in

სიახლეები, რომლებიც ზარაფხანას რჩეულ ბრენდად ტოვებს და ლოგოს რებრენდინგი

საქართველოში დღესდღეობით ბევრი ისეთი ბიზნესი არ გვაქვს, რომლის ისტორიაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. მართალია, იმ ეპოქას ჰყავდა თავისი ოქრომჭედლები, დურგლები, მეწაღეები და სხვა პროფესიონალები, მაგრამ მათგან ერთი მიმართულება განვითარდა ისე, რომ დღევანდელ დღემდე მოაღწია და ქვეყნის მთავარი იუველირის ტიტულს ატარებს. ეს საწარმო გახლავთ საიუველირო სახლი „ზარაფხანა”.

უკვე 84 წელია, რაც „ზარაფხანა” ერთგულად იცავს ქართულ ტრადიციებს, ეროვნულ მოტივებზე დაყრდნობით ქმნის თავის პროდუქციას, რომლის იდენტურსაც სხვაგან ვერ ნახავთ, თუმცა ისტორიული სიმდიდრის დაცვა სრულებით არ გულისხმობს თანამედროვეობასთან ჩამორჩენას, პირიქით – საწარმო აქტიურად უწყობს ფეხს თანამედროვე სამყაროს როგორც ტექნოლოგიის, ისე დიზაინის კუთხით, რომელსაც ის იყენებს. 

გარდა სამკაულებისა, „ზარაფხანა” ქმნის უნიკალურად დამზადებულ სუვენირებსაც და გაყიდვების ორ ხაზს აწარმოებს – საცალოსა და კორპორაციულს. ბრენდი ცდილობს, მომხმარებელს მუდმივად უსმინოს, გაუკეთოს საინტერესო შეთავაზებები და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ არ უღალატოს თავის პირველად მიზნებს, კონცეფციას, რომელსაც იგი აგერ უკვე ამდენი წელია, მიჰყვება. 

2022 წელს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე სამხარაძე დადებითად აფასებს და 2023 წლის სიახლეებზეც გვესაუბრება:

„2022 წელი რეკორდული წელი იყო. 2019 წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი 24-ნახევარი პროცენტით გავზარდეთ. ეს წელი ასევე გამორჩეული იმითაც იყო, რომ გამოვუშვით ახალი კოლექცია, რომლის ინსპირაციაც ქართველი მეფეებისა და დედოფლების სამოსია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიულ ნაკეთობებს ხშირად ვაახლებთ, დაახლოებით 4 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც არ გვქონდა უშუალოდ ახალი კოლექცია გამოშვებული. მოგეხსენებათ, მსგავსი ნამუშევრების დამზადება უამრავ რესურსთანაა დაკავშირებული და 2022 წელმა ეს რესურსი მოგვცა”.

M: რა იყო ამ კოლექციის შთაგონების წყარო?

ჩვენი ყველა კოლექცია, ისინიც, რაც მანამდე გაგვიკეთებია – მცხეთის იქნება ეს, კოლხური თუ სხვა, ისტორიულ მოტივებზეა დაფუძნებული და არტეფაქტებითაა შთაგონებული. თითოეული მათგანი ქართული საიუველირო ხელოვნების ნიმუშია. ბოლო კოლექციის ინსპირაციაც აქედან მოდის, თუმცა, თუ დავკონკრეტდებით, ესაა ჩვენი მეფეებისა და დედოფლების სამოსი, შესამკობი აქსესუარები, რითაც ფორმდებოდა მათი სამოსელი. გადმოვიტანეთ ფორმები, ფერები და ჩვენმა დიზაინერებმა უკვე ახალი ფორმა მისცეს. პრეზენტაციაც შესაბამისი გავაკეთეთ, სადაც თითოეულ ნიმუშს გვერდზე ჰქონდა იმ პერსონის გამოსახულება, ვისი ინსპირირებითაც იყო შექმნილი. მაგალითად, თუ ეს იყო დავით აღმაშენებელი, სამკაულს გვერდით ჰქონდა დავით აღმაშენებლის პლაკატი და ა.შ. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ მოსულ საზოგადოებას უკეთ აღექვა კოლექცია და მისი შთაგონების წყარო.

M: როგორი იყო საზოგადოების გამოხმაურება?

სიმართლე გითხრათ, ველოდით, რომ კოლექციის ჩვენებას კარგი შეფასება მოჰყვებოდა, თუმცა გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა. დაახლოებით 10 ნაკეთობა მეორე-მესამე დღეს გაიყიდა და ზოგადი შეფასებაც საკმაოდ დადებითი დავიმსახურეთ, რაც ძალიან გაგვიხარდა, რადგან მივხვდით, რომ ჩვენი ახალი იდეით ახლოს მივედით მომხმარებელთან.

M: რა სიახლეები იგეგმება 2023 წელს?

საწარმოში ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები: უფრო ფართოვდება, ვამატებთ ახალ დანადგარებს, რომლებითაც კიდევ მეტად მორგებულები ვიქნებით თანამედროვე სტანდარტებზე. ამ ყველაფრისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება, რაც ჩვენი გათვლით, ზარაფხანას საწარმოო წარმადობას 3-ჯერ გაზრდის. 

