4
Feb
2020

ZPD – ახალი მეთოდი, რომლითაც ადამიანებსა და რობოტების კედელზე ცოცვა შეუძლიათ

4 Feb 2020

veon
veon


ვერტიკალურ ზედაპირზე გადაადგილებისთვის არაერთი მოწყობილობა, თუ რობოტი იქმნება, თუმცა მათი მთავარი შეზღუდვა ისაა, რომ სხვადასხვა ზედაპირის/ტექსტურის მქონე კედლებზე გადაადგილება არ შეუძლიათ. აქამდე ეს მხოლოდ გლუვ ზედაპირებზე იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, კედელზე ცოცვის ეფექტის მიღწევას, ასეთ მოწყობილობებში, ვაკუუმის შექმნის გზით ცდილობდნენ, თუმცა, ამ მიმართულებით, აქამდე არსებული წარუმატებლობა ვაკუუმის შენარჩუნების სირთულეს უკავშირდებოდა.

ჩინელმა მეცნიერებმა Xin Li-მ და Kaige Shi-მ, Zhejiang-ის უნივერსიტეტიდან, შექმნეს ახალი ტექნოლოგია სახელად ZPD (zero-pressure difference – ნულოვანი წნევის სხვაობა). ტექნოლოგია გულისხმობს ვერტიკალურ ზედაპირზე ცოცვისას ერთგვარი რეზინის თასების გამოყენებას, რომლებშიც, კედელთან შეხებისას, მუდმივად და სწრაფად ცირკულირებს წყალი და ვაკუუმს ქმნის.

 

ZPD ტექნოლოგიის მიხედვით, წყლის სწრაფი ცირკულაციის შედეგად მიღებული ინერტული მასა იწვევს წნევის ვარდნას, თასების ზედაპირთან შეხების ადგილას წნევა, ფაქტობრივად, ატმოსფერული წნევის ტოლია, როცა ცენტრში ძალიან დაბალი წნევაა და კარგი ვაკუუმია. ეს განსხვავება ზედაპირის წნევას და შიდა წნევას შორის გამოწვეულია წყლის ბრუნვით შექმნილი ინერციის ძალით. ამ მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ თასის შიგნით ვაკუუმი არ იკარგება, მიუხედავად იმისა, რა სირთულის ზედაპირზე ვეცდებით გადაადგილებას/ცოცვას. ეს კი (ვაკუუმის შენარჩუნება), წყლის სწრაფი ცირკულირების გზით ხდება შესაძლებელი.

მეცნიერებმა უკვე გამოცადეს ტექნოლოგია სამი მიმართულებით: რობოტის კიდურში (იმისათვის, რომ მას საგნების დაჭერა შეძლებოდა), კედელზე მცოცავ რობოტსა და მოწყობილობაში, რომელიც ადამიანს კედელზე ცოცვაში ეხმარება. ამ უკანასკნელის დახმარებით, ექსპერიმენტის მონაწილემ ვერტიკალურ ზედაპირზე გადაადგილება შეძლო.

„ჩვენი მიგნების გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მათგან კედელზე მცოცავი რობოტი ყველაზე სასარგებლოა. სხვა კედლებზე მცოცავ რობოტებთან შედარებით, რობოტი, რომელიც ამ მიზნისთვის ZPD ტექნოლოგიას გამოიყენებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქამდე, ამ მიმართულებით არსებულ შედეგებს“, – ამბობს ქსინ ლი სამეცნიერო ჟურნალ Physics of Fluids-თან საუბრისას.

კვლევის შემდეგი ნაბიჯი წყლის მოხმარების შემცირებაა. იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერები მიზანს მიაღწევენ, ანუ თუ შესაძლებელი იქნება რობოტმა წყლის წყაროსგან (მუდმივი მიწოდებისგან) დამოუკიდებლად იმუშაოს და ვაკუუმის შესაქმნელად საკმარისი წყალი თან ატაროს, ეს ტექნოლოგია ბევრად პრაქტიკული გახდება.

განხილვა