კარგი ურთიერთობები, მშვიდი კომუნიკაცია და თანამშრომლების მიმართ პატივისცემა ნებისმიერი ჯანსაღი სამუშაო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში კომფორტისა და ჰარმონიის შენარჩუნების სურვილი იმდენად ძლიერდება, რომ ხელმძღვანელები რთულ საუბრებს თავს არიდებენ, პრობლემებზე პირდაპირ აღარ საუბრობენ და თანამშრომლების მიმართ რეალური მოთხოვნები თანდათან სუსტდება.
ზედმეტად რბილ გარემოში თანამშრომლები ხშირად საკმარის უკუკავშირს ვერ იღებენ, დაბალი შედეგები სათანადოდ არ განიხილება და ხელმძღვანელები კონფლიქტის თავიდან აცილებას შედეგებზე წინ აყენებენ. დროთა განმავლობაში ასეთი მიდგომა შეიძლება გავლენას ახდენდეს როგორც პროდუქტიულობაზე, ისე კომპანიის კონკურენტუნარიანობაზე.
ერთ-ერთ კომპანიაში წლის ბოლოს თანამშრომლების თითქმის ყველა შეფასება პოზიტიური იყო. უმეტესობა ან „აკმაყოფილებდა“, ან „აჭარბებდა“ მოლოდინებს. მენეჯერებისთვის ეს კომფორტული მიდგომა იყო, რადგან რთული საუბრები აღარ უწევდათ. თანამშრომლებს კი ნაკლები სტიმული ჰქონდათ იმისთვის, რომ საკუთარ შედეგებზე კრიტიკულად ეფიქრათ და უკეთეს შესრულებაზე ემუშავათ.
დროთა განმავლობაში კომპანიამ კონკურენტებთან პოზიციების დაკარგვა დაიწყო. უფრო სწრაფმა და ამბიციურმა მოთამაშეებმა ბაზრის ნაწილი ინოვაციური პროდუქტებით დაიკავეს, მაშინ როცა შიგნით თანამშრომლები კვლავ მაღალ შეფასებებს იღებდნენ.
მსგავსი პრობლემა გაყიდვებშიც შეიძლება გამოჩნდეს. ერთ შემთხვევაში ხელმძღვანელები თანხმდებოდნენ, რომ გაყიდვების გუნდი ზედმეტად ბევრ პროდუქტზე მუშაობდა, მათ შორის დაბალი მარჟის მქონე მიმართულებებზე. მიუხედავად ამისა, არავის სურდა ხანგრძლივ კლიენტებთან რთული საუბრის დაწყება. შედეგად, გაყიდვები და მოგების მარჟა სასურველ დონეს ვერ აღწევდა.
ცვლილება ხელმძღვანელებისგან უნდა დაიწყოს
ორგანიზაციული კულტურის შეცვლა მხოლოდ ახალი წესების დაწერით რთულია. თანამშრომლები უფრო მეტად აკვირდებიან ხელმძღვანელების ყოველდღიურ ქცევას.
თუ უფროსი მენეჯერები ღიად იღებენ უკუკავშირს, საკუთარ შეცდომებზე საუბრობენ და სხვებისგანაც უფრო მაღალ სტანდარტებს ითხოვენ, მსგავსი ქცევა თანდათან სხვა გუნდებშიც ვრცელდება.
ერთ ლიდერულ გუნდში შეხვედრები ყოველთვის თავაზიანი, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული იყო. სერიოზულ უთანხმოებებს წევრები ძირითადად პირად საუბრებში განიხილავდნენ, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები ხშირად მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩნდებოდა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე თითოეულ ხელმძღვანელს კოლეგებისგან ანონიმური უკუკავშირი მიაწოდეს. განხილვა CEO-მ დაიწყო და ღიად აღიარა, რომ ხშირად კონფლიქტს თავს არიდებდა და მოლოდინებს საკმარისად მკაფიოდ ვერ აყალიბებდა. ამან სხვა ხელმძღვანელებსაც მისცა საშუალება, უფრო პირდაპირ ესაუბრათ საკუთარ სირთულეებზე.
