in

“ზამთარი გადასატანია” – გამოფენა 90-იანების თბილისის ცხოვრებიდან

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

წარმოიდგინეთ, ხართ ოთახში, რომელშიც ცივა, განათების წყაროს კი მხოლოდ ფანჯრებიდან შემომავალი სინათლე წარმოადგენს. მზის ჩასვლასთან ერთად თქვენს ოთახშიც ღამდება.

დადგა ზამთარი, რომელიც გათენებამდე უნდა გადაიტანოთ.

90-იან წლებში ამის წარმოდგენა არ სჭირდებოდათ. პირიქით, ოცნებობდნენ და ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლა სიცივე სითბომ, უშუქობა შუქის მოსვლამ. ეს არ ყოფილა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ყოველდღიურობა. საზოგადოების უმეტესობასთან ერთად ასე „ცხოვრობდა“ ხელოვნებაც. რთულია, მსგავს გაჭირვებაში თავის გატანაზეც იფიქრო და კულტურულ ცხოვრებაზეც. თუმცა, საბედნიეროდ, ხელოვანთა შორის იყვნენ ისეთებიც ყველაფრის მიუხედავად რომ ზრუნავდნენ ქართული შემოქმედების განვითარებაზე.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

„თუ არც საჭმელი გაქვს, არც სითბო და არც შუქი, მკვდარი ხარ, რა ხარ აბა? და მხოლოდ ფიქრი იყო ის ერთადერთი, რაც გვაგრძნობინებდა, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობდით“. – ამბობს გურამ წიბახაშვილი. თითქოს სოციალურ სიდუხჭირეს და უიმედობას „გონების გამოკვებით“ იხშობდნენ.

სწორედ ამ ფიქრმა მიიყვანა არტისტები არაერთ გამოფენამდე და საკმაო წარმატებაც მოიპოვეს. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა 1994 წლის დეკემბერს მოეწყო, სახელწოდებით „ზამთარი გადასატანია“. როგორც მამუკა ცეცხლაძე და გურამ წიბახაშვილი აღნიშნავენ, გამოფენის სახელი არ ყოფილა მეტაფორული და პირობითი. პირდაპირი მნიშვნელობით უკავშირდებოდა რთულ პერიოდს. „გაზაფხულზე დავითვალოთ, რამდენი ვართ“ – იუმორნარევი სერიოზულობით ამბობდნენ ხელოვანები. თუმცა ეს სულაც არ ყოფილა სახუმარო… ისინი რეალურად იდგნენ საშიშროების წინაშე.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ოლეგ ტიმჩენკო იხსენებს გამოფენის არსსა და მიზანს. მისი თქმით, ეს ყველაფერი სოლიდარობისთვის მოეწყო. ხელოვანებს და ზოგადად ადამიანებს ერთმანეთის თანადგომა რომ ეგრძნოთ და ჰქონოდათ იმედი, მხარდაჭერა. „თუნდაც გავიხსენოთ ლია შველიძის აქცია „დაჯექი ძველ გალერეაში“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდისთვის. ხელოვანებმა ერთად მოვიყარეთ თავი და ჩვენთან მოდიოდა ხალხი, ნახულობდნენ ნამუშევრებს და ცოტა ხნით მაინც წყდებოდნენ მწარე რეალობას. გგონიათ, აქაც ბევრი რამ იყო? არა, მხოლოდ ყავა და ჩაი, მაგრამ იყო თანადგომა და ერთად ყოფნა.“

M: ასეთ რთულ პერიოდში მაინც მოახერხეთ გამოფენის ჩატარება… რა იყო ხელმშემწყობი ფაქტორები, რამაც ეს შეგაძლებინათ?

გურამ წიბახაშვილი: როგორც იცით, გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზში მოეწყო. ჩვენ იმის სახსრებიც არ გვქონდა, რომ სივრცისთვის გარკვეული თანხა გამოგვეყო… ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კი სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ოთახი: „აი, დარბაზი და რაც გინდათ, ის ქენით“. ეს რომ არა, არც კი ვიცი, სად და როგორ მოხერხდებოდა გამოფენის მოწყობა.

საბედნიეროდ, ხელოვანები მარტო არ ყოფილან ამ ბრძოლის წინაშე… გამოჩნდებოდნენ ხოლმე ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უანგარო დახმარებას უწევდნენ მათ. მაგალითად, მამუკა ცეცხლაძე იხსენებს გოგი გუნიას, კულტურის მინისტრის მოადგილეს. სწორედ ის დაეხმარა მხატვრებს კონკრეტულად ამ გამოფენის ჩატარებაშიც.

M: ასეთი უსახსრობის დროს როგორ ახერხებდით ყოველდღიურობაში ხელოვნების შენარჩუნებას?

