ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა:
Ზაზა გამეზარდაშვილი, პროგრამისტი, ლექტორი.
M: ბატონო ზაზა, ზოგადად, ვიცით, რომ პროგრამისტი სხვადასხვა მოწყობილობისთვის კოდებს წერს, რითაც კომპიუტერს მიუთითებს, რა მოქმედება შეასრულოს. როგორია პროგრამისტის როლი, დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში?
დღეს, Პროგრამირება ყველა სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს – სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, კოსმოსის ათვისებით დამთავრებული.
M: ლექტორი ბრძანდებით… რას მოიცავს თქვენი ყოველდღიური პროფესიული საქმიანობა?
ლექციების კითხვა, წრის მეცადინეობების ჩატარება, სტუდენტთა ნაშრომების შეფასება, ამოცანებისა და ტესტების შედგენა და მათი სერვერზე ატვირთვა, ოლიმპიადების მომზადება და ჩატარება, ვიდეოლექციების ჩაწერა და Youtube-ზე ატვირთვა.
M: თქვენს პროფესიაში ყველაზე აუცილებელ რომელ უნარებს გამოყოფდით?
Სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარს.
M: რა არის პროგრამისტობის მთავარი სირთულე?
ახალგაზრდა დარგია და გამუდმებით უნდა იყო სიახლეების კურსში.
M: და ყველაზე სასიამოვნო ფაქტორი?
Როცა ჩემი აღზრდილები ოლიმპიადებზე ან პროფესიულ კარიერაში წარმატებას აღწევენ.
M: თქვენზე გვიამბეთ… თავად როგორ აირჩიეთ ეს პროფესია?
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე და კიბერნეტიკის სპეციალობა, როგორც ყველაზე პერსპექტიული და განვითარებადი პროფესია, ავირჩიე. თსუ-ის დამთვარების შემდეგ ქუთაისის სამეცნიერო ცენტრში ვმუშაობდი. ქუთაისშივე დავიწყე მოსწავლეთა მომზადება ინფორმატიკის ოლიმპიადებისათვის. Შემდეგ თბილისში, უზენაეს სასამართლოში პროექტის ხელმძღვანელად მიმიწვიეს. Პროექტზე მუშაობისას რამდენიმე უნივერსიტეტში „ალგორითმების“ კურსის წაკითხვა შემომთავაზეს და ოჯახით თბილისში გადმოვედი. Პარალელურად, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მომზადებით ვიყავი დაკავებული.
M: აკადემიური საქმიანობა როდის დაიწყეთ?
თავდაპირველად, წრის მეცადინეობებს მშობლიურ სკოლაში ვუძღვებოდი. Შემდეგ, როცა ოლიმპიადებზე მოსწავლეებმა სტუდენტები სისტემატურად დაჯაბნეს, უნივერსიტეტები ჩემით თავად დაინტერესდნენ. ლექციებს 20 წელია, ვკითხულობ.
M: Რა შეცვალა პანდემიამ თქვენს საქმიანობაში?
ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ლექციების კითხვისას დაფას იშვიათად ვიყენებ და პროცესი მთლიანად პროექტორზე მაქვს აწყობილი, ამიტომ დისტანციური სწავლებისას სხვაობა დიდი არ არის.
M: რას გვეტყვით სწავლების პროცესში თქვენს უნიკალურ მიდგომებზე?
ვცდილობ, ასახსნელ საკითხში ყოველთვის ახალი შტრიხები შევიტანო და აუდიტორიას მოვერგო. Მაგალითად, ფენვიკის ხის ალგორითმი რთული აღსაქმელია, ამიტომ, უშუალოდ, ალგორითმის ახსნის წინ, ერთი მათემატიკური ფოკუსი ჩავრთე და ამან მასალის გააზრება გარკვეულად გააიოლა.
M: რა განიჭებთ პროფესიულ სიამაყეს?
