5
დეკ
2017

„შეუძლებელია, დიზაინერის პროფესიას ეგოისტურად მიუდგე“

5 დეკ 2017

„მგონია, რომ მარცხი ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას,  ყოველ დღე მარცხდები, სანამ საბოლოოდ არ გამოგივა, რაც ჩაიფიქრე. ეს პროცესი მუდმივად მეორდება დიზაინერის პროფესიაში.“, – ამბობს წარმოშობით შვეიცარიელი დიზაინერი, ანტრეპრენუარი და ინსტრუქტორი ივ ბეჰარი The Talks-თან ინტერვიუში.

 

დღეს ის სან-ფრანცისკოში მოღვაწეობს. ქმნის სამრეწველო პროდუქტებისა და ტექნიკის დიზაინს. არის კომპანია  Fuseproject-ის დამფუძნებელი.

ივ ბეჰარი

ივ ბეჰარი: ჩანაფიქრს, რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვერ ახორციელებ, წლების შემდეგ, აუცილებლად უბრუნდები. როგორც წესი, ის იდეები სხვადასხვა პროექტში ინტეგრირდება.ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, განმსაზღვრელი დროის სწორად შერჩევაა.

ანუ უფრო მნიშვნელოვანია კარგი იდეის სწორად განხორციელება და არა მაინცდამაინც ინოვაციაზე „ჩაციკლვა“ ?! 

მართალია, წარმატებისთვის საჭიროა დროული პროექტების შექმნა. ანუ სწორად შერჩეულ დროს საჭირო იდეის განხორციელება. ბევრი პროექტია ისეთი, რომლის იდეაზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ აბსოლუტურად სწორადაა დამუშავებული, მაგრამ ძალიან დიდი ხანი სჭირდება, რომ თანამედროვეებმა აღიარონ. მაგალითად, ჩვენ შევქმენით „ჭკვიანი“, აბსოლუტურად უსაფრთხო საწოლი, რომელშიც მშობლებს შეუძლიათ თამამად დააძინონ შვილები. მაგრამ ამ პროექტის განვითარებისთვის 5 წელი დაგვჭირდა.

რატომ ?  

მშობლების ფსიქოლოგიის შესასწავლად რამდნიმე წელი დაგვჭირდა. გარდა ამისა, ტექნოლოგიურად ისე უნდა დაგვემუშავებინა, რომ საწოლი ბავშვების ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ყოფილიყო.წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი, უბრალოდ, „ჩავარდებოდა“. ჩემი აზრით, როდესაც უცხო თემას ეხები და ახალ კატეგორიაში იწყებ მუშაობას, ბევრი რამ სწორედ შენზე, დიზაინერზეა დამოკიდებული. საკუთარი კომპანიის გარდა, პასუხისმგებლობა გაქვს ბაზრისა და პროდუქტის წინაშე. როდესაც ახალ პროდუქტს უშვებ და პირველივე უვარგისია . . . .

წარუმატებლობა ამ კატეგორიის ყველა პროდუქტზე მოახდენს გავლენას . . . 

ზუსტად ასეა! ამის შემდეგ მთელს კატეგორიას გაუჭირდება წარმატების მოპოვება. 1990-იან წლებში, სან-ფრანცისკოში რომ ჩამოვედი, აქცენტი, ძირითადად, ტექნიკის დიზაინზე კეთდებოდა. ახლა კი ვხედავთ, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, როგორ განვითარდა დიზაინერული აზროვნება, ბიზნესი, მიდგომები და ინოვაციები. ჩემთვის, ევროპელი ადამიანისთვის, სან-ფრანცისკოში გადმოსვლა აზროვნების ტრანსფორმაციას ნიშნავდა. მაშინ მომწონდა ახალ იდეებზე და ცვლილებებზე ლაპარაკი, მომწონდა იმაზე საუბარი, რა სწრაფად ცვლის დიზაინი კონკრეტულ იდეებს. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, დიზაინერის პროფესიას ეგოისტურად მიუდგე. ფუნდამენტალურად, ის ძალიან „გულუხვი“ პროფესიაა.

მართლაც ასეა. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო პროდუქციას ქმნით . . .

აუცილებლად უნდა ვიფიქროთ თანამედროვე ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე. უნდა გვესმოდეს მომხმარებელთა მოთხოვნები და შეგვეძლოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მაგალითად, მე მაინტერესებს სახლის ტექნოლოგიები, მაგრამ ამ თემაზე ვერ ვიფიქრებ ეკრანს მიღმა, წარმოუდგენელია, არ გავითვალისწინო ტექნიკასთან ადამიანების თითოეული შეხება, მათი სოციალური მდგომარეობა. ბავშვიც და ზრდასრული ადამიანიც ეკრანისკენ ისე მიიწევს, როგორც ჩრჩილი სინათლისკენ. სწორედ ამიტომ, ტელევიზორის ეკრანის დიზაინზე მუშაობისას ყველა პოტენციური მომხმარებლის საჭიროება და ინტერესი უნდა გავითვალისწინო.

რამდენიმე წლის წინ თქვით, რომ ტექნოლოგიები, ერთგვარად, ადამიანების „ბექგრაუნდის“ ფუნქციას უნდა ასრულებდეს . . .

დღესაც ასე ვფიქრობ. ტექნოლოგიები შეუმჩნეველი უნდა იყოს. მისგან მხოლოდ ის უნდა მივიღოთ, რაც გვჭირდება, ზედმეტად არ უნდა შემოიჭრას ჩვენს ცხოვრებაში და არ უნდა მიიპყროს ზომაზე მეტი ყურადღება. უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, სწორად როგორ ინტეგრირდეს ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი „ჭკვიანი“ საკეტია. რა იყო ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი – მივდივარ კართან, რომელიც, მიახლოებისთანავე, თავისით იღება. ეს ნიშნავს, რომ აღარ მჭირდება ტელეფონის მოძებნა, მასზე „ბლოკის“ მოხსნა, შესაბამისი აპლიკაციის გახსნა და მისი საშუალებით კარის გაღება. ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და არც დამატებით ტექნოლოგიებს ვიყენებ.

თქვენი პროფესიის ფუნქცი არის  . . .

ჩემთვის დიზაინი არის ერთგვარი ჩართულობა, რომლის საშუალებითაც გარემო უკეთესობისკენ იცვლება. მაგალითად, ავიღოთ ტელევიზორი და მისი უარყოფითი მხარეები – უმეტესობა შავი ფერისაა, ოთახში ისეთი სივრცე უკავია, რომელსაც სიამოვნებით გამოვიყენებდით სხვა დანიშნულებით და რაც მთავარია, ჩართული, ხშირად, შემაწუხებელია. გამოსავალი ერთია – ტელევიზორი ისეთ „ჭკვიან“ ობიექტად უნდა ვაქციოთ, რომ რაც შეიძლება უკეთ ადაპტირდეს ჩვენს სახლში.

თან, ასე სახლში უფრო მეტი არტი იქნება . . . 

დიახ და მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. რაც უფრო ცოტა ეკრანია გარშემო და ნაკლებად იპყრობს ტექნოლოგიები ჩვენს ყურადღებას, მით მეტად ვტკბებით რეალური მომენტებით და ცხოვრებით. ვფიქრობ, რომ მომავალი ძალიან ადამიანურია: ჩვენი ცხოვრების ტექსტურა და დამოკიდებულებები არის ის, რაც წინა პლანზე უნდა იყოს. ეს ერთ-ერთია იმ პრინციპული საკითხებიდან, რაც დიზაინერებმა, უახლოეს მომავალში უნდა გადავწყვიტოთ.



განხილვა