მამუკა ცეცხლაძე: მართლაც რთული პერიოდი იყო… წარმოიდგინეთ, უშუქობა, სიცივე და სრული უსახსრობა. და იცით, რა იყო ერთადერთი, რამაც გაგვაძლებინა და შეგვანარჩუნებინა ეს ყველაფერი? ხელოვნების სიყვარული. სწორედ ხელოვნების სიყვარული იყო ჩვენი გამაერთიანებელი.

M: რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ამ კონკრეტულ გამოფენას? ჰქონდათ ადამიანებს იმის სურვილი, რომ ხელოვნებისთვის დაეთმოთ დრო?

მამუკა ცეცხლაძე: აქამდეც არაერთი გამოფენა გვქონია და ძირითადად ხელოვანი ხალხი მოდიოდა, იქნებოდნენ ესენი მუსიკოსები თუ მწერლები… მაგრამ, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ უყვარდათ ხელოვნება და ნაცრისფერი ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ გზას ჩვენთან პოულობდნენ.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

M: გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს ერთი თემატიკა აერთიანებდა?

გურამ წიბახაშვილი: არა, არ ყოფილა რაიმე კონკრეტული თემატიკა შერჩეული. ყველამ ის ნამუშევარი გამოფინა, რაც იმ მომენტში ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ეს „ავტორების გამოფენა“ უფრო იყო, ვიდრე სურათების… თითქოს რაოდენობრივად ვითვლიდით – ახლა ამდენი ვართ და ვნახოთ, რამდენი დავრჩებით ზამთრის დასრულების შემდეგ… რამდენი შევძლებთ ზამთრის გამკლავებას და მივატანთ გაზაფხულამდე? ალბათ, ხვდებით, როგორი რთული პერიოდი გვედგა.

M: თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა კულტურული სფეროს სიტუაცია 90-იანი წლებიდან დღემდე?

მამუკა ცეცხლაძე: რა თქმა უნდა, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, რასაც საბედნიეროდ იყენებენ ხელოვანები და უფრო და უფრო ვითარდებიან. შედარება არც კი შეიძლება, იმდენად დიდი გამოცოცხლება მოჰყვა „საზღვრების მოშლას“. კონკრეტულად პანდემიურ სიტუაციასაც შევეხები და გეტყვით, რომ ყველაზე ნაკლებად მხატვრებს შეგვეხო ეს პრობლემა. ჩვენ ისედაც ყველანი „კარანტინში“ ვართ. მუდამ სახელოსნოებში გამოკეტილი… მართალია, გვჭირდება აუდიოტორია, რომელსაც შემოქმედებას გავუზიარებთ, მაგრამ ამისთვის ბევრი გზა არსებობს.

M: და ბოლოს, გადაიტანეთ ზამთარი?

გურამ წიბახაშვილი: კონკრეტულად ის ზამთარი გადავიტანეთ, მაგრამ მას შემდეგ კვლავ ბევრი ზამთარი დაგვიდგა და წინ კიდევ ბევრია… ალბათ, მთელი ცხოვრება ზამთრის გადატანაა. წელიწადნახევრის წინ გამოფენა მოვაწყვე „ზამთარი გადატანილია“, რაშიც რეალურად მთელი საბჭოთა კავშირის დასასრულს ვგულისხმობდი. ყველა ზამთარს თავისი არსი აქვს…

გამოფენაში “ზამთარი გადასატანია”, სულ 25 ხელოვანი იღებდა მონაწილეობას. ოცდახუთივემ შეძლო ზამთრის გადატანა და ალბათ, გაზაფხულზე გადათვლისას ერთმანეთის სახეზე ღიმილის ხედავდნენ.

ზამთარგადატანილი ხელოვანები – გია დოლიძე, გიორგი თურქაძე, კარლო კაჭარავა, გელა კინწურაშვილი, ნიკო ლომაშვილი, გია ლორია,ირაკლი მაისურაძე,  სალომე მაჩაიძე, ნიკა მაჩაიძე, გოგა მაღლაკელიძე, მუხა მუხიგული, კოკა რამიშვილი, მაია სუმბაძე, გიო სუმბაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ღუდუშაური, ლია შველიძე, მურთაზ შველიძე, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, მაია ცეცხლაძე, კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, შიო ხომასურიძე.

ყველა დროს თავისი ზამთარი აქვს… ზამთარგადატანილები კი ვფიქრობთ, ვინ და როგორ გადავრჩით. თუმცა ყოველ ტრაგედიაში შეიძლება ახალი შესაძლებლობის პოვნა და არაფრიდან რაღაც ღირებულის შექმნა.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

 

ავტორი: ქეთია ბელქანია 


„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, Startup Grind ევროპისა და აზიის მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

წყალი „მთის“ – ქართული მთების ძალა ერთ ბოთლში