მოდას ძალიან უყვარს დაბრუნებები და ამჯერად ეს დაბრუნება, ნაწილობრივ, ხელახალ გადამუშავებასაც უკავშირდება. ბრენდი John Galliano კვლავ ყურადღების ცენტრშია, წარსულს უბრუნდება და Zara-ს არქივებს ახალი ფორმით აცოცხლებს.
დიზაინერმა Zara-სთან ორწლიანი შემოქმედებითი თანამშრომლობა დაიწყო, რაც მისი პირველი მასშტაბური პროექტია მას შემდეგ, რაც 2024 წელს Maison Margiela დატოვა. ამ პროექტის ფარგლებში ის სრულიად ახალ კოლექციას არ ქმნის – ამის ნაცვლად, ბრენდის უკვე არსებულ დიზაინებს უბრუნდება და მათ ახალ სეზონურ კოლექციებად გარდაქმნის. აქცენტი გადატანილია არა თავიდან შექმნაზე, არამედ გადახალისებასა და ინტერპრეტაციაზე.
თანამშრომლობა Paris Fashion Week-ზე გამოცხადდა და ეფუძნება კონცეფციას, რომელსაც გალიანო „ხელახალ ავტორობას“ უწოდებს. პროცესი გულისხმობს Zara-ს ძველი ნამუშევრების დაშლასა და მათ ხელახლა აწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი სწრაფ წარმოებასთან ასოცირდება, ეს პროექტი უფრო ნელ, გააზრებულ შემოქმედებით პროცესს ამკვიდრებს.
არქივში არსებული ტანსაცმლის გამოყენება მდგრადობისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების მაგალითიც არის, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი კომერციულ ჩარჩოში რჩება. ამავდროულად, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იდეას, რომ სიახლე აუცილებლად ნულიდან უნდა იქმნებოდეს.
გალიანოს მოდის ინდუსტრიაში ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება – მისი ბოლო კოლექციის, Artisanal ხაზის დასრულების შემდეგ Maison Margiela-ში, დიზაინერი საჯარო სივრციდან გარკვეული დროით გაუჩინარდა.
პროექტი ასევე ემთხვევა Zara-ს ტრანსფორმაციას, რომელიც Marta Ortega Pérez-ის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ბოლო წლებში კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან, მათ შორის Narciso Rodriguez-თან და Stefano Pilati-თან. გალიანოს მრავალსეზონიანი პროექტი კი, რომელიც სავარაუდოდ 2028 წლამდე გაგრძელდება, ამ თანამშრომლობებს შორის მასშტაბითა და ხანგრძლივობით გამოირჩევა.
დიზაინერის თქმით, ეს პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინა კუტიურის ნამუშევრებისგან და მოითხოვს დიზაინის სრულიად ახალ მიდგომას. აქ მთავარი აქცენტი ტრანსფორმაციაზე კეთდება – ტანსაცმელს ეძლევა შესაძლებლობა, გასცდეს საკუთარ თავდაპირველ ფუნქციასა და დანიშნულებას.
პირველი კოლექციების გამოშვება 2026 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, ხოლო შემდგომი გამოშვებები ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასეთი ფორმატი საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ, როგორ ერგება გალიანოს შემოქმედებითი ხედვა Zara-ს მასობრივი წარმოების სისტემას.













