25
Jun
2019

ამბავი ამბის თხრობაზე, ანუ როგორ ჩაიარა ZEG ფესტივალმა?

25 Jun 2019

20 ივნისი ჩემთვის ის დღე იყო, რომელსაც კარგა ხანს ველოდებოდი. ამ დღეს თბილისში storytelling ფესტივალი ZEG უნდა ჩატარებულიყო, თანაც – პირველად, რაც კიდევ უფრო მიღვივებდა ინტერესს. თუმცა, დღის მეორე ნახევარში ჩემმა სურვილებმა რეალობასთან დიდი აცდენა განიცადეს. თბილისი კიდევ ერთხელ დადგა იმ რეალობის წინაშე, რასაც პროტესტი ჰქვია. ყველაფერ ამის მიზეზი კი რუსი დეპუტატის, გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება გახდა. ვერ მივხვდი, საითკენ უნდა ამეღო გეზი – პარლამენტისკენ თუ იქ, სადაც წასვლა აქამდე მქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, გადავწყვიტე, გეგმებისთვის არ მეღალატა და აქციაზე ფესტივალის შემდეგ წავსულიყავი.

 

ამბის თხრობის ფესტივალი ZEG სასტუმრო სტამბის ეზოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მაინც გაიხსნა, თანაც – ძალიან ღირსეულად. ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ფესტივალიც იმ აქციის გამოძახილი ყოფილიყო, იქვე, ძალიან ახლოს, პარლამენტთან რომ იმართებოდა. თუმცა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, 20 ივნისის პროგრამა ზუსტადაც რუსეთის თემას ეხებოდა.

ღონისძიების პირველი სპიკერი ნატალია ანთელავა იყო, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა და გააცნო სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს ისტორია, ქართველებს – კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაც ძალიან დროული იყო მიმდინარე მოვლენების ფონზე. ამან კიდევ უფრო მეტი მუხტი შესძინა ღონისძიებას. შემდეგ კი, საღამოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სხვა ქართველი სპიკერებიც შემოუერთდნენ. თუკი ერთი მათგანი ქართულ სამზარეულოზე ამახვილებდა ყურადღებას, მეორე ცდილობდა, სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა ამ ქვეყანაში. ზუსტად იმ სტუმართმოყვარეობის, რის გამოც ასე უყვართ ტურისტებს ეს ქვეყანა (ამას კი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად გვიმტკიცებენ..). მათ აჩვენეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მომავალი თავიანთ სფეროებში და რომ ახლა ისე აუცილებელია ინოვაცია და მრავალფეროვნება, როგორც არასდროს.

ქართველ სპიკერებს მოჰყვა “Coda Live”, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიამ სამი სხვადასხვა მომხსენებლის ამბავი მოისმინა. სამივე “დიდ ძმას”, რუსეთს ეხებოდა.. ფესტივალი ნამდვილად იმის გამოძახილი იყო, რაც პარლამენტის წინ ხდებოდა – ჩვენც ვაპროტესტებდით და ყველაფერ ამას ამბებად ვისმენდით.

პირველი მომხსენებელი ბრიტანელი ჟურნალისტი და მორაგბე მეთიუ ჯენი იყო, რომელიც თავისი წარმომავლობის ძიებამ ბრიტანეთიდან რუსეთში, რუსეთიდან კი საქართველოში ჩამოიყვანა. დიახ, იგი ქართველი აღმოჩნდა და საინტერესოა, რომ რაგბის ქართულ ნაკრებში გაწევრიანების შემდეგ, პირველად სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა.

შემდეგმა სპიკერმა, ანა ჰულიგანმა კი უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის MH17 ერთ-ერთ მსხვერპლზე ისაუბრა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მისი თხრობის საკმაოდ საინტერესო სტილი, თავად ისტორია კი – შემაძრწუნებელი და ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის არც თუ ისე უცხო..

Coda-ს მესამე ამბავი ორ ხანში შესულ რუს ქალბატონს ეხებოდა, რომლებმაც გაბედეს და დამახინჯებულ რუსულ მსოფლმხედველობას წინ აღუდგნენ. ისინი თამამად საუბრობდნენ რუსეთის “ჩაკეტილ კარზე” და რომ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი უკლია იქამდე, სანამ სიახლისადმი დემოკრატიული იქნება.

ფესტივალის შემდეგი ორი დღე ყველასთვის კარგად ნაცნობ Fabrika-ში გაგრძელდა. სესიებს აქ ორი ძირითადი სივრცე ცვლიდა – მთავარი სცენა და ოთახი, სახელად Lovers. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა როგორც პანელ დისკუსიებს, ისე ვორქშოპებსა და ფილმის ჩვენებებს. იყო შემთხვევებიც, როცა ორივე სივრცეში პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სესია.

ZEGFEST-ის პირველი დღე Warner Brothers-ის ვიცე პრეზიდენტის, ქეით ადამსისა და ვოგის 73 კითხვის შემქმნელის, ჯო საბიას დისკუსია-დიალოგით დაიწყო. ისაუბრეს რა დღევანდელ შოუებზე, ფილმებსა და მათ მომავალზე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, რაც მომავალში შეიქმნება, აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე აუდიტორიაზე მორგებული და აუცილებლად – გასაგები და მარტივი.

