20
Feb
2018

#შეცდომები გამოსწორების პერსპექტივით! Zapravka დაიხურა, თუმცა ცხელი ბურგერები დაბრუნდება

20 Feb 2018

Startauperi
Startauperi


მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. დღეს, კვების მოძრავი ობიექტის, Zapravka-ს შემქმნელმა, სტუდენტმა, გელა ჯალიაშვილმა გაგვიზიარა საკუთარი შეცდომებისგან მიღებული გამოცდილება, რომელმაც განვითარების კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა.

სულ თავიდან, ზაფხულის სეზონზე ჩვენი პირველი გაჩერებისთვის ბაკურიანი შევარჩიეთ, რათა უკეთ აგვეთვისებინა პროდუქტის მომზადების, თანხის აღება-მიწოდებისა და ზოგადად, სამუშაო პროცესის სპეციფიკა. თავიდან ვმუშაობდით 2-ნი და თავისუფლად ვართმევდით თავს იმ დატვირთვას, რაც ბაკურიანში გქვონდა. შემდეგ დაგვირეკეს „სტარტაპ მარკეტიდან“ და ბათუმში მიგვიწვიეს 3 დღით. პირველ პრობლემას წავაწყდით მაშინ, როცა იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით და შესაბამისად, იმაზე მეტად დატვირთულები აღმოვჩნდით, ვიდრე ბაკურიანში. ძალიან გვიჭირდა 2 ადამიანს შეკვეთის აღება, ხურდის დაბრუნება, საჭმლის მომზადება და იმავე დღეს მოგვიწია 1 ადამიანის დამატება, რომელიც მოლარის ფუნქციას შეითავსებდა. გაგვიმართლა, რომ მეგობარი იყო ჩამოსული და ის დაგვეხმარა, თორემ ძალიან აგვერეოდა ყველაფერი და ლოდინის დრო კლიენტისთვის ძალიან გაიწელებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი პრობლემა, რასაც წავაწყდი, იყო ადამიანური რესურსის ნაკლებობა და ალბათ, ადრევე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ბათუმში უფრო ბევრი ხალხი იქნებოდა და დატვირთვაც შესაბამისად.

შემდეგი იყო თბილისში, მეიდანზე, 2 დღიანი „აწარმოე საქართველოში“. აქ ბაკურიანში მიღებული გამოცდილება გავითვალისწინე და იმის გამო, რომ ზოგიერთს ეძვირებოდა ჩვენი პროდუქტის ფასი, ზომები შევცვალე და შესაბამისად, ნაკლები ფასი დავადე, რამაც მეტ-ნაკლებად გაამართლა. რაც შეეხება ჩემს მთავარ #შეცდომას – უკავშირდება ზამთრის ბაკურიანის სეზონს, რომელზეც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებდი და რომელმაც ყველაზე მეტად გამიცრუა მოლოდინები. სწავლის გამო, დამიგვიანდა ლოკაციის შერჩევა და ამიტომაც, მე რომ ამაზე დავიწყე ფიქრი, კარგი ადგილები უკვე აღებული ჰქონდათ. გარდა ამისა, ბაკურიანში, წელს, არცთუ ისე სახარბიელო სეზონი იყო უთოვლობისა და შესაბამისად, ხალხის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ჩემ მიერ მომხმარებელთა სურვილებისა და მოთხოვნების სწორად ვერ განვსაზღვრაში იყო. მაგალითად, უმრავლესობას არ უნდოდა ბურგერი და ჰოთ-დოგი და უნდოდა შაურმა, ანუ რაც შეიძლება იაფად, მეტის ჭამა. რადგან ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი მივაწოდო მომხმარებელს, შაურმას ვერ გავაკეთებდი გაყინული ხორცით და შევთავაზე ალტერნატივა – მწვადი თონის პურში a.k.a. ქართული შაურმა. მეტ-ნაკლებად მოგვეჩვია ხალხი და ნავაჭრმაც მოიმატა, მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც ველოდი ზამთრის სეზონის დასაწყისში, ამიტომაც, დროებით დავიკეტეთ. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ღირდა გამოცდილების მისაღებად და მზად ვარ, ზამთრის შემდეგ სეზონს უფრო მომზადებული შევხვდე – ადგილზე ფიქრი მალევე დავიწყო და გავარკვიო მომხმარებლის მოლოდინები და სურვილები. წინ კი ცხელ-ცხელი ზაფხულია და ბათუმი გვიხმობს. იმედია, რომ როგორც იმ 3-მა დღემ გაამართლა, ასევე იქნება მთელი სეზონიც და ვინ იცის, იქნებ, ერთით მეტი Food-Truck-ით შევხვდეთ ზაფხულს?!

განხილვა