ქართულ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების – ხელნაკეთი ნივთების დამზადებით – ბიზნესად ქცევა. ზოგიერთი სტარტაპი ბავშვობის ოცნების ახდენის ასპარეზს წარმოადგენს, ზოგისთვის ოჯახური ტრადიციაა, არსებობს ისეთები, რომლისთვისაც ასეთი ოსტატების პროდუქციის საზოგადოებისთვის წარდგენა და მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტული მომსახურების გაწევაა. Zanduki.ge – ხელნაკეთი სამკაულების ონლაინ მაღაზია – ამ უკანასკნელი მიზეზით, 5 თვის წინ შეიქმნა და საკურიერო მომსახურებითა და ონლაინ გადახდის საშუალებით, მომხმარებლებს „იმ დისკომფორტს უხსნის, რასაც უცნობი სუბიექტისთვის თანხის ჩარიცხვა და შემდეგ რომელიმე მეტროს სადგურთან ლოდინი და შეხვედრა“ წარმოადგენს. Zanduki.ge-ზე შესაძლებელია სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულის, აქსესუარისა და დეკორის შეძენა. მარკეტერი Zanduki.ge-ს დამფუძნებელს, სოფო ბალანჩივაძეს ესაუბრა ონლაინ მაღაზიის დაარსების იდეაზე, განთავსებულ პროდუქციასა და ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან ბრძოლის სტრატეგიაზე.M: სოფო, გაგვეცანით, ვინ ხართ, რას საქმიანობდით Zanduki.ge -ს დაარსებამდე და ამჟამად, რას საქმიანობთ?
Zanduki.ge-ს დაფუძნებამდე ვმუშაობდი როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე (მარკეტინგი და გაყიდვები, პროექტების მართვა, ტრენინგები). 2015 წელს მოვიპოვე Chevening-ის სტიპენდია და სასწავლებლად გავემგზავრე ლონდონში (Birkbeck University of London). 2016 წლიდან ვარ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მაგისტრი (MSc HRM) და CIPD-ის ასოცირებული წევრი. ამჟამად, სამუშაო დროის ყველაზე დიდ ნაწილს Zanduki.ge-ს ვუთმობ, თუმცა პარალელურად, ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის და ასევე, ვამზადებ სალექციო კურსს მომავალი სასწავლო წლისთვის.
M: როგორ გაჩნდა ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზიის გაკეთების იდეა?
იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა თავად ვცადე განსაკუთრებული საჩუქრის პოვნა და შეძენა სახლიდან გაუსვლელად. საკმაოდ მწირი არჩევანი დამხვდა ქართულ ონლაინ მაღაზიებში. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი დისკომფორტია უცნობი სუბიექტისთვის თანხის ჩარიცხვა და შემდეგ რომელიმე მეტროს სადგურთან ლოდინი და შეხვედრა, რადგანაც ამ გვერდებს არ აქვთ ონლაინ გადახდა და დიდი ნაწილი არ სარგებლობს საკურიერო მომსახურებით. მით უფრო, შეუძლებელია ნივთის შეძენა, როცა არ იმყოფები საქართველოში. M: რა ფორმით პარტნიორობთ იმ სტარტაპებთან, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს აკეთებენ და რის მიხედვით არჩევთ ნამუშევრებს?
თავიდან დავდიოდით გამოფენებზე და იქ ვარჩევდით ნამუშევრებს ხარისხისა და ვიზუალის მიხედვით. ასევე, ვუკავშირდებოდით და ვხვდებოდით ადამიანებს, ვინც ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც საიტი ამოქმედდა, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება საკუთარი ინიციატივით და გვთავაზობს თავიანთი ნამუშევრების განთავსებას. რამდენიმე წარმატებული თანამშრომლობა ზუსტად ამ გზით შედგა. თუმცა, როგორც ნივთები, ასევე სამუშაო პროცესიც უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რაც ყველასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ იძლევა.
M: რა უპირატესობა გაქვთ მომსახურებისა და პროდუქციის მხრივ და საერთო ჯამში, რას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენი უპირატესობა ხარისხიანი, მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი კოლექციაა. ამასთან, ჩვენთან ხელნაკეთი საჩუქრის შეძენა 12 ლარიდან არის შესაძლებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გვაქვს უფასო სასაჩუქრე შეფუთვა (რისთვისაც ყველაზე მეტად მამაკაცები გვემადლიერებიან). ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა დეტალს, სწრაფად ვრეაგირებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე და მაქსიმალურად ვიცავთ მომხმარებლის ინტერესებს. ჩვენ მუდმივად გთავაზობთ ფასდაკლებებსა და აქციებს სხვადასხვა ნივთზე. რაც მთავარია, საიტზე ნივთის პოვნა და შეძენა საკმაოდ მარტივია და ასევე, გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით სწრაფი საკურიერო მომსახურება.M: ქართულ ბაზარზე თუ გყავთ კონკურენტი და რა ფორმით აპირებთ კონკურენციის გაწევას?
Zanduki.ge გახსნისთანავე გახდა ქართული ხელნაკეთი ნივთების ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია. ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ ბაზრის ტენდენციებს და რა თქმა უნდა, გვყავს რამდენიმე პირდაპირი და არაპირდაპირი კონკურენტი. ჩვენი ბაზარზე შემოსვლიდან 2-3 თვეში გაუჩინარდა 2 კონკურენტი კომპანია. არ ვამბობ, რომ ეს ჩვენი დამსახურებაა, თუმცა იმის გაანალიზება, თუ რატომ ტოვებენ კონკურენტები ბაზარს, გვეხმარება მსგავსი სიტუაციის თავიდან არიდებაში. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ეს არც ისე რთულია მაშინ, როცა განსაზღვრული გაქვს მიზანი და მიმართულება, მთელი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს მის განვითარებაზე და ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
M: სიახლეებს თუ გეგმავთ ახლო მომავალში, რა მხრივ აპირებთ განვითარებას?
ახლო მომავალში დაგვემატება ახალი ნივთები და კატეგორიები. ასევე, ვმუშაობთ Zanduki.ge-ის საწარმოო ხაზის განვითარებასა და ექსპორტზე. ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი დაინტერესებული პირი დაგვიკავშირდა ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებიდან და მალე დავიწყებთ ვებგვერდის გადათარგმნას ინგლისურ და რუსულ ენებზეც, რათა საზღვარგარეთიდანაც შეძლონ ჩვენი ნივთების შეძენა.