13 მარტს თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“, სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და Krombacher-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოსა და აზერბაიჯანში გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
„ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პრემიალური ლუდის ბრენდებისა და გამაგრილებელი სასმელების ოფიციალური წარმომადგენელია, საკუთარ პორტფოლიოს აფართოებს. ამიერიდან ზედაზენი საქართველოში Krombacher-ის ახალი და საიმედო პარტნიორი ხდება.
როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე განმარტავს, კომპანიასა და Krombacher-ს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. შესაბამისად, ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუციასა და განვითარებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ იზრუნებს.
მისივე თქმით, „ქართული ლუდის კომპანიას“ შექმნის დღიდან აქვს სწრაფვა იმისა, რომ იყოს ნომერ პირველი კომპანია ლუდის ინდუსტრიაში თავისი პორტფელით და მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ფართო არჩევანი.
გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ადგილობრივი ბაზრის ლუდის მომხმარებელს აქვს მზაობა და მოთხოვნა პრემიუმ კატეგორიის ლუდების ბრენდებზე, საერთაშორისო აღიარებით და ექსკლუზიური წარმოების ადგილებით. სწორედ ამ მიზნით, „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელში გაჩნდა იმპორტის კატეგორია და დაემატა მსოფლიოში ცნობილი, გერმანიის ბაზრის უპირობო ლიდერი, ლუდი Krombacher.
კახაბერ კოტრიკაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია Krombacher-ის ქოლგის ქვეშ არსებული 0.0%-იანი, ხორბლისა და გაუფილტრავი ლუდის დამატება.
„კრომბახერი საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან არის წარმოდგენილი, თუმცა ზედაზენთან თანამშრომლობა კომპანიის ახალი ნაბიჯია. ზედაზენი კრომბახერს საქართველოს ბაზარზე ახალ საფეხურზე აიყვანს. საქართველო ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მარკეტი იყო, თუმცა ზედაზენთან პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური სიახლეა. ზედაზენის მსგავსად, დიდი ლუდსახარშის ოჯახის წევრები ვართ. იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რა გამოარჩევს კრომბახერს, ჩვენი ლუდი სოფელ კრომბახში იწარმოება და წარმოების პროცესში მხოლოდ ჩვენს წყალს ვიყენებთ. ამიტომაცაა, რომ სადაც არ უნდა დალიო კრომბახერი, ეს იქნება ევროპა ამერიკა თუ ავსტრალია ყველგან ერთი გემოა, რადგანაც ერთი წყლით არის დამზადებული. სწორედ ეს არის ჩვენი სტანდარტი და განსაკუთრებულობა“, — განაცხადა Krombacher-ის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელმა დაგმა ბროსკამ.
ცნობისათვის, საოჯახო, გერმანული ლუდსახარში Krombacher 1803 წელს დაარსდა და დღეს 70-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ყოველწლიური კვლევების მიხედვით, ბოლო 20 წელია, Krombacher გერმანული ბაზრის უპირობო ლიდერი და ნომერ პირველი გერმანული ლუდია.
შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში მდებარეობს კომპანია. მისი კონცეფციით, დაგეგმარებით, საწარმოო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, მართვის სისტემებითა და სტილით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა არაალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის ინდუსტრიაში. ზედაზენი რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე საწარმოა, რომლის პორტფელიც აერთიანებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს, წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს, ნატურალურ წვენს და ცივ ჩაის.
[R]