in

საცხობი – საკონდიტრო „ზელა“ – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ბრენდი

„ეს არის მხიარული, ფერადი ბრენდი, რომელიც ამოვარდნილია ქართული street food ბაზრის მოსაწყენი ერთფეროვნებიდან“

თუ „წისქვილი ჯგუფის“ რომელიმე რესტორანში ერთხელ მაინც ყოფილხართ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ინტერიერი და გარემო. კომპანიაში, რომელიც ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა, დღესაც ამბობენ, რომ მათი მიზანი სწორედ ამ კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაა, ისევე როგორც –  მომხმარებლისთვის, მომსახურების მაღალი ხარისხისა და მხოლოდ გამორჩეული კერძების შეთავაზება. თუმცა, ასეთი სტრატეგიას ნამდვილად არ შეუშლია ხელი, ახალი, განსხვავებული ბრენდი შეექმნათ. დღეს „წისქვილი ჯგუფის“ საცხობ – საკონდიტროზე უნდა გიამბოთ. მას სახელიც ისეთი აქვს, ცომთან რომ ასოცირდება – „ზელა“ მომხმარებელმა, ცოტა ხნის წინ გაიცნო, დღეს კი, თბილისის რამდენიმე უბანში შეხვდებით.

სანდრო ვასაძე („ზელას“ პროექტის მენეჯერი): აქამდე, ქალაქში ნამდვილად რთული იყო, მისაღებ ფასად, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შეძენა, იქნებოდა ეს ცომეული თუ ნამცხვრები. ბუნებრივია, ვგულისხმობ საკონდიტრო – საცხობებს, პატარა ობიექტებს, სადაც მიხვიდოდით და მზა პროდუქციას შეიძენდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „ზელას“ შექმნა. შემდეგ იდეა კარგად დავამუშავეთ, თითოეული დეტალი გავთვალეთ და დღეს გვაქვს ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად. პირველი „ზელა“ 20 დეკემბერს, თამარაშვლის ქუჩაზე გავხსენით. შემდეგ, ეტაპობრივად, სხვა ფილიალებიც დავამატეთ და დღეს, 5 ობიექტი (ომარ ხიზანიშვილის #1, აკაკი წერეთლის #40, ილია ჭავჭავაძის #2, ჟიული შარტავას #6,  მიხეილ თამარაშვილის #14) გვაქვს. ადგილზე შეძენის გარდა, მომხმარებელს, შეუძლია, ნებისმიერი ფილიალიდან, ნებისმიერ ლოკაციაზე გამოიძახოს „ზელას“ პროდუქტები. ამ მომენტისთვის ვართ „ელვისზე“. მალე, ალბათ, მიტანის სხვა კომპანიებთანაც დავიწყებთ თანამშრომლობას.

ახალი ბრენდი პანდემიის პერიოდში შექმენით. ალბათ, ამ პროცესს თან სირთულეებიც ახლდა . . . 

„ზელას“ შექმნის იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა. შემდეგ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და რა ვადებიც დაგვჭირდა მის მოსამზადებლად, ეს დრო გამოვიყენეთ. წინასწარ, პანდემიის პერიოდში, მისი გახსნა არ დაგვიგეგმავს. თუმცა, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, არც ამის გამო გადაგვიდია პროექტის „გაშვება“ და დავიწყეთ ობიექტების გახსნა.

წისქვილი ჯგუფი“, რომლის ნაწილიც არის „ზელა“, მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ასოცირდება. „ზელაციმავე კატეგორიაში გადის? 

რა თქმა უნდა. ჩვენთვის თავიდანვე ამოსავალი წერტილი იყო გემო და ხარისხი. ზოგადად, „წისქვილი ჯგუფის“ მთელი გუნდი, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პროდუქტის გემოვნური თვისებები და ხარისხი იყოს უმაღლესი. ბუნებრივია, იგივე მიდგომა გვაქვს „ზელას“ შემთხვევაშიც. იქნება ეს ცომეული, თუ საკონდიტრო პროდუქტი, მათ უმაღლესი დონის პროფესიონალები, მზარეულები და წარმოების ხელმძღვანელები ქმნიან.

