in

ზაალ სულაკაური – ბავშვებში უზომოდ პოპულარული, უბრალო ადამიანი

ბავშვებში უზომოდ პოპულარული, უბრალო ადამიანი და დიდი შრომის შედეგად მიღწეული წარმატებები… მარკეტერის სტუმარია ზაალ სულაკაური…

მოგვიყევით თქვენს შესახებ 

2zaliko– დავიბადე 1970 წლის 23 ივლისს. მყავს მშობლები, ორი ძმა და ერთი და. აღსანიშნავია, რომ ძმებიდან ერთ-ერთი ჩემი ტყუპისცალია. მყავს მეუღლე, 17 წლის ვაჟიშვილი და 9 წლის ქალიშვილი.

სამხატვრო აკადემია არ დაგიმთავრებიათ. რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?

-1986 წელს ვაბარებდი ნიკოლაძეში, ვიყავი საკუთარი თავის იმედად. მაშინ არც ისე მარტივი იყო გესწავლა იქ, სადაც გსურდა თან ისე, რომ არ გყოლოდა პატრონი. შესაბამისად მე სამხატვრო აკადემიაში ვერ ჩავირიცხე და დამიწერეს დაბალი ნიშანი.

საბოლოოდ მოვხვდი თოიძეში და ეს სასწავლებელი დავამთავრე, სწორედ თოიძეში სწავლის დროს მივხვდი, რომ მხატვარ ადამიანს არ ესაჭიროება პროფესიული განათლების მიღება. თუ გსურს გამოხვიდე მხატვარი მთავარია შრომა და ნაშრომების შექმნა.

მულტიპლიკაცია, ეს სფერო თქვენ პირველ სამუშაო გამოცდილებასაც უკავშირდება, მოგვიყევით ამის შესახებ.

ძალიან მიტაცებდა მულტიპლიკაცია და სწორედ ამიტომ ვცადე ამ სფეროში ბედი, ეს იყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდი. ჩემი საქმიანობის წამოწყებას დაემთხვა საბჭოთა კავშირის დანგრევა. კინო სტუდია განადგურების პირას მივიდა. ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობდნენ ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. მულტიპლიკაციის მამებთან ერთად მე, კაბუ, დუტა და სხვა დამწყებები ერთ ოთახში ვატარებდით მთელ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემი ნაშრომი დაკონსევრდა ერთი ექსპერიმენტის ჩატარება მაინც მოვახერხე. ყველაზე საუკეთესო შედეგი შალვა რამიშვილის პროდიუსერობითა და რეჟისორობით გაკეთებულმა მულტიპლიკაციურმა ნაწარმმა მიიღო, რომელიც საათნახევრიანი ქრონომეტრაჟით დატრიალდა კინო-თეატრებში. ასე თუ ისე მე ჩემი სათქმელი ვთქვი, გამიმართლა.

პროდიუსერები თუ ინტერესდებიან საქართველოში მულტიპლიკაციით და არის თუ არა ეს სფერო განვითარებული?

– დღეს, ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში პროფესიონალთა რიცხვი ძალიან დაბალია. ეს ადამიანები ცდილობენ საკუთარი სახელის დატოვებას. შეგახსენებთ საქართველო იყო მერვე ქვეყანა მსოფლიოში, რომელშიც დაიბადა მულტიპლიკაცია. ამ პატარა ქვეყანაში 250-ზე მეტი ძალიან კარგი მულტფილმია გადაღებული და სამწუხაროდ უმეტესი მათგანი დღეს რუსეთის ფილმების საცავშია განთავსებული, რადგან მათი გადაღება საბჭოთა პერიოდში ხორციელდებოდა.

მოგვიანებით იყო “დარდუბალა”, ამ მულტფილმა ერთად შეკრიბა ის ადამიანები, რომელსაც მულტიპლიკაციაში რაღაც ეთქმოდა. დიდებისთვის განკუთვნილი იუმორიტული მულტფილმი დღემდე შემორჩა საზოგადოების მეხსიერებას. კომუნისტების პერიოდს თუ შევედრებით მივხვდებით, რომ იმ დროს ეს სფერო საკმაოდ სოლიდური თანხებით ფინანსდებოდა, დღეს კი ამ დაფინანსებას არავინ გასცემს, შესაბამისად ეს სფერო დღეს არ ვითარდება.

