მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გიზიარებთ.
90-იანები იყო, როდესაც 18 წლისა გერმანიაში წავედი ოპერად. ეს პროგრამა გულისხმობს იქაური ოჯახის დახმარებას ბავშვების აღზრდაში, შენ კი ენის კურსებს გადიხარ. იქ აღმოვჩნდი ბავშვებთან, რომლებთანაც საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი. ერთ-ერთი მათგანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ). მაშინ საქართველოში თითქმის არ არსებობდა ცნობიერება ამ საკითხის გარშემო. სამშობლოში დაბრუნებულმა რესტორან Marco Polo-ში დავიწყე მუშაობა.
შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი“, რომელიც მუშაობს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან. იმ დროისათვის ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ქუჩაში მცხოვრები. ამ ორგანიზაციასთან ერთად დავიწყე სხვადასხვა პროექტზე მუშაობა და ამ ახალგაზრდებთან მეგობრობა. ასეთ დროს, ადამიანს, პირველ რიგში სჭირდება კარგი მეგობრები, მესმოდა, რამდენად რთული იყო მათთვის ემოციური კავშირის შეგრძნება და მინდოდა ამ მხრივ ეგრძნოთ ეს მხარდაჭერა. ასევე, ჩემს ცხოვრებაში იყო აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი, რომელთან ერთადაც 4 წლის განმავლობაში ვიცხოვრე და ვიმუშავე. 7 წლის წინ დავბრუნდი სამშობლოში და გამიჩნდა სურვილი დიდი ხნის დაგროვილი სათქმელი გარეთ გამომეტანა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ფოტოკამერა და დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა. ეს ჩემთვის თერაპია იყო, დღემდე ასეა. 33 წლის ასაკში მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ სრულიად შემეცვალა ჩემი ცხოვრება. მაშინ გავაცნობიერე, რამდენად მესაჭიროებოდა საკუთარ მესთან ჩაღრმავება, თერაპია და საკუთარი შეგრძნებების ადამიანებისათვის გაზიარება. ეს გადაწყვეტილება განაპირობა ადამიანების სიყვარულმა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ფოტოგრაფიამ მომცა საშუალება უფრო თამამი ვყოფილიყავი. თუკი მანამდე გამბედაობა არ მეყოფოდა ვინმესთან მივსულიყავი და შემეთავაზებინა ერთად მუშაობა, ფოტოკამერამ ამის წინაპირობა შემიქმნა.
თავს ბედნიერად ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ფოტოგრაფიამ ჩემთვის ეს განცდა სრულიად განაახლა. დავიწყე დეტალების დანახვა, ემოციების ბევრად მკაფიოდ აღქმა, სამყაროს განსხვავებულად შეგრძნება – შემაყვარა ყველანაირი ამინდი, ადგილები, სოფლები, ადამიანები, კულტურა, დეტალები. თუკი ადრე უფრო ზედაპირულად ვხედავდი ყველაფერს, ფოტოგრაფიამ ეს ყველაფერი გაშალა და უფრო ვრცლად მოიტანა ჩემამდე. ამავდროულად, გადავწყვიტე, რომ ბედნიერების ეს წყარო ყოფილიყო ჩემი შემოსავალი, თუნდაც თვეში მხოლოდ 50 ლარი ამეღო. მოგეხსენებათ, 33 წლის ასაკში რამდენად რთულია ასეთი გადაწყვეტილება. ძალიან დიდ რისკზე წავედი და არ ვნანობ – მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და ფერადი გახდა. ვისწავლე, რომ ცხოვრება ერთი წამია. მნიშვნელოვანია ამ წამის დანახვა, შენახვა და დაფასება.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.