სულ ცოტა ხნის წინ ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ვისაუბრეთ. ცირკულარული ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანიც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენებაა. ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ნულოვანი ნარჩენის მიზნის მიღწევა.
ნულოვან ნარჩენს დღესდღეობით ბევრნაირი განმარტება აქვს, ზოგადად კი ესაა უსარგებლო მასალების აღმოფხვრის ფილოსოფია. ე.ი ბუნებაში არ უნდა არსებობდეს ისეთი ნივთები/ნედლეული, რომლებიც სიცოცხლისუნარიანები და გამოყენებადები არ არიან.
იმისთვის, რომ ნაგავსაყრელთა მასშტაბები და რაოდენობა შემცირდეს და ნულოვანი ნარჩენების თეორია პრაქტიკად იქცეს, საჭიროა მივდიოთ პრინციპს “Reduce, Reuse, Recycle”, რომელიც გარემოსდამცველთა საყვარელი პრინციპია. ის ნარჩენების შემცირებისკენ, ნივთების ხელახალი გამოყენებისკენ და ნარჩენების გადამუშავებისკენ მოგვიწოდებს.
ცალსახაა, რომ ნულოვანი ნარჩენის იდეა მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როცა ამაზე ადამიანები დაიწყებენ ზრუნვას. ფაქტრობრივად, ეს გულისხმობს ახალ, ეკომეგობრულ ცხოვრების სტილს, რომელზეც საზოგადოება უნდა გადავიდეს. უნდა შეიცვალოს თვითშეგნება, რომ ნარჩენი ნაგავია, მაშინ, როცა უამრავი ნივთი და მასალა უამრავი წელი და შეიძლება საუკუნეც გამოყენებადი და სასარგებლო იყოს.
და მაინც, რა გზებითაა შესაძლებელი მსგავს ცხოვრების სტილზე გადავეწყოთ?
თავდაპირველად უნდა იყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად ეცადოთ, რაიმეს მოხმარების შემდეგ არ წარმოქმნათ ნარჩენი. ამისათვის საჭიროა:
შეიძინოთ ნივთები/მასალები, რომელთა ვარგისიანობაც და გამოყენებადობაც გრძელვადიანია – ე.ი ორიენტირდეთ ისეთ პროდუქტზე, რომლებიც გამძლეა. გამძლე არ გულისხმობს მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში იდეალურ მდგომარეობაში ყოფნას. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ამ პროდუქტის გადაკეთება და შეკეთება შესაძლებელი იყოს. ამგვარი ნივთი შეიძლება, ოდნავ უფრო ძვირი იყოს, თუმცა, სამაგიეროდ, დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ თან.
აიცილეთ ერთჯერადი პროდუქტები თავიდან – ეცადეთ, ნაკლებად იყიდოთ და გამოიყენეთ ერთჯერადი პროდუქტები (მაგ: თეფშები, საწრუპები, ჩანგლები, ჭიქები და ა.შ).
არჩიეთ ძველი ახალს – დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ნივთი გჭირდებათ? დააფასეთ რესურსები, რომლებიც ახლა გაქვთ და ნუ გაუშვებთ მათ ნაგავზე, როცა მათი მოხმარება ჯერ კიდევ დიდხანსაა შესაძლებელი. ხშირად მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ ნივთს, რომ უბრალოდ ახალი გვქონდეს და ძველი მოვიშოროთ. და იქნებ ძველი ცუდი არც არის?
გააკეთეთ საშოპინგო სიები – ზემოხსენებული ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაში ყველაზე მეტად თქვენ მიერვე დაწერილი საშოპინგო სიები დაგეხმარებათ. გაწერეთ წინასწარ ბიუჯეტი იმ ნივთებზე, რომელთა ყიდვაც გსურთ და შეიყვანთ ამ სიაში. დაფიქრდით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და სწორედ მათზე ორიენტირდით. ასეთ შემთხვევაში ნაკლები შანსია, რომ ამ სიას გაცდეთ და უსარგებლო ნივთები დააგროვოთ, რომლებსაც შემდგომ უბრალოდ გადაყრით.
დასვით კითხვები – როდესაც რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, დაუსვით შეკითხვა მომსახურების მომწოდებლებს, თუ რას აკეთებს პროდუქტის მომწოდებელი კომპანია იმისთვის, რომ ჩვენამდე მოიტანოს პროდუქტი. რამდენად მიჰყვება გადამუშავების პრინციპებს, როგორი მასალით ფუთავს ის ამ პროდუქტს და ზოგადად, რამდენად ზრუნავს გარემოზე..
იფიქრეთ საგნების ხელახლა გამოყენების გზებზე – თითოეულ უკვე გამოყენებულ ნივთს ახალი მნიშვნელობა შესძინეთ, გაახალისეთ და გააცოცხლეთ. ამით ძალიან ბევრ ნარჩენს აირიდებთ თავიდან.
მანამ, სანამ თქვენ ყოველდღიურად პლასტმასის ბოთლებს სანაგვე ურნაში ათავსებთ, პარალელურად მსოფლიოს გარშემო ნაგავსაყრელთა მასშტაბები იზრდება. ნარჩენთა დაგროვებამ უკვე იმ ეტაპს მიაღწია, როცა უკვე ქვეყნებისხელა ნაგავსაყრელი-კუნძულები გვაქვს ოკეანეებში. ამიტომაც, აუცილებელია, ვიზრუნოთ გარემოზე და ცხოვრების ახალ სტილსა და შეგნებაზე გადავიდეთ.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.