30
Jan
2020

Zero Effect – ეკომეგობრული ნივთებისა და შემეცნებითი შეხვედრების სივრცე

30 Jan 2020

Startauperi
Startauperi


გარემოზე ზრუნვა ნელ-ნელა ბიზნესების საერთო ინტერესი ხდება. სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარი გააქტიურება კი, ლოგიკურია, ჩვენ გარშემო არსებულ გლობალურ პრობლემებს უნდა დავაბრალოთ. უამრავი ვერ ან არგამოყენებული, დროზე ადრე გადაგდებული ნივთებისა და პროდუქტების წყალობით პლანეტაზე დღესდღეობით კუნძულებისხელა ნაგავსაყრელებია. ამ ნარჩენების ბედი კი სხვადასხვა ეტაპის გავლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრაა..

აღნიშნული პრობლემის მოგვარება ისევ და ისევ ადამიანს თუ შეუძლია. საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, ერთჯერადიდან მრავალჯერადი გამოყენების საგნებზე, ბიოდეგრადირებად ნივთებსა თუ პროდუქტებზე გადავიდეს და ნაკლებად დააბინძუროს გარემო. საამისოდ კი, დღესდღეობით არსებობენ ბრენდები, რომლებიც ეკომეგობრულ ნივთებს/პროდუქტებს ამზადებენ და მათ მომხმარებლებს სთავაზობენ.

სწორედ ამგვარ ნივთებსა და პროდუქტებს აღმოაჩენთ თბილისში არსებულ Zero Effect-ში, რომლის მთავარი იდეაც ნულ ნარჩენს ემყარება. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ სივრცეში ეკომეგობრულ ნივთებს შეიძენთ, აქ ასევე შეგეძლებათ, დაესწროთ საინტერესო შეხვედრებს, რომლებიც გარემოს დაცვას ეხება. უფრო ვრცლად ზერო ეფექტის შესახებ მისი თანადამფუძნებელი, ანი ჭყოიძე გაგვესაუბრა:

M: რას წარმოადგენს დღეს Zero Effect? როგორი სივრცეა და რას სთავაზობს მომხმარებლებს? 

Zero Effect არის ნული ნარჩენის პირველი სივრცე საქართველოში, რომლის მიზანიც გარემოზე ნეგატიური კვალის შემცირება და ნული ნარჩენით ცხოვრების სტილის წახალისებაა. 

M: როდის შეიქმნა ეს სივრცე და რა ედო ამ ყველაფერს საფუძვლად? 

სივრცის შექმნის იდეა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაჩნდა და მას საფუძვლად ნული ნარჩენის კონცეფცია უდევს. ნული ნარჩენი ეს არის ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს გარემოზე ზრუნვას ნარჩენის შემცირებით და ნულამდე დაყვანით. აღნიშნულის მისაღწევად კი საჭიროა, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების წრიულად გამოყენება მოხდეს.

სივრცის შექმნის იდეა გაჩნდა სწორედ მას შემდეგ, რაც დამფუძნებლებმა აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ძალიან რთული იყო საკუთარი ნეგატიური კვალის შემცირება გარემოზე. დავიწყეთ პლასტმასას ამოღება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან და მივხვდით, რომ არ არსებობდა ალტერნატივები, არ არსებობდა სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა გარემოსთან მეგობრული, მდგრადი ნივთები. ასევე არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია ქართულ ენაზე ნული ნარჩენის ცხოვრების სტილზე და ზოგადად დაბალი იყო ინტერესი იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას.

გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც უნდა გადაგვეჭრა და ჩვენივე რესურსითა და ძალისხმევით შევქმენით „ზერო ეფექტი“ – სტარტაპი და სოციალური მოძრაობა. 

M: კონკრეტულად, რომელი და როგორი პროდუქციებია აქ წარმოდგენილი – მოგვიყევით დეტალურად..

„ზერო ეფექტი“  რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, პირველი ეს არის მაღაზია. დღეს ადამიანები მოვიხმართ უამრავ ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასასგან დამზადებულ ნივთს, რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე, ნიადაგში, ოკეანეში, შემდეგ კი ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება.

ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია გარემოსთან მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენებისა და შეფუთვის გარეშე ნივთები, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური ნარჩენის შემცირებაში ეხმარება. ეს ნივთებია: სამზარეულოსა და ლანჩისთვის განკუთვნილი ნივთები, აბაზანისა და თავის მოვლის პროდუქტები, საყიდლებისთვის აუცილებელი ჩანთები და ა.შ 

ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიასთან კორპორაციულ შეკვეთებზეც.

გარდა ამისა, მაღაზიაში გვაქვს „შევსების“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ მომხმარებელი შეიძენს პროდუქტს შეფუთვით, მაგალითად ქილით, პროდუქტის ამოწურვის შემდეგ იგივე ქილით გვიბრუნდება და ჩვენ მას უფრო დაბალ ფასად ვუვსებთ. ამ პრინციპის დანერგვით ჩვენ მომხმარებელთან ერთად ვცდილობთ, შევამციროთ უსარგებლო შეფუთვების პრაქტიკა და ზედმეტი ხარჯები. 

M: ასევე დეტალურად მოგვიყევით ყველა იმ ასპექტის შესახებ, რომლითაც ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას/გაჯანსაღებას უწყობთ ხელს.. 

გარდა მაღაზიისა, “ზერო ეფექტი” ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა იმართება გარემოს დაცვის მიმართულებით. გვაქვს თემატური ფილმის ჩვენებები, ლექციები, დისკუსიები და ეგრეთწოდებული clothes swap, ანუ ტანსაცმლის გაცვლა-გამოცვლა, როგორც ჩვენ ამ აქტივობას შევარქვით. აღნიშნული აქტივობით ტანსაცმლის ნარჩენის პრობლემის წამოწევასა და მოგვარებას ვცდილობთ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა და გაძლიერება. სივრცეში წარმოდგენილია ქართველი მეწარმეების გარემოსთან მეგობრული პროდუქტები, მუდმივად ვცდილობთ, გავზარდოთ მათი რიცხვი ჩვენს მაღაზიაში და წავახალისოთ ადამიანები, აკეთონ ეკომეგობრული პროდუქტები.

M: რა ეტაპზეა დღეს ზერო ეფექტი? 

ამ ეტაპზე მელიქიშვილის შვიდ ნომერში გვაქვს სივრცე, რომელიც მუშაობს დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე. პარალელურად  „ზერო ეფექტის“ გუნდი რამდენიმე პროექტზე მუშაობს. იგეგმება შემეცნებითი აქტივობების გამრავალფეროვნება, ასევე ნული ნარჩენის კომუნას გაძლიერება და გააქტიურება. 

აქტიურად მიდის მუშაობა ისეთი ინოვაციუირი იდეების ფორმირებაზე და განხორციელებაზე, რაც პლასტმასას ნივთების ჩანაცვლებაში დაგვეხმარება. მაგალითად ცოტა ხნის წინ შევქმენით ერთჯერადი გამოყენების საწრუპი, რომელიც იჭმევა და ტოვებს ნულ ნარჩენს. „Zero Straw” მალე გამოჩნდება ბაზარზე და იმედი გვაქვს, რომ ჩაანაცვლებს ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასას საწრუპებს

M: ერთგვარად პიონერები ხართ ამ ამბავში თბილისში და მგონი რომ საქართველოშიც – გვესაუბრეთ იმაზეც, რამდენად საჭიროა, მსგავსი სტარტაპები საქართველოში, რომლებსაც ამგვარი სოციალური პასუხისმგებლობა ექნებათ?

სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს ბიზნესს შეუძლია. ჩვენ ვისურვებდით, რომ უფრო და უფრო მეტი სტარტაპი გამოჩნდეს მდგრადი ხედვებითა და იდეებით. გაჩნდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც იმუშავებენ გრძელვადიანი ღირებულების შესაქმნელად, საქმიანობის მთლიან ჯაჭვს ისე ააწყობენ, რომ არ მიაყენონ ზიანი გარემოს, ადამიანებს, ცხოველებს. ვფიქრობთ, ასეთი ხედვა არის მომავლის ხედვა, რომელიც გვჭირდება და რომელიც აუცილებლად დაფასდება. 

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

პირველ რიგში, ვგეგმავთ ახალი ადამიანური რესურსის დამატებას. ჩვენივე სივრცეში იგეგმება bulk shop-ის გაკეთება, სადაც ადამიანები შეძლებენ შეფუთვის გარეშე, ბიო და ნატურალური საკვები პროდუქტების წონით შეძენას. ასევე, გვინდა, რომ ძალიან მალე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავხადოთ ჩვენი პროდუქტები ხელმისაწვდომი. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა