17
May
2019

ერთ სიტყვაში ჩატეული 3 დღე, ანუ სასტუმროს ბრენდინგი – „ზეგ“

17 May 2019

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ახალი სასტუმროს ზეგ“ გზავნილია, რომლის ვიზუალური კონცეფცია ძველი, მსუყე და სახასიათო ქართული ესთეტიკისა და მინიმალისტური, გრაფიკული დეტალების ერთიანობას წარმოადგენს. ბრენდის ლოგოსა და კორპორატიული სტილის შექმნაზე სააგენტო „ჯინჯერსმა“ იმუშავა და მისი წარმომადგენელი, სენიორ გრაფიკული დიზაინერი, დათო სიმონია ბრენდთან ურთიერთობის დეტალებს ისევე მოკლედ გვიზიარებს, როგორც ერთ სიტყვაში ჩატეული 3 დღეა.

დათო სიმონია: გარდა იმისა, რომ შენობა თბილისის ისტორიულ უბანშია, აქ არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი ცხოვრობდა, რომლის პროექტებითაც ოპერის თეატრი, მშრალი ხიდი, ქარვასლა აშენდა. სანამ მუშაობას შევუდგებოდით, დეტალურად დავათვალიერეთ შენობა, სრულად რომ გვეგრძნო ხასიათი და განწყობა, რაც ნაგებობას გააჩნდა. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ინტერიერის დიზაინის თავისებურებები, რითაც სასტუმრო სხვა დაწესებულებებისგან უნდა გამორჩეულიყო. შთაბეჭდილებებით შევსებულებმა და დამკვეთისგან სრული ნდობით აღჭურვილებმა, მუშაობა ახალ ბრენდზე დავიწყეთ. რადგან მომავალ სასტუმროს ღონიერი ისტორიული სარჩული ჰქონდა, პარალელურად კი აპირებდა, ინტერიერის დიზაინში გაეტარებინა თანამედროვე მოტივები, გადავწყვიტეთ, ბრენდის ხასიათიც ამ კონტრასტზე დაგვეშენებინა.სიმბოლო
ფაქტობრივად, ხერხემალი, რომელზეც ბრენდის კონცეფცია ავაგეთ, სასტუმროს სახელი იყო. როგორც ვიცით, სიტყვა „ზეგ“ ჩვენი ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობაა და ამ სიტყვის ტევადობით ვამაყობთ. გადავწყვიტეთ, ვიზუალური ხაზიც ამ სიტყვაზე აგვეშენებინა და ის გრაფიკულად გამოვხატეთ. ასე შეიქმნა ლოგოტიპი. როგორც 3 დრო: აწმყო, ახლო მომავალი და შორეული მომავალია ერთ სიტყვაში მოქცეული, ისე 3 წრეა მოქცეული ერთ დიდ წრეში. სწორედ ეს დიდი წრეა „ზეგ“. 
კორპორატიული სტილი მთლიანად სიმბოლომ გვიკარნახა. თუ ლოგოს დავშლით, შიგთავსს კი ობსესიური წესრიგით დავალაგებთ, მივიღებთ იმ პატერნს, რაც ბრენდს დღეს გააჩნია.XVII საუკუნის ქართული მინიატურები
რადგან ლოგოტიპი, პატერნი და ძირითადი ფერები უკვე გაგვაჩნდა, გადავწყვიტეთ, რაღაც ჯადოსნური დეტალი გვეპოვა, რაც ბრენდს გამორჩეული ხასიათით დატვირთავდა. „ჯინჯერსში“ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი შვილობილი ბრენდები არა მხოლოდ უბრალოდ კორპორატიული სტილით, არამედ უნიკალური ხასიათით შევამკოთ, რადგან ჩვენთვის ხასიათი ყველაზე მნიშვნელოვანია. არქივში ბევრი ქექვის შემდეგ, ქართულ მინიატურას მივაგენით, რომელიც ჩვენდა საბედნიეროდ, დაახლოებით, იმავე ფერებით იყო შესრულებული, რა ფერებიც ბრენდს შევურჩიეთ. თან მინიატურა, შინაარსობრივად, ახლოს იდგა მომსახურების სფეროსთან – ადამიანები ერთმანეთს სთავაზობენ ღვინოს ფიალით.გამოწვევები პროექტზე მუშაობისას
სხვადასხვა, ჩვენგან და კლიენტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პროექტზე მუშაობა ძალიან დაჩქარებულ ტემპში მოგვიწია. ვიზუალური კონცეფციის, სარეკლამო თუ სხვა პოლიგრაფიული მასალების დაბრენდვისთვის, ბეჭდვისა და სხვა დანარჩენისთვის, დაახლოებით, 2 კვირა გვქონდა. დროის სიმცირის შეგრძნებას ამძაფრებდა ჯინჯერების მიდრეკილება, ყველა დეტალს დავუთმოთ ყურადღება და დრო. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობთ, გამოწვევებს ყოჩაღად დავუხვდით და შევქმენით კიდევ ერთი, ხასიათიანი ბრენდი „ზეგ“.
მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდის ადგილი
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სასტურმო „ზეგ“ ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში პოზიციონირებს, როგორც თანამედროვე, საქმიანად ლაკონიური და მოწესრიგებული ბრენდი, რომელიც  საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობით ამაყობს.

განხილვა