11
იან
2018

უცხოური გამოცემების არტ დირექტორობიდან ქართული დიზაინ სტუდიის შექმნამდე – Zango Studio

11 იან 2018

„ყოველთვის მიყვარდა ქაღალდი, ქაღალდის ფაქტურა, ფერი. ჩემთვის მუსიკასავითაა. თვალდახუჭულად შემიძლია გითხრათ, თუ რა ქაღალდია და რომელი სისქისაა. პროფესიით მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე თბილისში. 90-იანებში მოვხდი მოსკოვში, სადაც იწყებოდა პერიოდული გამოცემების, ჟურნალების ბუმი. ჩემთვის ეს სფერო იყო ახალი და ძალიან მიმზიდველი. 1996 წელს, შემთხვევით გავიცანი ფრანგი არტ დირექტორი იზაბელ სალვადორი, რომლის წყალობითაც პირველი ადაპტირებული, გლამურული გამოცემის დიზაინერი გავხდი. ალბათ ყველასათვის ცნობილია HARPER’S BAZAAR. ამ თანამდებობაზე ძალიან ბევრი ოცნებობდა და მე, ქართველი აღმოვჩნდი იქ, რადგან, იმ დროს ძალიან ცოტა ადამიანს შეხვდებოდით, ვისაც მხატვრის განათლება ჰქონდა მიღებული და ამავე დროს, კომპიუტერსაც ფლობდა. შემდგომში, ჩემი კარიერა უფრო ადვილად განვითარდა და სხვადასხვა გამოცემების არტ დირექტორი ვიყავი“, – მანანა არაბული.  2008 წელს, მანანა არაბული საქართველოში დაბრუნდა და დიზაინ სტუდია Zango Studio დააფუძნა, რომელიც ნებისმიერი კრეატიული სააგენტოს პოტენციური კოლაბორატორია. დღეისათვის, კომპანიაში 6-მდე ადამიანი საქმიანობს, თუმცა, თანამშრომლების რაოდენობა იზრდება, როდესაც დიდ პროექტებზე იწყება ფიქრი. მათი ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: წიგნებისა და პუბლიკაციების დიზაინი, ასევე, ბრენდინგი. 2016-2017 წელი მნიშვნელოვანი იყო „ზანგოსთვის“, რადგან პროექტ FABRIKA-ზე დაიწყო მუშაობა, რომლის ვიზუალური იდენტობა, ლოგო, ნავიგაცია და ინტერიერის გაფორმების კონცეფცია (არქივული ფოტოები) სტუდიის მიერ შეიქმნა. დღეისათვის, Zango Studio-ს აქვს საკუთარი მაღაზია „ფაბრიკაში“ – Black Dog Shop, სადაც როგორც სტუდიის, ასევე, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები, წიგნები და საკანცელარიო სუვენირები იყიდება. 2018 წლისთვის კი მათ, ახალგაზრდა მხატვარ გოგონებთან კოლაბორაციით, კალენდარი Dog Days გამოუშვეს. რა გამოარჩევს Zango Studio-სა და Black Dog Shop-ს, როგორია სტუდიის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი პროექტები და მისი განვითარების ხედვა – ამ საკითხებზე მარკეტერი დიზაინ სტუდიისა და მაღაზიის შემქმნელს – მანანა არაბულს ესაუბრა: 

M: როგორია  Zango Studio-ს შექმნის ისტორია?
2008 წელს თბილისში ჩამოვედი და დავაარსე პატარა დიზაინ სტუდია „ზანგო დიზაინი“, სადაც მე და 2 ადამიანი ვმუშაობდით. დიდ ხანს ვფიქრობდი სახელზე და გავჩერდი საყვარელი ძაღლის სახელზე – ზანგო. ასე ერქვა პატარა, შავ ძაღლს, რომელიც 16 წლის წინ, იპოვნა ჩემმა უფროსმა შვილმა ქუჩაში. შავი იყო და საერთოდ არ ჩანდა. ძალიან ჭკვიანი, მხიარული, სწრაფი და ერთგული იყო. ზუსტად ის თვისებები ჰქონდა, რითაც დავახასიათებდი სტუდიასაც. ბევრი მეუბნებოდა, რომ არასერიოზულია და კლიენტი ვერ გაიგებს, მაგრამ ვთვლი რომ კრეატიული სტუდიისთვის ზუსტად კრეატიული სახელი არის საჭირო, რომელსაც პატარა ისტორია მოჰყვება. ჩვენი კლიენტების რაოდენობაც გაიზარდა, მახსოვს, ადრე რამდენჯერმე პირდაპირ მითხრეს – ამ სახელით როგორ გავაფორმოთ კონტრაქტიო, რადგან „ზანგი“ არის ძალიან ძველი სიტყვა და ნიშნავდა შავს, მე-20 საუკუნეში რატომღაც სლენგში გადაიზარდა. ბელკას და სტრელკას სახელები სამუდამოდ დარჩა ისტორიაში. იმედია, ქართველი პატარა შავი ძაღლის სახელიც დარჩება.

M: რა გამოგარჩევს Zango Studio-სა და Black Dog Shop-ს ბაზარზე არსებული სხვა სტუდიებისგან/მაღაზიებისგან?
ვფიქრობთ, რომ  ბაზარზე გამოგვარჩევს დიდი გამოცდილება ყველა სახის ბეჭდურ დიზაინში და ჩვენი საქმის, ვიტყოდი, ფანატური სიყვარული. ბეჭდური დიზაინი ჩვენთვის პირველადია, მაგრამ ბევრ სხვა დარგშიც ვცდით ჩვენს თავს, მაგალითად, შარშან სტოპ-მოუშენ ანიმაციაც გადავიღეთ ჩვენს სტუდიაში, რომელსაც უკვე მალე იხილავთ.

M: თქვენ მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მოგვიყევით.. ვისთან კოლაბორაციით იქმნებოდა ისინი?
წლებია ვთანამშრომლობთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რომელთან ერთად განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი: გიგო გაბაშვილის ალბომი, აკაკი წერეთლის საიუბილეო გამოცემა, ასევე, ვაჟა-ფშაველას საიუბილეო გამოცემა, ლიტერეტურულ მუზეუმთან ერთად, ვაჟა-ფშაველას ნოველების კრებული უნივერსიტეთან ერთად და ბევრი სხვა. ჩვენი აზრით, გამორჩეული წიგნებია, როგორც შინაარსით და კულტურული მნიშვნელობით, ასევე, დიზიაინითაც. გარდა ამისა, ვითანამშრომლეთ ბიოლის ფონდთან, გოეთეს ინსტიტუტთან, ასევე, შევქმენით მაგნუმის ფოტო კატალოგი, რომელიც საამყოდ დადო თვით მაგნუმმა თავის საიტზე, პროექტის გამოფენა ყველამ ნახა ალბათ, თიბისი ბანკის მხარდაჭერით იყო განხორციელებული.

M: როგორია ახალგაზრდა მხატვარ გოგონებთან ერთად განხორციელებული პროექტის – Dog Days მნიშვნელობა? 
ეს პროექტი მივუძღვენით ზანგოს და რა თქმა უნდა, ძაღლის წელმა ჩინური კალენდრის მიხედვით, ხელი შეგვიწყო ამაში. ისინი თავიდანვე ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას და კონცეფციის გაცნობის შემდეგ, მაშინვე შეუდგნენ ილუსტრაციების შექმნას. 12 თვე, 12 სხვადასხვა პერსონაჟი, 9 ახალგაზრდა მხატვარი: მედეა ბაქრაძე, ნატო ბაგრატიონი, ანა ჯიბლაძე, ხატია ჩიტორელიძე, ნინო ზვანბაია, ნატა მენაბდე, ანა მიხაილოვა-კეზელი, თუთუ კილაძე, სალომე ჯოხაძე. ბევრი ნახატიდან შეირჩა თორმეტი ხასიათი. ის ნახატები, რომლებიც ვერ შევიდა კალენდარში დავბეჭდეთ ცალკე ბარათებათ და მაგალითად, მხატვარ თამარ ნადირაძეს შედევრი „ძაღლები“ დავბეჭდეთ ცალკე, ნაჭრის კალენდარზე.

M: როგორია „ზანგოსთან“ დაკავშირებული თქვენი სამომავლო ხედვა? რა შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს საქართველოში ამგვარ საქმიანობას? 
გასულმა 1 წელმა ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა, ბევრი დავკარგეთ, ბევრი შევიძინეთ. ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, მაგარმ არ მიყვარს წინასწარ გეგმებზე საუბარი, თუმცა, ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ ვაპირებთ გასვლას და ჩვენს პროდუქციასა და კრეატიულ შემოქმედებაზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი.

განხილვა