ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, სადაც ZARA-ს, MANGO-სა და Bershka-ს ბრენდების ჯინსის პროდუქცია იკერება. საწარმოში 104 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული და როგორც დამფუძნებლები ამბობენ, თანამშრომელთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება.

„ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი. როგორც ხელმძღვანელებმა გვითხრეს, აქ საწარმოს გახსნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან გაფორმებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ“, – ამბობს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე.

საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. პროექტში კერძო სექტორის მხრიდან, დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.












