in

ზაფხული მართლა „მკვდარი” პერიოდია? რა უნდა გაითვალისწინონ სააგენტოებმა

მართალია, ზაფხული სიცოცხლით სავსე და დასვენების მხრივ აქტიური პერიოდია, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრი კომპანიისთვის ის ერთგვარი გარდამავალი სეზონი ხდება, როცა შეკვეთები შედარებით იკლებს და მუშაობა მდორედ მიედინება. ცნობილია, რომ ამ კუთხით სექტემბრიდან აქტიურდება სამუშაო პროცესი და ახალი სიცოცხლე იწყება, ზაფხულის შუა ნახევრიდან ბოლომდე კი, ადამიანები, მათ შორის პოტენციური დამკვეთები, შვებულებით სარგებლობენ და ერიდებიან ახალ-ახალი პროექტების, კამპანიებისა თუ ინიციატივების წამოწყებას.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური სარეკლამო სააგენტოებისთვის არის, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი პოპულარული სააგენტოსთვის გვეთხოვა, თავისი გამოცდილება გაეზიარებინა. Marketer-ის კითხვებს სააგენტო „მავერიკის” კრეატიულმა დირექტორმა, გიორგი მდივანმა უპასუხა.

M: გიორგი, გვითხარით, რამდენად მართალია გავრცელებული აზრი, რომ სარეკლამო სააგენტოებისთვის ზაფხული პასიური პერიოდია?

მრავალფეროვანი ყოველდღიურობა სააგენტოში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი და კოზირია. როგორც წესი, ჩვენი  პარტნიორი კომპანიები ბიზნესის სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ, ამიტომ კომუნიკაციის დაგეგმვისა თუ განხორციელების წინ თითოეული ბიზნესის სიღრმისეული შესწავლა გვიწევს. მათი ნაწილი ისეთ სერვისს/პროდუქტს „ყიდის“ რომ ზაფხული მათთვის პასიურ პერიოდად ითვლება, ზოგისთვის კი პირიქით – ზაფხულია ყველაზე ცხელი სეზონი. თუ ბრენდის პროდუქტი ან სერვისი სეზონს უხდება, ის ინიციატივასაც თავისით იჩენს, მაგრამ ზოგჯერ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ მათთვის ეს ყველაზე კარგი დროა კომუნიკაციისთვის და ფიქრის დროა. ასე რომ, სამუშაო დატვირთულობას, ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება აბალანსებს. 

M: დაახლოებით საიდან სადამდე გრძელდება ხოლმე ეს შენელებული პერიოდი და როდიდან იხსნება ისევ აქტიური სეზონი?

აქტიური პერიოდი ალბათ უფრო სექტემბრის მეორე ნახევარია, ოქტომბრიდან კი უკვე დიდი გუგუნი იწყება. უაღრესად ვაფასებთ მარკეტინგის ისეთ გუნდებს კომპანიაში, რომლებიც, მაგალითად, საახალწლო კამპანიებზე ფიქრს შედარებით ადრე, ოქტომბრიდან მაინც იწყებენ ხოლმე, რადგან მერე ფორს მაჟორში მუშაობის დროს ხშირად დათმობაზე წასვლა გიწევს, რადგან კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონტენტის წარმოებისთვის ცოტა დრო გაქვს.

M: არის თუ არა ეს სააგენტოსთვის ერთგვარი ფორა, რომ პირად პროექტებზე იმუშაოს ან გადაახალისოს მიდგომები გუნდში?

თუ ზაფხული პროექტების კუთხით პასიურია, მაშინ ცვლილებებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე სამუშაოდ იდეალური პერიოდია. ჩვენ, მავერიკები, ვცდილობთ ოქროს შუალედი დავიჭიროთ, დავნერგოთ სიახლეებიც და პროექტების კუთხითაც არ მოვდუნდეთ. ეს პერიოდი სააგენტოებმა შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენონ ახალი ციფრული ხელსაწყოების დასანერგად, პორტფოლიოებისა და შეთავაზებების განსაახლებლად, ან ისეთი ახალი ტექნოლოგიის გასატესტად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი.

M: რომელია ის ინდუსტრია თუ სერვისები, რომლებისთვისაც სულერთია, რა სეზონი იქნება, რადგან ყოველთვის მუშაობს?

როგორც წესი, ასეთი სერვისი მაინც ციფრულ არხებში კომუნიკაციაა. ყოველთვის აქტიური და საყურადღებოა. ერთადერთი, შეიძლება სხვანაირად იყოს, თუ რაიმე სპეციფიკურ, ზამთრის სეზონზე მორგებულ ბრენდზეა საუბარი. 

 ასევე, მუდამ აქტუალური სერვისია ბრენდის სტრატეგია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სეზონია, ასეთ პროექტებზე მუშაობისას დამკვეთი დროს არ უყურებს ხოლმე. 

რაც შეეხება ინდუსტრიას, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდება ტურისტული სექტორი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ქართულმა კომპანიამ Bloom Music-მა Sony Music Publishing-თან და Extreme Music-თან ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

3 გზა, რომლითაც ტვინი კარგ ხელმძღვანელობაში გვიშლის ხელს