800px-Dardubala_comb

ამ ეტაპზე პაუზა მაქვს აღებული, ვმუშაობ პატარ-პატარა პროექტებზე. ძირითადად ვაკეთებ მულტიპლიკაციურ კლიპებს. მიუხედავად შესვენებისა ეს არ არის ჩამი საბოლოო გადაწყვეტილება, მე ვოცნებობდი მემუშავა ამ სფეროში, რადგან ქართული თოჯინური მულტიპლიკაციის მამა იყო ბიძაჩემი – კარლო სულაკაური. მთელ მსოფლიოში მულტიპლიკაცია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადიანი სამუშაოა, მაგრამ საქართველოში ეს ასე არ ხდება.

მულტიპლიკაციის შემდეგი ეტაპი…

– როცა ცხოვრება ძალიან გაჭირდა და მულტიპლიკაცია უხეშად, რომ ვთქვათ “მოკვდა”, მივიღე გადაწყვეტილება ჩემი შესაძლებლობები ქუჩაში გამომეცადა. მეც სხვა მხატვრებთან ერთად გავედი რუსთაველზე და ადამიანების ხატვა დავიწყე, რითაც ადამიანებს ცხოვრებას ვუხალისებდი, მე კი ოჯახის რჩენის საშუალება მეძლეოდა. ერთი ნახატის საფასური მაშინ იყო ერთი ლარი, დღეს კი ჩემი ერთი კარიკატურის ფასი 50 ლარია.

ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია ბეჭვდითი მედიისთვის. თუმცა ამის მოთხოვნა ფაქტიურად არაა, არც ამის კულტურა არსებობს. დღეს გაზეთები კარიკატურისთვის სასაცილო თანხას იხდიან, ძირითადად ბეჭდვითი მედია საქართველოში კვირაში ერთხელ გამოდის თითო ნომერზე კი საშუალოდ 20 ლარს რიცხავენ, რაც ძალიან დაბალი თანხაა. საკმაოდ ნიჭიერი მხატვრები დღეს სრულიად სხვა საქმით არიან დაკავებულები.

თქვენ ხშირად ხატავდით პოლიტიკოსებს, გაიხსენეთ განაწყენებული პოლიტიკოსი.

– თითქმის ყველა პოლიტიკოსს პირადად ვიცნობ. დეპუტატებს ან მთავრობის წევრებს ძალიან უხარიათ, როცა მათ კარიკატურას ხატავ. არ მახსენდება უკმაყოფილო პოლიტიკოსი გარდა ერთისა, ეს იყო ასლან აბაშიძე, რომელმაც დაიწუნა თემა და არა ჩემი ნახატი. თუმცაღა, თემატიკა ყოველთვის მათგან გამომდინარე იქმნება, ანუ როგორც მოიქცევიან ისე დავხატავ.

ადრე ამბობდით, რომ მონოპოლისტი იყავით და საქართველოში არ იყო კონკურენცია, დღეს როგორ შეაფასებთ ბაზარს?

– დღეს საქართველოში 5-6 კარიკატურისტია. ბოლოს კემოსთან ერთად გავაკეთე გამოფენა-გაყიდვა. ეს იყო ”პრაიმტაიმის” მიერ განხორცილებული პროექტი, სადაც პოლიტიკოსები დავხატეთ და კვლავ პოლიტიკოსები ყიდულობდნენ კარიკატურებს. შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას ხმარდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის კონკურენცია. რეალურად ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ და ვცდილობთ ერთამენთს დავეხმაროთ. ერთმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი, რათა მოხდეს სფეროს განვითარება. მე ეს ადამიანები მაძლევენ სტიმულს, რათა შევძლო მეტის გაკეთება. ახლო მომავალში იგეგმება კავკასიის კარიკატურისტთა ასოციაციის ჩამოყალიბება, მიმდინარეობს ბაქოში ჩვენს კოლეგებთან მოლაპარაკებები. იგეგმება ფესტრივალებში ჩვენი აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოში ხელოვნება ნიშნავს თუ არა წარმატებას, ბიზნესის კეთებას? ხართ წარმატებული ბიზნესმენი?