ზელა დამოუკიდებელი ბრენდია, თავისი ყველა მახასიათებლით. როგორ მიხვედით აქამდე? 

როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ ფიქრი და გარკვეული მონახაზი გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ, არ ყოფილიყო მხოლოდ საცხობების ქსელი და დიდი ყურადღება დაგვეთმო მისთვის, როგორც ბრენდისთვის. გვინდოდა, ფერადი, მარტივად აღსაქმელი და კარგად გასაგები ყოფილიყო. გამორჩეული, სახასიათო, ის რაც მიმზიდველი იქნებოდა ყველასთვის. სააგენტო JWT Metro-მ გაგვიკეთა სრული ბრენდინგი. ვთლით, რომ მართლაც საუკეთესო ვარიანტზე შევჯერდით და ძალიან მიმზიდველი, მართლაც გამორჩეული ბრენდი გამოგვივიდა.

სანდრო გოგოლაძე (JWT Metro-ს ექაუნთ მენეჯერი): „წისქვილი ჯგუფის“ დავალება და მოცემულობა ასეთი იყო: აპირებდნენ გაეხსნათ საცხობების ქსელი, სადაც ძირითადი მიმართულება იქნებოდა ფენოვან ცომში გამოცხობილი ხრაშუნები. თავდაპირველად, 5 ფილიალის გახსნას გეგმავდნენ, შემდეგ კიდევ უფრო დიდი გეგმები ჰქონდათ. ჩვენც გავიზიარეთ ეს ამბიციები და დავიწყეთ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი.

და შედეგად რა მიიღეთ, როგორი ბრენდია Zela დღეს?  

ქეთი ორაგველიძე (JWT Metro-ს სტრატეგი): „ზელა“ არის ახალგაზრდული, მხიარული, ფერადი ბრენდი, რომელიც ამოვარდნილია ქართული street food ბაზრის მოსაწყენი ერთფეროვნებიდან. ზოგადად, საქართველოში ქუჩის კვების კატეგორიის მიმართ არსებული განწყობა საკმაოდ ნეგატიურია. მომხმარებელი, როგორც წესი, მასზე არჩევანს აკეთებს არა სურვილის მიხედვით, არამედ შესაძლებლობებიდან გამომდინარე. „ზელას“ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა  ბრენდთან რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციით დატვირთული გადაკვეთის წერტილები და მასთან ურთიერთობის შედეგი – არა მხოლოდ გემრიელად ჭამა, არამედ ამაღლებული განწყობაც.  ეს ლოგიკა გახდა ბრენდის ხასიათის და კომუნიკაციის სტილის განმაპირობებელი.

რატომ ასეთი გადაწყვეტა? 

სანდრო გოგოლაძე: ბაზრის კვლევა რომ დავიწყეთ, ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ – ქართული სწრაფი კვების ობიექტები, ძირითადად, არის მოსაწყენი და ადამიანებისთვის ამ ტიპის საკვებ ობიექტებში ჭამა მხოლოდ დანაყრებას ნიშნავს, მათთვის ეს სიამოვნებად იშვიათ შემთხვევაში აღიქმება. აქედან გამომდინარე, მივედით დასკვნამდე, რომ ჭამა, სიამოვნება და გახალისება ძალიან კარგი მიქსი იქნებოდა. ამ მოცემულობამ განსაზღვრა მთელი შემდეგი სამუშაო პროცესი.

მათ შორის, ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიაც?

სანდრო გოგოლაძე: ბრენდის არსი არის გახალისება და მისი საკომუნიკაციო სტრატეგიაც აქედან გამომდინარეობს. „ზელა“ არის ბრენდი, რომელიც გეხმარება რთული და რუტინული დღის განმავლობაში გქონდეს სასიამოვნო მომენტები, თუნდაც, იმით რომ ჭამო გემრიელად, ხალისიანად. ამ დროს შეგიძლია, დაივიწყო სხვა ყველაფერი და უბრალოდ, ამ მომენტით ისიამოვნო, აი, ასე მარტივად. „ზელასთან“ შეხება სადაც კი ექნება ადამიანს, ყველგან უნდა მოუწოდებდეს გახალისებისა და სიმარტივისკენ.

