ჯერ უკვე აბასთუმანში გაგიელვებს კაცს აზრი: მგონი ცას მივუახლოვდიო, თითქოსდა კოსმოსს ჭერი დაუდაბლდაო. ტელესკოპშიც თუ გაიხედე, და შეიძლება იუპიტერს ან სატურნს უცებ ისე მიესალმო, აი შორიდან რო უყურებ ნაცნობს, გგონია რომ ვერ გხედავს, და უცებ მიხვდები, რომ ისიც გიყურებს.
საოცარი რამაა ეს ადამიანი. ერთია, როცა მოლოდინი გაქვს, რომ გაგიჟდები და მეორეა, როცა იმავეს ნახავ მოულოდნელად. აბასთუმნის მიმართ მოლოდინები კიდევ გასაგებია, მაგრამ მის ზემოთ, ზეცას თუ კარი ექნებოდა, მაგას როგორ ვიფიქრებდი.
ჰოდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში რომ შეხვალთ, მერე სიჩუმეს მიყევით. უფრო ღრმად და მაღლა უფრო ჩუმი ხდება ეგ სიჩუმეც, ჰა-ჰა, მწერების ხმას თუ გაიგებთ (თუმცა სიჩუმის შეგრძნებას უხდება მწერი… ამწვავებს სიჩუმეს).
კიდევ თუ გაყვებით გზას (“თუ” კი არა, “რომ”) და უკვე კარგა მაღლა იქნებით, ჩალაგებული მთების მთელი კარტოთეკა გამოჩნდება. თითო ქედს სათითაოდ თვალი რომ გააყოლოთ, გეგონებათ… აი, წარმოიდგინეთ, რომ ნოტები არ იცით და ისე უნდა დახატოთ მუსიკა. რაღაც ხაზებით გახაზული მელოდიები, ქვემოთ მსუყე ბანები მუქად, ზემოთ ვიოლინოები მკრთალად. შუა რეგისტრი მწვანე. თბილი – აქეთ, იქეთ – გრილი.
ბუნება იმის ბუნებაა ყველაფერ ბუნებრივს რომ ბუნებრივად მიისაკუთრებს. ეს ცხენიც, მიუხედავად მისი უმსგავსო მანერებისა, ასე ბუნებრივად ეწერა ამ ბუნებაში.
დახვეწილი მანერით აქ არც ძროხები გამოირჩევიან, თუმცა რამე რო უთხრათ ისეთი სახით გამოგხედავენ, ცალ წარბაწეული, რომ უკან დაიხევთ და იტყვით – “არა რას ბრძანებთ, მე თქვენ არ მიგულისხმიხართ, ბატონო”.
არ ვიცი ძველი ხალხი რას ხედავდა, როცა ხარის რქებში მოქცეულ მზეს თაყვანს სცემდა, მაგრამ ზეკარის უღელტეხილზე მზის ჩასვლას თუ მოუსწრებთ, ნახავთ თუ როგორ დარაჯობენ ისინი ზეცას.
მზეს ეუბნებიან: შენ დაიძინე, ჩვენ ცოტას გიყარაულებთო…
ეს მთვარე კიდე მგონი ჯერ არ აპირებს ძილს, წავალ ცოტას გავისეირნებო…
შემდეგ გზა ისევ ქვემოთ წაგიყვანთ. ალპურ ზონას ისევ კალათბურთელი ხეები ჩაანაცვლებენ. გულში გაიფიქრებთ – დავიჯერო შვეიცარია ამაზე უკეთესიაო? გაიხედავთ და შეიძლება თვალები მოიფშვნიტოთ და გეგონოთ, რომ მართლა შვეიცარიაში ხართ. ეს საირმეა.
საირმე ცის და მიწის შორისაა. ჩამოსვლას გიადვილებს, პირდაპირ რომ არ დაენარცხო. ცოტა შეისვენო. რაც ნახე, ის რომ მოინელო. მინერალურ წყალს ხომ არ დააყოლებთო, გეტყვის და გააგრძელებ გზას.
რა ვიცი, ალბათ, რომ მცოდნოდა რის სანახავადაც მივდიოდი, ასე არ იმოქმედებდა, უფრო მხნედ დავხვდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ასე მოულოდნელად დანახულმა ორი რამ დამიტოვა საფიქრალში:
- ნეტა, რას მღეროდნენ ის მთები, და
- ნეტა, რა აამღერეს ჩემში
Photocredit: Andro Dgebuadze