in

ზაქარიას კეთილი მანქანა – მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის პროექტი

არანაირი კომერციულობა და არანაირი შემოსავალი, არამედ მხოლოდ პირადი რესურსები…

“ზაქარიას კეთილი მანქანა” – ალბათ, ამ სახელწოდებაზე ყველას სხვადასხვაგვარი ასოციაცია გაუჩნდება და ზოგიერთი იმასაც კი წარმოიდგენს, როგორ იყურება მანქანა თავისი “კეთილი ფარებით”… თუმცა არა, ეს არის ერთი ადამიანის მიერ შექმნილი მიუსაფარ ცხოველთა პროექტი, რომლის მიზანიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველების დახმარება და მათთვის ბედნიერი გარემოს შექმნაა.

ამბავი იწყება ასე – მთავარი მოქმედი გმირი ცუგა ვალიკო ცუდად გახდა და მისი დახმარება გახდა საჭირო. “ამ მიზნით რამდენიმე ჯგუფში გავწევრიანდი. მართალია, ვალიკოს ვუშველე, მაგრამ ჯგუფებში ისეთი ძაღლების ისტორიებს წავაწყდი, რომელთა მდგომარეობაც ძალიან მძიმე იყო” – ამბობს ზაქარიას კეთილი მანქანის შექმნელი ზაქარია დოლიძე.

როგორც ის იხსენებს, ერთ-ერთი ასეთი ცუგა გოთუას ქუჩაზე ნახა, რომელსაც ახალდაბადებული ლეკვები ჰყავდა. ყველანი ერთად ტალახში ამოსვრილები და მშივრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. “ამის ნახვისთანავე სრულიად ექსპრომტად ავედი სახლში, ჩემი მშობლების კარადა დავშალე და მათთვის სახლი ავაწყვე, რომელიც სიმართლე გითხრათ, ძალიან სასაცილო გამოვიდა”.

მართალია, ზაქარიამ მარტომ დაიწყო კეთილი საქმის კეთება, მაგრამ თანდათან მას სხვა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებიც შეუერთდნენ – თანაც, ერთი „დასაშლელი კარადა“ ყველას აღმოაჩნდა სახლში… და შედეგად, ამ დროისთვის უკვე 700-მდე ძაღლის სახლია აშენებული.

“ჩემი მიზანი საზოგადოებისათვის არსებული მდგომარეობის ჩვენება და მათში ცოცხალი არსებების დახმარების სურვილის აღძღვრა იყო, რაც მოხერხდა კიდეც”. ამასთან, ზაქარიას თქმით, დიდ ინტერესს იჩენენ ბაღის ბავშვები თუ სკოლის მოსწავლეები, მიუსაფარი ადამიანები და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც პერიოდულად დიდ როლს ასრულებენ ამ საქმის განვითრებაში.

აღსანიშნავია, რომ სახლების საკუთარი ხელით შენებას კიდევ უფრო დიდი იდეები მოჰყვა – მათ შორის, ე. წ. საკვებურები, წყლის აპარატები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცუგებისთვის განკუთვნილი ეტლები. მართალია, ეტლის კონსტრუქციის სრულყოფილი ვერსიის შექმნამ სამი თვე მოითხოვა, მაგრამ შედეგმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

“ინდოეთიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მათთვის ვიდეო-გაკვეთილი ჩამეტარებინა, თუ როგორ შეიძლება წყლის აპარატების შექმნა და ქუჩებში განთავსება. ასევე, ეტლებით დაინტერესდნენ იტალიური და გერმანული ორგანიზაციები და მათ სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი ეტლის კონსტრუქცია. ასე რომ, ახლა იქაც ასე ბედნიერად გადაადგილდებიან მიუსაფარი ცხოველები” – აღნიშნავს ზაქარია.

არანაირი კომერციულობა და არანაირი შემოსავალი, არამედ მხოლოდ ის, რაც თავად გააჩნიათ ზაქარიას და სხვა მოხალისეებს – სწორედ ამაზე დგას მიუსაფარ ცხოველთა პროექტი საქართველოში. ერთი პატარა ეზო, სადაც ხის სახლებს ფიცრებით შექმნილი სახურავი იცავს წვიმისგან, საწყის ეტაპზე საკმარისი იყო თავის ემოციურ ფაქტორთან ერთად, მაგრამ თანდათან სულ უფრო რთული ხდება საქმის მხოლოდ საკუთრი რესურსებით მართვა.

ამიტომაც, ზაქარიას კეთილი მანქანა მეტ ჩართულობას საჭიროებს, რათა ყველა კეთილი მიზანი წარმატებით იქნას მიღწეული. თუმცა ამის ნაცვლად, ხშირია სახლების მოპარვისა და საკვებურებში ნაგვის ჩაყრის შემთხვევები, რაც ძალიან აფერხებს კეთილი საქმის სრულფასოვნად გავრცელების პროცესს…

და მაინც “როცა რაიმე პრობლემას ვაწყდები და ყველაფერი ჩიხში ექცევა, ზუსტად მაშინ ჩნდება რაღაც ახალი და საინტერესო, რაც ახალ ძალას მაძლევს” – ამბობს ზაქარია დოლიძე.

დასასრულს კი გეტყვით, რომ ზაქარიას კეთილი მანქანა უახლოეს მომავალში ძალიან მასშტაბურ, მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტის განხორცილებას გეგმავს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ რა იმალება ამ მომხიბვლელი დაპირების მიღმა.

ავტორი ქეთია ბელქანია

CARDEAL: „მხოლოდ 500 Georgia-ს პროგრამის პერიოდში, 300%-ით გავიზარდეთ“

შიშები, რომლებიც ბიზნესის მფლობელებს SEO-სთან დაკავშირებით აქვთ (და არ უნდა ჰქონდეთ)