ.

„ორი ქალაქის ამბავი“ — ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსის აღნიშნული რომანი ნამდვილი რეკორდსმენია გაყიდვებისა და ავტორისთვის აღიარების მოტანის კუთხით — დღეისათვის 200 მილიონი ეგზემპლიარია გაყიდული. სიუჟეტი მე-18 საუკუნის ბოლოს, საფრანგეთის რევოლუციის ფონზე ვითარდება, უბრალოდ, ფაქტობრივი სიზუსტის ნაცვლად, უფრო მეტად დრამატულ მხარეზე ფოკუსირდება ავტორი. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მთელ სიუჟეტს პოლიტიკური მოვლენები განაპირობებს, დიკენსი აშკარად ანტიპოლიტიკურ ტონს იყენებს და აკრიტიკებს როგორც არისტოკრატიულ ტირანიას, ისე რევოლუციურ ექსცესებს.

ალბათ, რომანი ყველაზე ცნობილია მისი პირველი სტრიქონით: „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“, რომელშიც ორაზროვანი შეხედულებით იკვეთება ყველაზე გაუგებარი, აღმაფრთოვანებელი და, ამავდროულად, შემზარავი რეალობა…

„ცხოველების კარ-მიდამო“ — ჯორჯ ორუელი

„თუკი თავისუფლების ცნება საერთოდ რაიმეს ნიშნავს, ეს, პირველყოვლისა, იმის უფლებაა, ადამიანს მისთვის არასასურველი სიმართლე პირში უთხრა“, — წერს ორუელი 1945 წელს, „ცხოველების კარ-მიდამოს“ წინასიტყვაობაში. ამ სიტყვებით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი ამ წიგნის დაწერის მიზანსა და მის დანიშნულებაზე.

წიგნი, რომელშიც ალეგორიულად, თუმცა ძალიან მკაფიოდაა აღწერილი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

თუმცა წიგნის გამოცემას ორუელის სამშობლოში, საბჭოთა კავშირის იმდროინდელ მოკავშირე დიდ ბრიტანეთშიც საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა. სწორედ ამაზე წერს ორუელი წინასიტყვაობაში, რომელსაც „ბეჭდვის თავისუფლება“ ჰქვია. მასში მწერალი ბრიტანულ გამომცემლებს, და ზოგადად, ბრიტანელ ინტელექტუალებს საბჭოთა კავშირის მიმართ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებასა და სტალინის კრიტიკის მიუღებლობაში ამხელს. უბრალოდ, ეს წინასიტყვაობა თავად გახდა მასში გაკრიტიკებული ცენზურის მსხვერპლი და 1945 წლის აგვისტოში, ბრიტანეთში, „ცხოველების კარ-მიდამო“ მის გარეშე დაიბეჭდა. ორუელის გარდაცვალების შემდეგ, 1972 წელს, ის მწერლის არქივში აღმოაჩინეს, თუმცა, პირველად წიგნში ის მხოლოდ 1993 წელს, ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შეიტანა.

დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით ნაწარმოების 20 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

„ჩერნობილის ლოცვა“ — სვეტლანა ალექსიევიჩი

2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმოებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას.

რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.

„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, — ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

შესაძლოა, ესპრესო ალცჰაიმერის რისკს ამცირებდეს — კვლევა

როგორ გავასუფთაოთ ბრაუზერების ანდროიდ ვერსიები ქუქი-ფაილებისგან?