პარიზის გულში, სადაც სენა საუკუნეებია სტილის საიდუმლოებებზე ჩურჩულებს, არსებობს ბრენდი, რომელიც ქალაქის მარადიულ მიმზიდველობას ატარებს. ფუფუნების, ტრენდულობისა და მეამბოხე სულისკვეთების შერწყმით, Zadig&Voltaire თანამედროვე პარიზული მოდის სინონიმად უკვე იქცა და მალე მისი მონობრენდ მაღაზია თბილისის ცენტრსაც დაამშვენებს. თუმცა Zadig&Voltaire-ს თბილისი დიდი ხანია იცნობს მულტიბრენდული მაღაზია NEW TREND-იდან.
1997 წელს ტიერი ჟილიეს მიერ დაარსებული Zadig&Voltaire პოდიუმზე რებელიონის განცდითა და როკენროლის აქცენტებით გამოჩნდა. ბრენდის სახელმა ორი ლიტერატურული ხატი გააერთიანა, ვოლტერი და მისი ცნობილი პერსონაჟი ზადიგი, რომლებიც განასახიერებენ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და თავისუფალი სულისკვეთების სიმბოლოებს — ფილოსოფიას და აჯანყებას.
Zadig&Voltaire აღბეჭდავს ფრანგულ სტილს, აერთიანებს დახვეწილობას, ასახავს თავისუფლებისადმი ლტოლვის პარიზულ მუხტსა და ელფერს. ყოველი კოლექციის ფუნდამენტი ინდივიდუალიზმითა და თვითგამოხატულების მანიფესტითაა გაჯერებული, რაც ადასტურებს ბრენდის ერთგულებას ავთენტურობისა და კრეატიულობისადმი. ეს კომბინაცია კი ბობოქარი პარიზის ცენტრალური მახასიათებელია.
Zadig&Voltaire-ის ხელწერაა ფუფუნებისა და მინიმალიზმის კონტრასტული შეხამება, რითაც ბრენდი არ შორდება მის არსს — ფილოსოფიისა და თავგადასავლების კომბინაციას. უძვირფასესი ქაშმირის სვიტერები შერწყმულია დახეულ ჯინსებთან, ხოლო ელეგანტური პიჯაკები — გრაფიკული ელფერის მაისურებთან. ეს არის კლასიკური სიღრმისა და ურბანული ხიბლის თანხვედრა, რაც ქმნის დახვეწილი და თავისუფალი პერსონის სილუეტს.
Zadig&Voltaire-ის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ჩანთა, რომელიც ცნობილია უნიკალური დიზაინით და თამამი პრინტებით, საკინძებითა და დახვეწილი დეკორაციებით. მთავარი, რაც Zadig&Voltaire-ის ჩანთებს გამოარჩევს ტრადიციული ლუქს-ბრენდებისგან, არის ექსპრესიული საკულტო სიმბოლიკის შეხამება საბაზისო ფუნქციონალთან. სწორედ ამის გამო, როკენროლური აქსესუარი ძალიან ხშირია ფორმალურ და საქმიან გარემოშიც. ის მდიდარია როგორც ნიშან-თვისების, ისე პრაქტიკულობის ფუნქციითაც. ამიტომაც ირჩევს მას სულ უფრო მეტი სელებრითები. Zadig&Voltaire-ის ჩანთით ქალი, ერთდროულად, ინდივიდუალიზმს ასხივებს და ფორმალობას ინარჩუნებს; აღიარებს სოციუმს, მაგრამ მოქმედებს საკუთარი წესებით.
საკულტო როკერული ტყავის ქურთუკებით დაწყებული, ნაქსოვი სამოსით დამთავრებული, Zadig&Voltaire გვთავაზობს სხვა საკვანძო პროდუქტებსაც, რომლებიც განასახიერებს ბრენდის გამორჩეულ ესთეტიკას. როკ-ინსპირირებული გრაფიკული მაისურები და ტექსტური ექსპრესიით გაჯერებული სვიტრები მოდის მიმდევართა გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტია პირველივე კოლექციიდან. Zadig&Voltaire-ის მომხმარებლებისთვის ეს კონტრასტი თანამედროვე ელეგანტურობის გამოხატულებაა.
ბრენდის ხალისიანი ელფერი ჰოლივუდის A-ლისტერებით დაწყებული, ინდი მუსიკოსებით დამთავრებული, ყველასთვის ვირუსულად გადამდები აღმოჩნდა. Zadig&Voltaire-მა უმოკლეს დროში შეძლო წითელი ხალიჩეებისა და პლანეტის ცენტრალური ქუჩების დაპყრობა. მისი როკენროლური ატმოსფერო იზიდავს ისეთებს, ვინც დამოუკიდებელი წესრიგით ცხოვრობს და ამით აერთიანებს როგორც დახვეწილობას ისე ადამიანის მეამბოხე საწყისებს.
Zadig&Voltaire-ს საკულტო ელემენტები უცვლელადაა ინტეგრირებული ყველა კოლექციაში, თუმცა ყოველი სეზონი კიდევ ერთი ნაბიჯია ინდიდუალიზმისა და დახვეწილობის გზაზე. ქართველი მომხმარებელი Zadig&Voltaire-ს რამდენიმე წელია იცნობს მულტიბრენდული NEW TREND-იდან. როგორც მისი დამფუძნებელი, ნონა მაჭავარიანი ამბობს, Zadig&Voltaire თბილისის რჩეული ბრენდია. თავისუფლება, ინდივიდუალური სტილი, დახვეწილობა და ხარისხი — ესაა, რაც აერთიანებს ბრენდის საკულტო ტყავის ნაწარმს, აქსესუარებს, ჩანთებს, ნაქსოვ პროდუქციასა და მინიმალისტურ თუ ექსპრესიულ მაისურებს. NEW TREND-ში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის 46-ში ფუნქციონირებს 25 წელზე მეტია, Zadig&Voltaire-ს დამოუკიდებელი სივრცე აქვს გამოყოფილი. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი გააკეთოს უახლესი კოლექციებიდან და ე. წ. runway მოდელებიდან. კომპანია NABU-ში, რომელიც NEW TREND-ის მფლობელია, ამბობენ, რომ მომდევნო სეზონისთვის, თბილისში Zadig&Voltaire-ის მონობრენდ მაღაზიაც გაიხსნება, რითაც თბილისელ მოდის ენთუზიასტებს მიეცემათ საშუალება, საკულტო პარიზული ბრენდის სრული კოლექციებიდან გააკეთონ არჩევანი.
[R]