ვიზუალურ ბრენდინგზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

გიორგი მაღრაძე (JWT Metro-ს არტ დირექტორი): „ზელას“ ვიზუალური სტილის ინსპირაცია თავიდან ბოლომდე ცომია – ტიპოგრაფიული ლოგო იმეორებს აფუებული ცომის ფორმებს. ამან საშუალება მოგვცა, სიმბოლოს ქართულ და ინგლისურ ვერსიებში გამოგვეყენებინა ერთნაირი „ზ“.  ბრენდის მთავარი ფერებიც ცომის ფერი და ყვითელი – გამომცხვარი ცომის ფერია.

რაც შეეხება სლოგანს – „ნუ გაართულებ, გემრიელად ჭამა მარტივია“ . . . 

სანდრო გოგოლაძე: სოციალური მედიის და სატელევიზიო შოუების წყალობით, ჭამა გართულდა – კერძების დასახელებები დაგრძელდა, ინგრედიენტების რაოდენობა გაიზარდა, ისეთი სახელებიც გაჩნდა, რომლებიც აქამდე არც კი გვსმენია და ჭამის წესებიც დაემატა. ეს ყველაფერი გემრილად ჟღერს, მაგრამ ჭამას ცოტა ართულებს. ამით ბრენდი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, რომ ცხოვრება ისედაც საკმაოდ რთულია და ყველაფერში ფილოსოფოსობა საჭირო არ არის. შეგვიძლია, რაღაცებს მაინც შევხედოთ მსუბუქად, მაგალითად – გემრიელად ჭამას.

 

ახლა „ზელას“ როგორც ბიზნესს რომ დავუბრუნდეთ, დღევანდელი გადასახედიდან,  მოთხოვნა არის თქვენს პროდუქციაზე? 

სანდრო ვასაძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა ნამდვილად არის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, გარკვეულწილად, აისახება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ზელა“ ახალი მოთამაშეა ბაზარზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. ბრენდი ნამდვილად წინ მიდის. ამაზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და მათი კმაყოფილება მეტყველებს. ისეთი გამოხმაურებები და უკუკავშირი გვაქვს, ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტად გავაფართოოთ ჩვენი ქსელი.

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მიაღწიეთ ამას?

„ზელას“ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მის ხრაშუნა ფენოვან და საკონდიტრო პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელთან უშუალო და მარტივი კომუნიკაციის ფორმაა. გემრიელად და წესების გარეშე ჭამა დღევანდელი ერთფეროვანი ყოველდღიურობის გახალისების საშუალებაა. ყოველივე ამას „წისქვილი ჯგუფის“ 20-წლიანი გამოცდილება და მომსახურების ხარისხი ემატება, რაც გამოარჩევს „ზელას“ ბრენდს.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

ჩვენი განვითარების პირველი ფაზა მოიცავდა 5 ობიექტს. ახლა განვითარების მომდევნო ეტაპზე ვმუშაობთ, რაც გულისხმობს ახალი პროდუქტების შექმნას, ახალი ლოკაციების მოძიებას და ფილიალების გახსნას, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ფილიალების ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებთანაა. როცა აუდიტორიაში სასწავლო პროცესი აღდგება, განვიხილავთ იმ ვარიანტსაც, რომ ამ ლოკაციებზე დასაჯდომი ადგილებიც დავამატოთ. ასე რომ, უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს ჩვენგან მომხმარებელი.

როგორც ბრენდი, როგორ განვითარდება „ზელა“? 

ქეთი ორაგველიძე: ჩვენი წარმოდგენით, ობიექტი თბილისის ყველა უბანში იქნება და როდესაც გზად „ზელას“ საკონდიტრო – საცხობში შევივლით, ჩვენი დღე უფრო ხალისიანი და გემრიელი გახდება.

 

[R]

„მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“

NASA აპრილის დასაწყისში Ingenuity-ის პირველ სატესტო ფრენას გეგმავს!