ასეთი მომენტი ბევრი მქონია, განსაკუთრებით, ოლიმპიადებზე. 2018 წელს, იაპონიაში, მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე 2 ოქრო ავიღეთ. ყველა გვილოცავდა – ნაცნობი თუ უცნობი. Რამდენჯერმე ზურგსუკან ხმადაბლა ნათქვამი მომესმა: „ესენი არიან ქართველები“. Რამდენიმე ქვეყანამ შემოგვთავაზა, მომდევნო ოლიმპიადისთვის ერთად მოვემზადოთო. განსაკუთრებით, რუსები აქტიურობდნენ, მგზავრობის გარდა, ყველა ხარჯს ჩვენს თავზე ვიღებთ, ოღონდ ჩვენს შეკრებაზე ჩამოდითო. ცხადია, უარი ვუთხარით.
M: რომელ პროფესიულ რესურსებს ენდობით?
Visualgo.net, codeforces.com, e-maxx.ru, geeksforgeeks.org, leetcode.com, hackerearth.com, usaco.org, spoj.pl, hackerrank.com. Მასალა ბევრია და თუ რაიმე ახალ რესურსს წავაწყდები, მის გაცნობაზე უარს არასდროს ვამბობ, თუნდაც, ეს საკითხი ძალიან კარგად ვიცოდე.
M: რა არის პროგრამისტობის მთელი ხიბლი? როგორ შეიძლება, დავაინტერესოთ ადამიანები, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში უწევთ?
Სხვადასხვა ეპოქაში ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას სხვადასხვა პროფესია განაპირობებდა: მეომრები, მეზღვაურები, ვაჭრები და ა.შ. ამ კუთხით, დღეს, პროგრამისტის პროფესიაა გადამწყვეტი.
M: და თუ ზემოთქმულმა იმდენად გაჭრა, რომ პროგრამისტობა მოგვანდომა, რას გვირჩევთ, ჩვენს ქვეყანაში, ამ პროფესიის შესასწავლად, რა შესაძლებლობები არსებობს?
Მოსწავლეებს „კომაროვსა“ და „მზიურს“, ვეკუას სკოლასა და ქუთაისის ფიზმათს ვურჩევდი, აბიტურიენტებს – თავისუფალ უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს. სხვებისთვის ინტერნეტში უამრავი უფასო რესურსია. მათ შორის, „იუთუბზე“ ჩემი ვიდეოგაკვეთილები.
M: Რომელი პროგრამული ენების ცოდნაა, დღეს, პრაქტიკული? გასაგებია, რომ სხვადასხვა განხრის მიხედვით – ვებდეველოპერი ხარ, მონაცემთა მეცნიერი, მობილური აპლიკაციების დეველოპერი თუ სხვა, ჩამონათვალი განსხვავებული იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე პროგრამირების უამრავი ენა არსებობს, შესაძლებელია, თუ არა, მათ შორის, ყველაზე აუცილებელი ენების გამოყოფა?
Ჩემი შეხედულებით, კონკრეტული ენის ცოდნა მეორეხარისხოვანია. Მთავარია, პროგრამისტული აზროვნება ჩამოყალიბდეს. თუ სწორად აზროვნებს, პროგრამისტი ნებისმიერ ენას სწრაფად აითვისებს.
M: თქვენ ახსენეთ, რომ მოსწავლე/სტუდენტებს ოლიმპიადებისთვისაც ამზადებთ. თქვენი გამოცდილებით, რა შესაძლებლობებს ხსნის მსგავს შეჯიბრებებზე მონაწილეობა?
ინფორმატიკის ოლიმპიადების თემატიკა ახლოსაა იმ ამოცანებთან, რომლის გადაჭრაც პროგრამისტს პროფესიული სამუშაოს შესრულებისას უწევს და თუ ამ უნარებს ადრიანად განივითარებს, წარმატების მიღწევა რთული აღარ არის. 20 წელია, ინფორმატიკის ოლიმპიადებთან შეხება მაქვს და წარუმატებელი ოლიმპიელი ჯერ არ მინახავს. ათეულობით ჩემი ყოფილი მოსწავლე და სტუდენტი, დღეს, „გუგლში“, „მაიკროსოფტში“, „ამაზონში“ და ა.შ. მუშაობს.