ამბავი ისაა, რასაც არა მხოლოდ ზეპირად ჰყვებიან, არამედ უფრო ხშირად წერენ კიდეც.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო იყო ორი მწერლის, ჯონ ლი ანდერსონისა და სუკეტუ მეჰას დისკუსია, რომლებმაც ადგილებსა და მათ ამბებზე ისაუბრეს. რომ ხანდახან თავად ადგილი აჩენს ინსპირაციას, მასზე დაწერო. პირველი შთაბეჭდილება კი ისაა, რაც არასდროს გავიწყდება, თუმცა, აუცილებელია, ზუსტად მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფმა აიღო კალამი ხელში და წერა დაიწყო. 

დაიმახსოვრეთ თითოეული მომენტი, რადგან სწორედ ეს არის ღირებული. – ჯონ ლი ანდერსონი

ამბავი შეიძლება ეხებოდეს ცვლილებებსაც. პრინციპში, ხშირად თავად ცვლილებაა ამბავი. აქედან გამომდინარე, ორგანიზატორების სწორი მიგნება იყო დოკუმენტური ფილმი”A Ukraine Love Story”, რომლის ჩვენებაც Lovers-ში მოეწყო. ფილმში უკრაინელი ფაშისტის ისტორია იყო ასახული. ისტორია, რომელიც ჰყვებოდა მისი ტრანსფორმაციის შესახებ – როგორ იქცა მკაცრი იდეოლოგიის მიმდევარიდან ლიბერალური ხედვების მქონე ადამიანად.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, საკმაოდ სასიამოვნო იყო ქართული საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელის, ვატო ქავთარაძის გამოსვლაც. მან გაგვანდო თავისი მოსაზრება, რომ storytelling-ის მთავარი კომპონენტი იდეაა და რომ ამბავს ამბად სწორედ მისი მოყოლა აქცევს.

ამბებს საკუთარი სურნელი აქვთ.. ან, სურნელი თავად შეიძლება გახდეს ამბავი. ისინი ხომ ხშირად გვიყვებიან ადამიანებზე.. სწორედ ამაზე გვესაუბრა გერმანელი პარფიუმერი და ბრენდ “Escentric Molecules-ის” დამფუძნებელი გეზა შონი. მან ამ ბრენდის სუნამოების შექმნის ისტორიები გაიხსენა და გვითხრა, რომ მისი მთავარი იარაღი ამბის თხრობისას სურნელია და რომ ადამიანებს სწორედ ამ იარაღით ცნობს, მისიანია თუ – არა.

ერთხელ მკითხეს, რომელია შენი საყვარელი სურნელი, მე კი ვუპასუხე, რომ ეს სწორედ ჩემი შვილის სურნელი იყო. – გეზა შონი

ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიას არც პრაქტიკა დაკლებია. ZEGFEST-ის მეორე დღეს მწერალმა კერი ჰადსონმა Lovers-ში წერის ვორქშოპი ჩაატარა, რომლიდანაც მთავარ “ჰაილაითად” შემდეგი რამ მივიჩნიეთ: ამბის თხრობისას ცენტრალური ფიგურა პერსონაჟია, პერსონაჟის დახასიათებისსას კი გადამწყვეტია გარეგნობა, ტანსაცმელი, მისი ღირებულებები, ქცევა, მისი მიზნები და ბოლო დროს აქტიაულურია ორინეტაციაც. 

ფესტივალი თანაბრად შეეხო გლობალურ საკითხებსაც. ხშირად ხომ სწორედ ამგვარი საკითხები ხდება ამა თუ იმ ამბის წყარო. ასეთ საკითხად ZEG-ზე მიგრაცია მოგვევლინა. ერთ-ერთ სპიკერად კი წინა დღიდან ნაცნობი მწერალი სუკეტუ მეჰა იყო წარმოდგენილი. ყველაზე მეტად მისი საუბრიდან მისივე მოსაზრება დამამახსოვრდა, რომ მიგრაცია აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასაკოვან ხალხს შეადგენს, სხვა ქვეყნის ახალგაზრდობამ შეავსოს ეს სიცარიელე და აითვისოს უცხო სივრცე.

ამბის თხრობის ფესტივალის დასასრული კი ნამდვილად ლოგიკური იყო – ლევან ღამბაშიძემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და Guardian-ის კორესპონდენტმა მიმდინარე პროტესტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და მთავრობის ალტერნატიულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

20-ზე მეტი მომხსენებელი, 10 განსხვავებული ინდუსტრია და შთაგონების 3 დღე.. თბილისის ამბის თხრობის ფესტივალმა დაძაბულ ფონზე საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. საბოლოო ჯამში კი, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალს საგრძნობლად გასდევდა ერთი გემო – პროტესტის გემო და რომ უცხოელი სტუმრებისგან ქართული აუდიტორია ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა მხარდაჭერას, თანადგომას..

ზეგ-მა ჩაიარა, თუმცა, წინ ხომ ძალიან ბევრი “ზეგ” გველის..

P.S

და თუკი ამბავზე მიდგა საქმე, საქართველოც ერთი დიდი ამბავია. ამბავი, რომლის მოყოლაც ჩვენივე ისტორიის გათვალისწინებით, არც ისე მარტივია. თუმცა, ხშირად უნდა ვისაუბროთ მასზე და კიდევ ბევრჯერ შევახსენოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ეს ყველაზე ძვირფასი ამბავია, რაც კი შეიძლება, რომ მოჰყვე..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა