in

ზელენსკის სათამაშო ფიგურები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა

სათამაშოების კომპანიამ 145 000 დოლარი შეაგროვა

ზელენსკის LEGO-ს ფიგურების დამზადებით სათამაშოების კომპანიამ Citizen Brick 145 000 დოლარი შეაგროვა და უკრაინაში სამედიცინო დახმარებისთვის გაგზავნა. ეს კი კვლავ ამტკიცებს, რომ მხარდაჭერის გამოხატვა ყველას შეუძლია.

უკრაინიდან ბევრი მომხმარებელი მყავს, რამდენიმე კვირის წინ ისინი მხოლოდ TikTok ვიდეოებს იღებდნენ და სათამაშოებს აგროვებდნენ, ახლა კი მეტროებში იმალებიან, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, — ამბობს ჯო ტრუპია, Citizen Brick-ის ხელმძღვანელი.

კომპანია 2010 წელს მხატვარმა და LEGO-ს მოყვარულმა ჯო ტრუპიამ დააარსა და LEGO-ს სტილის ფიგურებისა და აქსესუარების დამზადება გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში კი მთელი რესურსი უკრაინელთა დასახმარებლად მიმართა. შედეგად ზელენსკის პატარა ლეგოს ფიგურა თითო 100 დოლარად, ხოლო მოლოტოვის კოქტეილის აქსესუარი უკრაინის დროშით 20 დოლარად გაყიდა. ფიგურები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა და მთლიანი თანხა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას — Direct Relief გადაეცა.

ერთი თვის წინ რომ გეკითხათ ვინ იყო უკრაინის პრეზიდენტი, ალბათ, ვერ გიპასუხებდით, ახლა კი ის, რასაც ზელენსკი აკეთებს, ვფიქრობ, იშვიათი გმირული საქციელია. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ის თავის ხალხთან დარჩა და ისე ხელმძღვანელობდა მათ, როგორც კონკრეტულ მომენტში იყო საჭირო, — ამბობს ტრუპია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზელენსკის მინი ფიგურაზე მოთხოვნა ისევ არის, თუმცა Citizen Brick მეტი ფიგურის დამზადებას ვერ ახერხებს — მაღაზიას საჭირო ნაწილების მარაგი აღარ აქვს. 

LEGO-სგან გიგანტური შემოწირულობა რომ არ მიგვეღო, ამის გაკეთებას ვერ შევძლებდით, რადგან მაღაზიაში ფიგურების დასამზადებლად საკმაოდ ცოტა მასალა გვქონდა, — განმარტავს ჯო ტრუპია.

16 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში უკრაინული მუსიკის დღე გაიმართება

შეიძინე ჯანმრთელობის დაზღვევა ონლაინ