ზაფხულის პერიოდში ყველას ბუნებასთან სიახლოვის მოთხოვნილება გვიჩნდება. ეს სურვილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს სამუშაო პროდუქტიულობაზე აისახება და ხელს გვიშლის კონცენტრირებაში. რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის არსებობს შვებულება, მაგრამ, დაგვეთანხმებით, რომ შვებულებაც მხოლოდ 10 დღე ან 2 კვირა გრძელდება ხოლმე, ზაფხული კი – ბევრად მეტი, ამიტომ არსებობს რაღაც ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება კომპანია დაეხმაროს თავის თანამშრომლებს, რომ არც მოტივაცია დაკარგონ, არც ერთფეროვნად გაატარონ მთელი ზაფხული.
სამუშაო რუტინის გამრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მათ შორისაა საზაფხულო ოფისის ცნება, რომელსაც ბევრი ადამიანი უწევს რეკომენდაციას. საზაფხულო ოფისი კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ გუნდის წევრები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, სასიამოვნო გარემოში გაატარონ სამუშაო საათები, ხოლო საღამოობით დამღლელი დღე მხიარული გასართობებით განტვირთონ.
მაინც რა არის ეს საზაფხულო ოფისი?
მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ ერთი თვით, ან სულაც მთელი ზაფხულით, თქვენს თანამშრომლებთან, ლეპტოპებთან და ბლოკნოტებთან ერთად ისეთ ადგილას მიდიხართ, რომელიც ყველამ ერთად აარჩიეთ. იქ ჩერდებით ერთ დიდ სახლში ან სასტუმროში, დღის განმავლობაში საკონფერენციო სივრცეში, ან ეზოში, აუზთან მუშაობთ და საღამოობით თავისუფალი ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, გუნდის წევრებთან ერთად განიტვირთოთ, დაგეგმოთ აქტივობები, გახვიდეთ ზღვაზე ან მთებში ილაშქროთ, გააჩნია, სად ხართ და რა პირობები გაქვთ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს აქტივობები, უკეთესია.
როგორც ფსიქოლოგებისა და ბიზნესქოუჩების წყაროებში იკითხება, ამ ტიპის მუშაობას არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად ის, რომ ეს ხელს უწყობს გუნდურ კრეატიულობას.
დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ზოგჯერ ერთ ადგილას დიდხანს მუშაობა ჩვენს კრეატიულობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ გუნდთან ერთად დროებით ქალაქგარეთ გასვლა და მუშაობა გვეხმარება, რომ ახალი იდეები ვაწარმოოთ და საქმისადმი უფრო შემოქმედებითი დამოკიდებულება გამოვამჟღავნოთ. გარდა ამისა, სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტის კვლევები ადასტურებს, რომ მცენარეებთან ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზე, ამიტომ, სასურველია გუნდმა ისეთი ადგილი შეარჩიოს, სადაც ბევრი სიმწვანეა.
თანამშრომლების ჩართულობა
კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც საზაფხულო ოფისიდან მუშაობისას იკვეთება, ისაა, რომ თანამშრომლები უფრო ერთიანები არიან და უფრო მეტად ერთვებიან ყველა პროცესში, ვიდრე ჩვეულებრივ ოფისში მუშაობის დროს.
ტვინის გადატვირთვა
საზაფხულო ოფისში მუშაობა თქვენს ტვინს გადატვირთვის დროს აძლევს. Psychology Today-ის თანახმად, თქვენი ტვინის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს მსჯელობას, დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს, როცა სუფთა ჰაერზეა და პეიზაჟების ყურებით ან ჩიტების ჭიკჭიკით ტკბება.
პრობლემების განხილვა
სტანდარტულად, ოფისში მუშაობისას ყოველთვის იმის საშუალება არ გვეძლევა, რომ განვიხილოთ პრობლემები, რომლებიც კომპანიაში არსებობს. ეს შეიძლება მცირე გაუგებრობები იყოს, თუმცა მათზე ღიად საუბარი აუცილებელია, რისი დრო და საშუალებაც ხშირად არ გვეძლევა. მთელი დღის განმავლობაში როცა დაძაბულ რეჟიმში ვმუშაობთ, საღამოს ყველანი სახლებისკენ მივიჩქარით, ამიტომ დღის ბოლოს დარჩენა და იმის განხილვა, რა როგორ ჯობს, არ გამოდის ხოლმე. თუმცა საზაფხულო ოფისში ეს შესაძლებელია. ერთი საღამო შეიძლება ტყეში გახვიდეთ, კოცონი დაანთოთ და დაგეგმოთ, რა უნდა შეცვალოთ, როდესაც ოფისს დაუბრუნდებით.
სხვადასხვა უნარის წარმოჩენა
,,თან საქმე და თან დასვენების” კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც მანამდე ერთმანეთი მხოლოდ ერთ გარემოში ჰყავდათ ნანახი, ახლა ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს იგებენ. შეიძლება თქვენს კოლეგებში ისეთი უნარები აღმოაჩინოთ, რომლებსაც ვერც კი წარმოიდგენდით. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გუნდის წევრებისადმი სწორი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში გეხმარებათ და სამომავლო თანამშრომლობას აუცილებლად შეუწყობს ხელს.
ეს ის ზოგადი მიზეზებია, რომლებიც გიბიძგებთ, რომ საზაფხულო ოფისი აუცილებლად მოიწყოთ და გუნდთან ერთად მუშაობა რუტინულიდან სახალისო ყოველდღიურობად აქციოთ. რა თქმა უნდა, თითოეული გუნდი თავის მიგნებებსაც აღმოაჩენს, რომლებიც ინდივიდუალური იქნება იმ ადამიანების მიხვედით, ვინც ამ საზაფხულო ოფისს დაგეგმავს. ეს საკმაოდ კარგი პრაქტიკაა და ისეთი რთული დასაორგანიზებელიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასე რომ, თუ გაქვთ საოფისე სამსახური, რომლისთვისაც მთავარია გუნდის წევრებთან კონტაქტი და ლეპტოპის ქონა, დაფიქრდით საზაფხულო ოფისის მოწყობაზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი