“ ქართული ლუდის კომპანია” ზედაზენი ბაზარზე 2012 წლის მარტში გამოჩნდა. პიარ მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ შექმნის იდეა ხარისხიანი ლუდის მოლოდინისა და მოთხოვნის გამო გაჩნდა:
“ხარისხიანი ლუდის გამოსვლის სურვილი საზოგადოებას ჰქონდა, დიდი ხნის განმავლობაში იყო მოთხოვნა და მოლოდინი. გახსნიდან ერთ თვეში ISO სერტიფიკატი მივიღეთ. ასეთი ხარისხის მიღება კი უახლესი დანადგარების, ჩეხი და გერმანელი სპეციალისტების, მაღალკავლიფიციური თანამშრომლების ხარჯზე ხდება”.
აღსანიშნავია, რომ “ზედაზენის” ქარხანა ჩეხურმა კომპანიამ ZVU POTEZ-მა დააპროექტა. მის მშენებლობაში 70 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც საკმაოდ მოცულობითია ქართული კაპიტალისთვის. ამჟამად წარმოებაში 700 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება პროდუქციას, ხუთი სახეობის ლიმონათსა და ერთი სახეობის ლუდს აწარმოებს.
“ზედაზენი” სამი სხვადასხვა კომპანიის სააქციო გაერთიანების შედეგად შეიქმნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სს „ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებლები მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და მისი ძმა იაგო ჩოჩელი, ახლანდელი და ყოფილი პარლამენტარები კახა ოქრიაშვილი და დავით ბეჟუაშვილი არიან. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ განმცხადებელი გიორგი აბესაძეა. ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ “ზედაზენი” სამი სხავდასხვა აქციონერი კომპანიისგან დაფუძნდა , თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. ასევე ამბობს, რომ ზედაზენის” დამფუძნებლები ლუდსახარში “ნატახრტარის” მფლობელები იყვნენ, რომელიც 2007 წელს “Efes Breweries International”- მა იყიდა. აღსანიშნავია რომ “ნატახტარს” კომპანია “ლომისი “ აწარმოებდა, რომლის დამფუძნებლებიც, 1995 წლიდან, ცეზარ და იაგო ჩოჩელები იყვნენ.
“ზედაზენში” ფიქრობენ, რომ მათ კონკურენტი არ ჰყავთ. კომპანიის პიარ მენეჯერის თქმით, მათი ლუდისა და ლიმონათის ხარისხი ძალიან მაღალია და სწორედ ეს უპირატესობა აქვთ სხვა კომპანიებთან.
“ჩვენი პროდუქცია უნიკალურ ზედაზენის მთის ძირიდან გამოსულ წყალზე მზადდება. გვყავს ჩეხი ტექნოლოგები, ჩვენთან მუშაობს პროფესიონალთა გუნდი.გვაქვს უახლესი და ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკა. ჩვენში დევს ქართული ხასიათი, ლიდერობის სურვილი.ეს კი მაღალი ხარისხის გარანტიაა”, – ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
სტატისტიკაზე საუბარი უჭირს, თუმცა, აღნიშნავს , რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად , მომხარებელთა უმეტესობა ირჩევს “ზედაზენს”. მისი თქმით, შესაძლოა, ბაზრის წილი სხვა კომპანიებს უფრო მეტი ჰქონდეთ გაყიდვების კუთხით, თუმცა, კონკრეტულად ლუდ “ზედაზენზე” გაცილებით მეტი მოთხოვნაა.
2012 წლის ზაფხულში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განცხადებით ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე “ზედაზენის” ტარხუნის ლიმონათში სინთეზური საღებავები (E 102 და E 131) აღმოჩნდა. რაც მათი თქმით, შესაძლებელია იყოს საკვებ პროდუქტში, ოღონდ ეტიკეტზე შესაბაისი აღნიშნვით, ეს კი “ზედაზენს” არ ჰქონდა. ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ამ დასკვნის შემდეგ ცენტრს გაუგზავნეს მასალები ნედლეულის შესახებ, ამბობს, რომ ამის შემდეგ ცენტრიდან აღარ მიუმართავთ.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, ლუდსახარში “ზედაზენი” იყიდება. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს კომპანიის პიარ მენეჯერი. ამბობს, რომ მთავარი ღირებულება ამ ბიზნესში სწორედ ქართული კაპიტალია და მომავალშიც ასე იქნება, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ გამორიცხულია , თუნდაც რაიმე წილის უცხოეული ინვესტორებისთვის მიყიდვა. თუმცა, ინფორმაცია იმაზეც გავრცელდა, რომ შესაძლო მყიდველელად ევროპული კომპანია განიხილებოდა.
ბოლო დროს ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოდგომაზე საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეაფერხა მათი წინსვლა. “ზედაზენში” ამბობენ,რომ ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ და თუ ამ ეტაპზე გაყიდვებმა შედარებით იკლო, ეს სოზონის ბრალია.
რაც შეეხება კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, მათ ერთიანი სქემა არ გააჩნიათ, რის მიხედვითაც შეარჩევდნენ კონკრეტულ მიმართულებას ან საკითხს. ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ცალკეული სახით სხვადასხვა საქველმოქმედო აქციასა და ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, უწევენ სპონსორობას და ა.შ.