Citizen Brick მინიფიგურების საცალო მოვაჭრეა ჩიკაგოდან. სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლოტოვის კოქტეილების მინიატურული ფიგურები შექმნა, რათა უკრაინაში დაშავებულებს ფინანსურად დახმარებოდა. Citizen Brick-ის ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა – ყველა ფიგურა ერთ დღეში გაიყიდა.
მოლოტოვის კოქტეილისა ($10) და პრეზიდენტი ზელენსკის მოდელებით ($100) 16,540 აშშ დოლარის მოზიდვა შეძლეს. Citizen Brick-მა სოციალურ ქსელში დოკუმენტის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, რომ კომპანიამ შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Direct Relief-ს გადასცა, რომელიც უკრაინაში დაშავებულებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევს.
ეს არ არის ყველაფერი, რაც სათამაშოების კომპანიამ უკრაინისთვის გააკეთა. Citizen Brick-ის ვებგვერდზე, Facebook-ისა და Instagram-ის პროფილზე შეხვდებით ინფორმაციას, რომ ზელენსკისა და მოლოტოვის კოქტეილის მინიატურული ფიგურების ახალი სერიის გაყიდვით, უკრაინის დასახმარებლად, მთლიანობაში 145 ათასი აშშ დოლარი შეგროვდა. ინფორმაციას Fox New-სთან საუბარში Citizen Brick-ის დამფუძნებელი ჯო ტრუპია ადასტურებს. გარდა გაყიდვებით შეგროვილი თანხისა Citizen Brick-ის დონაციის მაჩვენებელზე, რომელიც Facebook გვერდზეა განთავსებული, შემოწირულობის სრული ოდენობა $160 ათასს სცდება.
Citizen Brick-ის წამოწყება ინტერნეტ სივრცეში სწრაფი ტემპით გავრცელდა. მინიფიგურებთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობამ ინსტაგრამზე პოსტიც კი გამოაქვეყნა. თუმცა, პოსტში მოხსენიებულია LEGO – სათამაშოების მწარმოებელი დანიური გიგანტი და არა Citizen Bricks – საცალო მოვაჭრე ჩიკაგოდან. უკრაინის მთავრობა ერთადერთი არაა, ვინც შემოწირულობა კომპანია LEGO-ს მიაწერა. თუმცა, Lego-ს პრესსპიკერი Fox Business-თან საუბარში ამბობს, რომ ზელენსკისა და მოლოტოვის კოქტეილების ფიგურებს, LEGO Group-თან არანაირი კავშირი არ აქვს.
მართალია LEGO Group არ ასოცირდება Citizen Brick-ის ინიციატივასთან, მაგრამ მან უკრაინის მხარდაჭერა სხვა აქტივობებით გამოხატა. კერძოდ, LEGO Foundation-მა და Ole Kirk’s Fond-მა საქველმოქმედო პარტნიორებს 16.2 მილიონი აშშ დოლარი გადასცეს. დახმარება გაეროს ბავშვთა საერთაშორისო სასწრაფო დახმარების ფონდს UNICEF, ბავშვთა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია Save the Children-სა და დანიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადაეცა. გარდა ამისა, LEGO-მ რუსეთში საქმიანობა სრულად შეაჩერა.