– ამ პატარა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ დიდია კარგი მხატვრების რაოდენობა. იმისთვის, რომ აკეთო ბიზნესი მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა. მე უამავი საქმით ვარ დაკავებული, საბავშვო ცენტრი, სტუდია, შეკვეთები, მულტიპლიკაციური ნამუშევრები და ქველმოქმედება. ჩემი მთავარი წარმატება არაა ბიზნესი. მთავარია იმ ბავშვების სიყვარული, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა.

ზალიკოს-ცენტრი

როგორ და რატომ აქციეთ მხატვრობა ბიზნესად?

– მე ჩემი მხატვრობით ვშოულობ საზრდოს. ეს არ არის წარმატებული ბიზნესი და ამ თანხით მაღალ სოციალურ ფენას ან მაღალ შემოსავალს ვერ მოიპოვებ. თუმცა, ხანდახან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაში ღებულობ მონაწილებას და რა თანხას იხდიან. ეს არის პროფესია, რომელშიც მიხდიან მცირე თანხას. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ბიზნესი, როდესაც ხატავ და ნახატში გიხდიან თანხას.

ბავშვთა გასართობი ცენტრი და სამხატვრო სტუდია – ეს არის ბიზნესი?

– ერთხელ, როდესაც მინდოდა ჩემს შვილს ესწავლა ხატვა და ევლო მასწავლებელთან მივხვდი, რომ მე კი არ უნდა მეტარებინა ჩემი შვილი მასწავლებელთან არამედ პირიქით, ადამიანებს უნდა ეტარებინათ ბავშვები ვისწავლოთ-ზალიკოსთანჩემთან და ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გავხსენი სამხატვრო სტუდია. გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი, თავდაპირველად გვყავდა 10 მოსწავლე მათი რიცხვი კი მალე გაიზარდა. მოგვიანებით რუსთავი 2-ის ეთერში დაიწყო გადაცემა, სადაც ბავშვებს პირდაპირ ეთერში ვასწავლიდი ხატვას, ამ გადაცემამ განაპირობა სტუდიის პოპულარიზაცია.

ჩვენი სტუდია ბავშვებს უყალიბებს გემოვნებას, ასწავლის ხელოვნების სიყვარულს, ხელოვანი ადამიანების ნაშრომებს ვაცნობთ. ბავშვთა სამხატვრო სტუდიის გარდა გავხსენი ბავშვთა გასართობი ცენტრი, სადაც დღეში უამრავ პატარას ვულოცავთ დაბადების დღეს და დაუვიწყარ სანახაობას ვთავაზობთ მათ. ეს არის ბიზნესი და პატარებთან ურთიერთობა.

როგორია სამომავლო გეგმები და რა სიახლეებისთვის ემზადებით?

– ვერ დავასახელებ ტელეკომპანიას, რადგან თავადაც არ ვიცი მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს განახლებული ფოტმატით მსგავსი ტიპის გადაცემა გაკეთდეს. სურვილი მაქვს შეჩერების გარეშე უამრავი სიახლე შემოვიღო და ვაჩუქო ბავშვებს. თუმცა ხელოვანი ადამიანისთვის რთულია გეგმებზე წინასწარ საუბარი. ვეძებ ისეთ საქმეს, რომელიც ძალიან დიდ სათქმელს იტყვის.

როგორ ფიქრობთ, ვისი დამსახურებაა თქვენი წარმატებული კარიერა?

– რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ჩემი წარმატება, ეს არის დიდი და ძლიერი შრომა, ძალიან საინტერესოა თუ გადავხედავთ წარსულს, იმისთვის რომ საქმე გამომსვლოდა ვმუშაობდი და ვაკეთებდი ყველაფერს. ბავშვებში წარმატებული ვარ, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ რაც მათ უყვართ. მე ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული ბიზნესმენი ვარ. მე ვარ უბრალო ადამიანი, მიყვარს ის, ვინც ტრიალებს ჩემს ირგვლივ და სწორედ მათთვის ვშრომობ.

დავიცვათ ქართველი ბავშვები “მშობლებისაგან”!

რა არის „ოქროს არწივი“? – Exclusive