თავდაპირველად 90 წუთისთვის დაგეგმილი შეხვედრა საბოლოოდ სამი საათი გაგრძელდა, რადგან გუნდის წევრებმა უფრო ღიად დაიწყეს ერთმანეთის ქცევაზე საუბარი და კონკრეტულ ცვლილებებზე შეთანხმება.
ცვლილებას შედეგიც უნდა მოჰყვეს
კულტურის გარდაქმნა უფრო მარტივია, როდესაც თანამშრომლები ხედავენ, რომ ახალი მიდგომა რეალურ შედეგს იძლევა.
ამის კარგი მაგალითია Herman Miller. კომპანიის ცნობილი Aeron-ის სკამისთვის იმდენი განსხვავებული ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი, რომ თეორიულად მომხმარებელს დაახლოებით 140 მილიონი კონფიგურაციიდან შეეძლო არჩევა.
დიდი არჩევანი მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომად მიიჩნეოდა, თუმცა ასეთი მრავალფეროვნება მიწოდების ჯაჭვს ართულებდა, ხარჯებს ზრდიდა და მოგების მარჟას ამცირებდა.
ანალიზმა აჩვენა, რომ შესაძლო ვარიანტებიდან მხოლოდ დაახლოებით 4,000 იყიდებოდა შედარებით ხშირად, ხოლო გაყიდვების ძირითად ნაწილს სულ 400 კონფიგურაცია შეადგენდა.
ამ მონაცემების საფუძველზე კომპანიამ პერსონალიზაციის მიმართულებები შეამცირა. შედეგად, მოგების მარჟა გაიზარდა, გაყიდვების მოცულობა კი არ შემცირებულა. წარმატებულმა გადაწყვეტილებამ სხვა პროდუქტების მიმართ მიდგომაზეც იმოქმედა.
შეხვედრებიც უფრო მოთხოვნადი უნდა გახდეს
ზედმეტად რბილი კულტურა ხშირად შეხვედრების ფორმატშიც ჩანს. თანამშრომლები ამზადებენ სრულყოფილ პრეზენტაციებს, აჩვენებენ შედეგებს და თითქმის ყველა საკითხი შეხვედრამდეა შეთანხმებული.
ასეთ გარემოში რთული კითხვების დასმა უხერხულად აღიქმება, რადგან შეიძლება ვინმეს კრიტიკად ან საჯარო გამოწვევად მოეჩვენოს. შედეგად, შეხვედრა სამუშაო განხილვის ნაცვლად ფორმალურ ანგარიშად გადაიქცევა.
უფრო ეფექტური მიდგომაა, როცა დღის წესრიგი დაუმთავრებელ საკითხებზე, რთულ არჩევანსა და მომავალ შედეგებზე მოქმედ გადაწყვეტილებებზე კონცენტრირდება. ხელმძღვანელებმა უნდა შეძლონ დეტალური კითხვების დასმა და არსებული ვარაუდების გადამოწმება ისე, რომ ეს სამუშაო პროცესის ბუნებრივ ნაწილად იქცეს.
საბოლოოდ, ძლიერი სამუშაო კულტურა მხოლოდ სასიამოვნო ატმოსფეროს ვერ დაეყრდნობა. თანამშრომლებს სჭირდებათ პატივისცემა და მხარდაჭერა, თუმცა პარალელურად საჭიროა მკაფიო მოლოდინები, პასუხისმგებლობა, რეალური უკუკავშირი და რთულ თემებზე ღია საუბარი.
როდესაც ხელმძღვანელები ამ მიდგომას თავად აჩვენებენ, კონკრეტული შედეგებით ამტკიცებენ მის ეფექტიანობას და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებშიც ამყარებენ, ორგანიზაცია უფრო პროდუქტიული, პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული ხდება.
წყარო: HBR