ამასთან, ვაპირებთ, რომ გავაფართოოთ კორპორაციული მიმართულება და მოვიზიდოთ ახალი კლიენტები, მეტი დიზაინი შევთავაზოთ, მეტ კორპორაციულ კლიენტს გავაგებინოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. 

M: კორპორაციული მიმართულების შესახებ რომ ვისაუბროთ: რას მოიცავს ის და რით განსხვავდება საცალო ხაზისგან?

როდესაც, მაგალითად, კომპანია გეგმავს რაიმე ღონისძიებას, წარმატებას აღნიშნავს, სტუმარს ელოდება ან თავად მიდის სადმე ვორკშოპზე, გვიკვეთავს სუვენირს, რომელიც მისთვის ინდივიდუალურად იქნება დამზადებული. არის ისეთი შემთხვევაც, როცა ისეთივე ნამუშევარი სურს, როგორიც გვიდევს საცალო კატეგორიაში, თუმცა ძირითადად მაინც უნიკალური დიზაინის მქონე პროდუქტი უნდათ. ეს შეიძლება იყოს მედალი, ან რომელიმე კომპანიის შენობის ფორმის სუვენირი და სხვა. მათ ძალიან ეამაყებათ ხოლმე, რომ ეს ნამუშევრები „ზარაფხანას” დამზადებულია და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენც ვამაყობთ.

M: თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი მიზეზები, რაც „ზარაფხანას” მოწინავე პოზიციებზე ტოვებს წლების მანძილზე?

მაღალი ხარისხი და მომხმარებლის გათვალისწინება – ეს არის ის მთავარი ღირებულებები, რასაც ზარაფხანა ეყრდნობა და რამაც აქამდე მოიყვანა, როგორც მოწინავე ქართული ბრენდი. ჩვენი ხარისხის კონტროლის განყოფილებაში ექსპერტები საგულდაგულოდ აფასებენ, იუველირმა რამდენად ყველა დეტალი დაიცვა, რაც საჭირო იყო ამა თუ იმ პროდუქტის შესაქმნელად. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპერტი აბრუნებს ნივთს წარმოებაში, რათა გამოსწორდეს. მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებელს და მის სურვილებს, ეს ყველაფერი კი პოზიციის შენარჩუნებაში გვეხმარება.

ის, რომ მომხმარებლის ინტერესებს „ზარაფხანა” მუდმივად უგდებს ყურს კიდევ ერთი სიახლით გამოიკვეთა – კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და ახალი ლოგოთი გამოჩნდა. ის კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებს იმ ასოციაციებს, რომლებსაც ბრენდი საზოგადოების თვალში ტოვებს. შემოქმედებითი ჯგუფი ეცადა, რომ ახალ ლოგოში მაქსიმალურად ყოფილიყო შერწყმული ბრენდის იდენტობა და მომხმარებლის აღქმა. 

თეა გოცაძე, კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი:

„ზარაფხანას რებრენდინგის ფარგლებში ვიზუალური მახასიათებლები შეიცვალა და პოზიციონირებას ახალი ლოგოთი ვიწყებთ, რაც კომპანიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია.

სიახლეების დანერგვის პროცესში და ფოკუს ჯგუფების ჩატარების შედეგად, მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ბრენდის ვიზუალური ნაწილი საჭიროებდა განახლებას. რებრენდინგის მიზანი იყო ვიზუალურ მახასიათებლებში გამოგვეხატა ბრენდის ხასიათი, სტილი და ფილოსოფია. ის უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ასოცირებული ქართულ ელემენტებთან, რადგან ბრენდი მრავალწლიანი ქართული საოქრომჭედლო ტრადიციების მატარებელია და სწორედ ეს არის მისი ძლიერი მხარეც და კონკურენტული უპირატესობაც.

შედეგად, ბრენდის ვიზუალური იდენტობა და სტილი მეტად დაიხვეწა, შეიცვალა მხოლოდ ლოგოტიპი, ფერები დარჩა იგივე – ლურჯი და თეთრი, რომელიც სანდოობას იწვევს მომხმარებელში. ზარაფხანას განახლებული ლოგოტიპი თავისი მოხაზულობით უფრო ქართულ ორნამენტსაა მიმსგავსებული. ლათინურ ლოგოში ZARAPXANA-ს ნაცვლად ZARAPKHANA დაიწერება. სიმბოლო იქნება ქართული ასო „ზ“, რომელიც ასევე ჰგავს უსასრულობის სიმბოლოს და ფილოსოფიურად სამყაროს მრავალფეროვნებას გამოხატავს, სწორედ ამ სიმბოლოსთან დავაკავშირეთ ლოგო, რადგან ძვირფასი სამკაულით გამოწვეული ემოციაც მარადიულია.

ასევე, ვიზუალურ სტილში მითითებულია კომპანიის დაფუძნების წელი – 1939, რითაც მივანიშნებთ ბრენდის ისტორიასა და დიდ გამოცდილებაზე”.

[R]

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება UI დიზაინში

„ბიზნეს დიალოგი“ — ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში