ასტრონომებმა ყველაზე პატარა და ამავდროულად ყველაზე მასიური თეთრი ჯუჯა აღმოაჩინეს – პატარა ვარსკვლავი მხოლოდ ჩვენი მთვარის ზომისაა, მაგრამ უფრო მეტი მასა აქვს, ვიდრე მზეს. ეს კი იმას ნიშნავს, თეთრი ჯუჯა ძალიან ახლოს არის 1.44 მზის მასის თეორიულ ზღვართან და შესაძლოა, აფეთქდეს კიდეც.
როდესაც გარკვეული მასის ვარსკვლავები არსებობის დასასრულს მიაღწევენ, წითელ გიგანტად იქცევიან და გარე ფენები სცილდებათ, რჩება მხოლოდ მკვრივი ბირთვი. რადგანაც მათ ცენტრში შერწყმა აღარ ხდება, ეს ვარსკვლავური ნარჩენები ვეღარ უძლებს სიმძიმის გამანადგურებელ ზეწოლას და თეთრ ჯუჯებად იშლება. შედეგად მიღებული ობიექტები სხვა ვარსკვლავებზე ბევრად მცირე, მაგრამ მასიურია.
ახლად აღმოჩენილი თეთრი ჯუჯა ორივე თვალსაზრისით რეკორდს ამყარებს – ზომა მხოლოდ 4300 კმ-ია და მისი მოცულობა მზის მასაზე 1.35-ჯერ მეტია. შედარებისთვის, თეთრ ჯუჯათა უმეტესობას 0.5-0.7 მზის მასა აქვს და დიამეტრი 12000 კმ-ს აღწევს.
ასტრონომები ამბობენ, რომ ეს მასიური თეთრი ჯუჯა, სავარაუდოდ, ორი პატარას შერწყმის შედეგად დაიბადა. ამაზე განსაკუთრებით ძლიერი მაგნიტური ველიც მეტყველებს – ის თითქმის მილიარდჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მზის და ამასთან, აღნიშნულ თეთრ ჯუჯას მხოლოდ 7 წუთი სჭირდება ერთი სრული ბრუნვის გასაკეთებლად.
“ეს ძალზე სპეკულაციურია, თუმცა შესაძლებელია, რომ თეთრი ჯუჯა საკმარისად მასიური იყოს და ნეიტრონულ ვარსკვლავებად დაიშალოს” – ამბობენ მეცნიერები. და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, გამოდის, ნეიტრონული ვარსკვლავები ამ გზით შედარებით რეგულარულად წარმოიქმნება. ამასთან დაკავშირებული შემდგომი კვლევები მეტ კითხვაზე მოგვცემს პასუხს.