in

Zeen-ის ეტლი შშმ პირებისთვის მობილურობის საშუალებებს აუმჯობესებს

აქ 1970-იან წლები უნდა გავიხსენოთ, როცა გარეტ ბრაუნმა შტატივი შექმნა და კინოინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა… მის უახლეს ქმნილებას კი ახლა Zeen-ის სახელით გვაცნობს, თუმცა ამჯერად კინოინდუსტრიას კი არა, უშუალოდ საზოგადოებას ემსახურება. იგი მობილურობის პრობლემების მქონე ადამიანებს არა მხოლოდ გადაადგილებაში, არამედ დაჯდომასა და ადგომაშიც დაეხმარება.

ბრაუნის დაკვირვებით, მაშინ, როცა სიარულისთვის განკუთვნილი მოწყობილობები მომხმარებლებს ფეხზე მდგომი პოზიციის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა, ეტლები კი კომფორტულად ჯდომის შესაძლებლობას, არ არსებობდა ტექნოლოგია, რომელიც მათ ამ ორ პოზიციას შორის გადასვლაში დაეხმარებოდა… ამიტომაც შექმნა Zeen.

ახალ მოწყობილობაში, სპეციალური ეტლის მსგავსად, სავარძელი სკამის სიმაღლეზეა მოთავსებული. როცა მომხმარებელს ფეხზე დადგომა მოუნდება, მას ამაში ორი გაზის ზამბარა დაეხმარება, ამ დროს ძრავა არ იქნება ჩართული. შემდგომ კი სიარულს შეძლებს, რა დროსაც კვლავ დაეყრდნობა სავარძელს და სახელურებსაც გამოიყენებს. დაცემისგან მის დაცვას კი უსაფრთხოების ღვედი უზრუნველყოფს, ამ მიზნით ამწევი მექანიზმის ნებისმიერ სიმაღლეზე ჩაკეტვაც შესაძლებელია.

მოწყობილობას მუხრუჭებიც აქვს და რადგანაც ოთხივე ბორბალი ბრუნავს, ადგილზე შემოტრიალებაც შეუძლია. ხოლო, თუ Zeen-ის მფლობელს კვლავ დაჯდომა მოუნდება, სახელურებს ხელს დააჭერს და სავარძელი ფრთხილად დაბრუნდება სასურველ პოზიციაზე. ბრაუნის თქმით, Zeen 18 კილოს იწონის, ზამბარებს კი 41-დან 113 კილომდე აწევა შეუძლია.

კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ ახლახან Zeen-ის კომერციალიზაციაც დაიწყო, ყიდვას კი კომპანიის საიტის დახმარებით 3800 დოლარად შეძლებთ.

როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა ხმაურიან ოფისში?

რას უწინასწარმეტყველებენ Web3-ს 2023 წელს