in

„ყოველი ახალი სიმღერა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია” – თამარა შავერდაშვილი

თამარა შავერდაშვილის სახელი სხვადასხვა რეგალიით არის ცნობილი, თუმცა თითოეული მათგანი ხელოვნებასთან არის დაკავშირებული: ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, ვოკალის პედაგოგი, მხატვარი…სამყარო, რომელსაც ის ქმნის, მრავალფეროვანი და საინტერესოა, რადგან თავის სათქმელს როგორც მუსიკალურად, ისე ფერწერულად გვიამბობს.

ამ სტატიის მკითხველს ის შეიძლება სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდანაც ახსოვდეს, თუმცა მის მსმენელებს შორის ვართ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად მოვისმინეთ სიმღერა „ფერად ადამიანებზე”, მათ მრავალგვარობასა და ერთმანეთისაგან განსხვავებულობაზე. როცა ამ სიმღერას ვუსმენთ, გვახსენდება, რომ ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, მათ შორის, ნეგატიურიც, მაგრამ ვპოულობთ იმ ერთს, რომლის ღიმილიც გვაბედნიერებს. 

საინტერესოდ ჟღერს თავად ამ სიმღერის შექმნის ამბავიც. თამარა მეგობართან ერთად ბარში, ე.წ Sound Check-ზე იყო და გამოსვლისთვის ემზადებოდნენ, როცა კედელზე დაინახეს პლაკატი, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ადამიანები იყვნენ გამოსახულნი. წამოვიდა შთაგონება – შეიქმნა მელოდიის თემა და სიტყვებიც: Devil, rebel, bitch, witch, mugger, stoner, rock-rocken-rocken-roller, punk, angel…

მისი მუსიკალური გზა ღრმა ბავშვობიდან იწყება. ის, რომ პატარა თამარას გამორჩეული ვოკალური მონაცემები ჰქონდა, მშობლებს არ გამოჰპარვიათ. როგორც თვითონ გვიყვება, განსაკუთრებით დედა იყო მონდომებული და „პედაგოგიდან პედაგოგთან დაჰყავდა”. თვითონ მომავალი ხელოვანიც ხვდებოდა, რომ მუსიკა – ეს მისი იდენტობის ნაწილია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა იმ აზრზე, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება უნდოდა. 

თამარა შავერდაშვილი:

საკმაოდ რომანტიკოსი ბუნების ბავშვი ვიყავი. მიყვარდა, როცა საკუთარ კუთხეში შევიყუჟებოდი, მუსიკას ვუსმენდი, ვფიქრობდი…დაახლოებით 10-11 წლის ასაკში აღმოვაჩინე Cafe Del Mar და მისი ძალიან ბევრი CD დისკი მოვაგროვე სხვადასხვა შემსრულებლით. 

ცოტა მოგვიანებით დავიწყე ანდერგრაუნდის მოსმენა და გაცნობა, სადაც უფრო მეტად ვინტერესდებოდი მუსიკოსების პიროვნებით და არა იმით, რომ ისინი უბრალოდ პოპულარული ადამიანები არიან. ამ პერიოდში მიყვარდა ალტერნატიული როკი, მთელი თინეიჯერობის განმავლობაში ვუსმენდი Linkin Park-ს; ასევე, ჯეფ ბაკლი, ტორი ამოსი, ბეთ ჰარტი, ნიკ ქეივი…მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ჩემთვის ხშირად ვოკალზე მეტად საინტერესოა ის, თუ ვინ დგას მის მიღმა, დავაკვირდე, რა გაიფიქრა, რა გაიაზრა, რა გზავნილი გაავრცელა და ა.შ. ერთი სიტყვით, საკმაოდ მრავალფეროვანია იმ მუსიკოსების სია, რომლებმაც ჩემზე შთაბეჭდილებები მოახდინეს. იყო პერიოდი, როდესაც სუფიურ მუსიკასაც კი ვუსმენდი და მასშიც აღმომიჩენია ისეთი შაბლონები, რომლებიც შეიძლებოდა ჩემს, სრულიად სხვა მიმდინარეობის შემოქმედებაში ჩამერთო.

M: თამარა, გვითხარით, როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი, რა გეხმარებათ ამ დროს, სად პოულობთ ინსპირაციას და რამდენი დრო სჭირდება ერთ კომპოზიციაზე მუშაობას?

ძალიან დიდ შემოქმედებით ენერგიას მაძლევს სიყვარული და ის მდგომარეობა, როცა შეყვარებული ვარ. ამ დროს შემიძლია, საათები, დღეები, თვეები გავატარო მუშაობაში და შემდეგ დავისვენო, რათა ახალ იდეებზე დავფიქრდე. 

ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი დრო სჭირდება ერთ კომპოზიციას, რადგან შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწეროს, შეიძლება დღეს მომივიდეს გარკვეული იდეა და ერთი წლის შემდეგ გამახსენდეს, ზოგჯერ დღეები სჭირდება სრულფასოვანი კომპოზიციის მიღებას და ა.შ. თუ ზუსტად ვიცი, რისი თქმა მინდა, მუსიკა შედარებით მალე იწერება, ანუ ესაა მდგომარეობა, როცა რაღაც არ გასვენებს და არ გაძლევს საშუალებას, გადადო, სანამ არ დაასრულებ. მეორე მხრივ კი, არსებობს მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ მინდა რაღაცის შექმნა და ამ სურვილს ვენდობი, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად სად წამიყვანს, რა ახალ ინსაითებს გამიჩენს და საბოლოოდ როგორ სახეს მივცემ.

M: რა არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც გსურთ ხოლმე, რომ გამოხატოთ თქვენი მუსიკით?

ინტროსპექცია, ანუ რაც შეიძლება მეტად ჩაიხედოს არტისტმა თავის სულსა და გულში, გამოხატოს ის, რაც მას დაუგროვდა და არა ის, რასაც მისგან საზოგადოება ელოდება. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან, როცა მუსიკა შენი შემოსავლის წყაროა, გიწევს, იფიქრო იმაზეც, რა არის დღეს უფრო მოთხოვნადი, რას უსმენს ხალხი და როგორც კი ემოციების ფოკუსირებას ამ მიმართულებით იწყებ, ვფიქრობ, ხშირად კარგავ იმ ღირებულებებს, რაც შენს შემოქმედებას ავთენტურს გახდიდა. 

M: რომელ სიმღერაზე/ალბომზე მუშაობა იყო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და რატომ?

ყოველი ახალი სიმღერა ჩემთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის მერეც, უკან რომ მოვიხედავ, მეძლევა საშუალება, დავფიქრდე, რა გავაკეთე, რა პროცესები გამოვიარე, რას უნდა მივაქციო ყურადღება მომავალში და ა.შ. ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი ასეთია, მუსიკა იქნება ეს თუ ვიზუალური ხელოვნება – მიგითითებს საკუთარ თავზე და გვერდიდან გაჩვენებს იმჟამინდელ მდგომარეობას, როდესაც მას ქმნიდი.

M: თქვენ მუსიკის გარდა ხატვითაც ხართ დაკავებული. როგორ ახერხებთ ორი სხვადასხვა ხელოვნების დარგის შეთავსებას და სად უფრო ორგანულად გრძნობთ თავს?

ხატვა ძალიან მიყვარს, ხოლო რაც შეეხება შეთავსებას, ვფიქრობ, ძნელი სულაც არ არის, რადგან ხატვა, ეს არის ჩემი დამხმარე საშუალება, სიამოვნება. მუსიკა ჩემი სამუდამო სიყვარული და ღრმა სულიერი მდგომარეობაა, ხატვა და ძერწვა კი თითქოს ამ ყველაფრის დამხმარე, დამატებითი საჩუქარია სამყაროსგან. შესაბამისად, როცა ვიცი, რომ ეს ორივე არის ჩემი საყვარელი საქმე, ის თავისთავად ხდება ჩემი დისციპლინის ნაწილი. 

M: რა აზრის ხართ დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში? 

დღესდღეობით საზოგადოებისგან მუსიკოსების მიმართ მოდის დამოკიდებულება, რომ ეს არის გართობის წყარო, თუმცა მე ჩემ ირგვლივ არ მყავს ისეთი მუსიკოსები, რომლებიც ასე ფიქრობენ. ძალიან მომწონს ბევრი ქართველის შემოქმედება და განსაკუთრებით ვაფასებ იმათ, ვინც საკუთარ საავტორო ნამუშევრებს ქმნის. მუსიკა ჩვენი ცხოვრების ფორმაა და ის არ უნდა იყოს ე.წ. „საჭმელზე დასაყოლებელი” ატრიბუტი. 

ალბათ საჭიროა მეტი განვითარება – უნდა გაიზარდოს თავად მსმენელიცა და შემოქმედიც, მეტი საავტორო მუსიკა გაჩნდეს და მოხდეს მათი ცნობადობა, რადგან ბევრი ისეთი კარგი არტისტი გვყავს, რომელთა შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის.

M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობ, თუმცა უკვე მზად აქვს მინიალბომი ქართულ ენაზე, თუმცა ჯერ არ დამირელიზებია, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ მაძლევს ამის საშუალებას. ვიმედოვნებ, რომ მალე დალაგდება სიტუაცია და მსმენელსაც გავუზიარებ. ასევე, ძალიან მინდა მალე ჩავატარო ჩემი საავტორო მუსიკის ცოცხალი კონცერტი, რათა რასაც ვქმნი კიდევ უფრო ფართოდ გავაზიარო.

M: და ბოლოს, რუბრიკის ტრადიციული კითხვა – რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

გაიცანით „მილა“ – ხარისხის ახალი ნიშანი ბაზარზე და ბრენდი, რომელიც თქვენს მუდმივ მეგზურად იქცევა

Extra.ge-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მცირე ბიზნესს – „სვითბარის” ისტორია