in

მწირი ბიუჯეტით გლობალურ ბრენდამდე – ZARA-ს ისტორია

თითოეულ ჩვენგანს აქვს ან ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონია გარდერობში ტანსაცმელი, რომელსაც იარლიყზე ZARA აწერია. ტანსაცმლის ეს ცნობილი ბრენდი სათავეს ესპანეთიდან იღებს და დამატებით გვთავაზობს როგორც აქსესუარებს, ისე პარფიუმის ხაზს. მისი ერთ-ერთი გამორჩეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბრენდი ყველა სეგმენტს მოიცავს: კაცები, ქალები და ბავშვები. 

istoriebi
istoriebi

სწორად მიხვდით, „ისტორიების” დღევანდელი თემა ZARA და მისი შექმნაა.

კომპანიის დაფუძნება

კომპანიის დასაფუძნებლად ამანსიო ორტეგას ბევრი ფული არ ჰქონდა. მისი ბიუჯეტი ძალიან მწირი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა, ეცადა. პირველი მაღაზია 1975 წელს ესპანეთის ქალაქ გალიციაში გაიხსნა, სადაც ის ახლაც არსებობს. თავდაპირველად მაღაზიას დაერქვა Zorba, რისი ინსპირაციაც 1964 წელს გამოსული ფილმიდან, Zorba the Greek-იდან წამოვიდა. 

ცოტა ხანში ორტეგამ შეიტყო, რომ მის მაღაზიასთან ახლოს ამავე სახელწოდების ბარი იყო გახსნილი, ამიტომ მაღაზიას სახელწოდება შეუცვალა და Zara დაარქვა. 

წარმატებული დასაწყისი და შეცვლილი სამოქმედო გეგმა

მისი ტანსაცმელი ხელმისაწვდომი იყო ფართო საზოგადოებისთვის, ამავდროულად, განსხვავებული და მოხდენილი, რამაც თავიდანვე დიდი პოპულარობა მოუტანა. ორტეგამ გადაწყვიტა, ესარგებლა წარმატებული სტარტით და კიდევ რამდენიმე მაღაზია გაეხსნა ესპანეთში.

ფილიალების დამატებასთან ერთად, დამფუძნებელმა ახალი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. 1980-იანი წლების განმავლობაში მან შეცვალა დიზაინი, წარმოება და დისტრიბუციის პროცესი, რათა შეემცირებინა პროდუქციის დამზადების დრო და ახალ ტენდენციებზე უფრო სწრაფი რეაგირება მოეხდინა. ამას ორტეგამ „მყისიერი მოდა” უწოდა, რაშიც ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინერების ჯგუფსაც რთავდა. 

რაში მდგომარეობს Zara-ს წარმატების საიდუმლო

Zara-ს წარმატების საიდუმლო ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ქუჩის მოდას და დროის ცვალებადობას. მისი ტაქტიკა თავიდანვე იმით გამოირჩეოდა, რომ ბრენდი კოლექციებს მალ-მალე, 2 კვირის შუალედში ცვლიდა მაშინ, როცა მოდის ბრენდების უმეტესობას მთელი ექვსი თვე დასჭირდებოდა ახალი დიზაინის ბაზარზე გასატანად.

სწორედ აქ დაამარცხა Zara-მ დანარჩენები და გახდა იმ ადამიანების საყვარელი ბრენდი, რომელთაც მოსწონდათ, მუდმივად განსხვავებულები რომ იყვნენ. 

მაღაზიების გახსნა საზღვრებს გარეთ

ესპანეთის გარეთ პირველი მაღაზია 1985 წელს პორტოში, პორტუგალიაში გაიხსნა. 1989 წელს შეერთებულ შტატებში შევიდა, შემდეგ კი უკვე ევროპის სხვა ქვეყნებშიც გადაინაცვლა. 

2010 წლის სექტემბერში Zara ონლაინვაჭრობაზეც გადავიდა და პირველი E-commerce მაღაზია გახსნა. იმავე წელს Zara Online-მა კიდევ ხუთ ქვეყანაში გააფართოვა თავისი სერვისი. დღესდღეობით ბრენდი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს ონლაინ.

Zara და ეკომეგობრულობა

როდესაც Zara-ზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული კომპანიაა. ის იყენებს მზის პანელებს და ქარის ტურბინებს. ამასთან, მასალა, რომლითაც Zara-ს პროდუქცია მზადდება, ასევე, როგორც ბრენდი ამბობს, 100%-ით ნატურალური ქსოვილისგანაა შეკერილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდი არასოდეს ყოფილა გამორჩეული გადამეტებული რეკლამით. მისი რეკლამა მისივე სტრატეგია და პროდუქტი იყო, რომლითაც Zara მომხმარებლის გულს იპყრობდა. თავად დამფუძნებელიც დიდად არ გამოირჩეოდა ინტერვიუების სიყვარულითა და მედიასთან ურთიერთობით, ის ფიქრობდა, რომ Zara-ს მთავარი რეკლამა ხარისხი იყო. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ბრენდის წარმატებაც და ის ფაქტიც, რომ ის ახლაც განაგრძობს ზრდას.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ახალი ბრენდები, რეგიონული ექსპანსია და გაზრდილი ფინანსური მაჩვენებლები — თეგეტამ გასული წელი 1.4-მილიარდიანი შემოსავლით დაასრულა

Heinz-ისთვის ლოდინი ნამდვილი სიყვარულის ფორმაა