„ზანდუკელის“ განახლებული ლიმონათი ცოტა ხნის წინ გამოვიდა, წინასაახალწლოდ კი ბაზარზე მისი უშაქრო ხაზი გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა ბრენდის გემონვური მახასიათებლები და შეფუთვა. როგორც კომპანიაში ამბობენ, აქცენტი თანამედროვეობაზე, მინიმალიზმზე და, ამავდროულად, ტრადიციულ ფასეულობებზე გააკეთეს.
M: შოკო ჩაჩუა (ბრენდის პორტფოლიო მენეჯერი): ბაზარი მუდმივად ვითარდება. ნებისმიერი პროდუქტი სულ უნდა ცდილობდეს უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს. ვგულისხმობ, როგორც გემოვნურ მახასიათებლებს, ისე ვიზუალურ მხარეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ „ზანდუკელის“ განახლება. აქცენტი გავაკეთეთ თანამედროვეობასა და მინიმალიზმზე, მაგრამ შევინარჩუნეთ ბრენდის ტრადიციული ფასეულობები. „ზანდუკელის“ ისტორია ხომ 1914 წლიდან იწყება.
M: როგორია განახლებული „ზანდუკელი“ ?
სიახლე გულისხმობს, როგორც გემოვნურ თვისებებს, ისე ბრენდის შეფუთვასა და დიზაინს. უკვე იყიდება მსხლის, ლიმნის, ნაღების, ტარხუნისა და საფერავის „ზანდუკელი“. ყველა ეს სახეობა ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. „საფერავი” ქართული გაზირებული სასმელის თანამედროვე და, ამავდროულად, ტრადიციული ხაზია. წინასაახალწლოდ მომხმარებლებს „ზანდუკელ“ „ზეროს“ შევთავაზებთ. ამასთან დაკავშირებით გვექნება განსაკუთრებული კომუნიკაცია, რადგან უშაქრო ლიმონათზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება შეფუთვას. ეტიკეტი მინიმალისტურია. დიზაინზე იმუშავა საერთაშორისო სააგენტომ Strangers&Strangers. მას ეკუთვნის როგორც ნახატი, ისე კონცეპტუალური მხარე. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ კომპანიის წამომადგენელს „ბრიფი“ მხოლოდ „ონლაინ“ კი არ ენახა, არამედ საქართველოში, ადგილზე, გაეგო, დეტალურად, რის გაკეთებას ვაპირებდით. იმიტომ, რომ ნებისმიერი ქართული ლიმონათი და, განსაკუთრებით „ზანდუკელი“, აუცილებლად ქართულ სუფრას უნდა ამშვენებდეს. ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ახალი ეტიკეტისათვის დიზაინერმა თანამედროვე ელემენტებთან ერთად, ქართული ორნამენტებიც გამოიყენა.