Zerobully ონლაინ პლატფორმაა, რომელიც კერძო და საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის მოდელს გვთავაზობს – ჩაგვრის რეალურ დროში მხილების შესაძლებლობისა და მასზე სწრაფი უკუკავშირის მიღების გზით, კერძოდ:
მოსწავლის მიერ დაწერილი შეტყობინება, რეალურ დროში, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იგზავნება. შეტყობინების გაგზავნისას, მოსწავლე წერს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ და სურვილის შემთხვევაში, მჩაგვრელისა და ჩაგრულის სახელსა და გვარს უთითებს. შეტყობინება სრულიად ანონიმურია, რადგან მოსწავლის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შეტყობინებაში არ იგზავნება.
სერვისის მიზნობრივი მომხმარებელი ორ ჯგუფად იყოფა:
- სკოლის მოსწავლე და
- ადმინისტრაცია.
ცხადია, ჩვენი სწორების მთავარი ობიექტი ჩაგრული მოსწავლეა, ადმინისტრაციას კი, პლატფორმის მეშვეობით, სწრაფი რეაგირებისა და შემდგომში ბულინგის აღმოფხვრის ფუნქცია ეკისრება, – განმარტავს გიორგი გოგნაძე, „ზერობულის“ თანადამფუძნებელი.
„ზერობულის“ გუნდზე, პლატფორმის შექმნის იდეასა და მიზნებზე, უფრო დეტალურად, გიორგი გოგნაძე გვიყვება:
„ჩვენი გუნდი 4 წევრისგან შედგება. მე „ზერობულის“ აღმასრულებელი დირექტორი ვარ, პროფესიით პროგრამისტი. დიმიტრი სიმონიშვილი, ასევე, პროგრამისტია და ჩვენთან ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებს. სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში იდეალური გენდერული ბალანსია – ნინო ოვაშვილი, ეკონომიკის სტუდენტი, ჩვენი ფინანსური მენეჯერი გახლავთ, კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერის როლს კი – ნინო ადუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი ითავსებს.
გუნდმა იდეაზე მუშაობა საქართველოს უნივერსიტეტის „სტარტაპ ფაქტორის“ პროექტის ფარგლებში დაიწყო. ჩვენი ინსპირაციის წყარო იყო ბულინგის ის მწვავე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციის დაუდევრობითა თუ ამ პრობლემისადმი არასისტემური მიდგომით იყო გამოწვეული“.
M: გიორგი, მოგვიყევით „ზერობულის“ როლზე ბულინგთან ბრძოლის პროცესში… რა პრობლემა იჭრება პლატფორმის არსებობით?
კომპანია „ზერობული“ სკოლის მოსწავლეებს ეხმარება, წინ აღუდგნენ ბულინგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ბულინგს ვუცხადებთ ბრძოლას. ბრძოლის გზა კი, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლის ცნობიერების ამაღლებაზე გადის. ჩაგრულის ან მისი გულშემატკივრის ანონიმური შეტყობინება ბულინგთან ბრძოლის ამ მოდელის პირველი და უმთავრესი ნაბიჯია. ხოლო მეორე ნაბიჯი სკოლაზეა, რომელიც შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, რეაგირებს, რომ მოსწავლის უფლებები და უსაფრთხოება დაიცვას.
დამეთანხმებით, ბულინგის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის, უპირველესად, მისი იდენტიფიცირებაა საჭირო. არის შემთხვევები, როცა მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ ჩაგრულის პოზიციაში ყოფნას, ვინაიდან მათთვის კონკრეტული „იარლიყის“ მიკერება, ან სხვა ტიპის ჩაგვრა ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რაც სოციუმის, ოჯახის, სკოლის, ფსიქოლოგებისა და უკვე ჩვენი საქმეა, – ამბობს გიორგი გოგნაძე.
M: როგორც მივხვდი, სკოლებთან თანამშრომლობთ… როგორ მიგაქვთ ინფორმაცია თქვენს პოტენციურ აუდიტორიამდე?
რაც შეეხება ჩვენი პლატფორმის შესახებ სკოლების ინფორმირებას, ამ კუთხით, აქტიურად ვიყენებთ ციფრულ მარკეტინგს, სოციალურ მედიას. ასევე, ეტაპობრივად, უშუალოდ, ვუკავშირდებით სკოლების ადმინისტრაციებს. პარალელურად, ვამზადებთ ბლოგს, რომელზეც განვათავსებთ თემატურ სტატიებს ბულინგის თაობაზე, მოსწავლეებს ბულინგის იდენტიფიცირებაში დავეხმარებით, დავანახებთ მისი მხილების აუცილებლობას, ამ პრობლემის ფსიქოლოგიური გადაჭრის გზებს.
გარდა ამისა, ბლოგი დატვირთული იქნება ინფორმაციული პოსტებით მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობების შესახებ, რაც ასევე, ბულინგის პრევენციას ისახავს მიზნად.
M: როგორია თქვენთან თანამშრომლობის პირობები?
ჩვენს მომსახურებაში საფასურს სკოლის ადმინისტრაცია იხდის. ამ ეტაპზე სპეციალური შეთავაზება გვაქვს: პირველი 15 სკოლა, რომელიც ჩვენი პლატფორმით სარგებლობას მოისურვებს, მომსახურებას, 1 სემესტრის განმავლობაში, უფასოდ მიიღებს.
სერვისის მისაღებად საჭიროა, სკოლის წარმომადგენელმა გადმოგვიგზავნოს საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://zerobully.ge/contact/send, ან მოგვწეროს მეილზე: [email protected] (სათაურში ჩაწერეთ: ზერობული ზრუნავს).
M: ვისი მხარდაჭერა და ჩართულობა გჭირდებათ სკოლებში ბულინგის შემთხვევების შემცირებისა და საბოლოოდ, მისი აღმოფხვრის საქმეში?
გვესმის პრობლემის კომპლექსურობა, ამიტომ გვჭირდება განათლების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფსიქოლოგთა სამსახურებისა და ინვესტორების დახმარება.
M: როგორ წარმოგიდგენიათ Zerobully-ს, განვითარების კუთხით გადადგმული, შემდეგი ნაბიჯები?
„ზერობულის“ სერვისი, პირველ რიგში, საქართველოში არსებულ ნებისმიერ დაინტერესებულ სკოლას დაეხმარება ბულინგის პრობლემის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში. ჩვენს ბლოგზე დაემატება ბევრი სიახლე, რაც სერვისის პოპულარიზაციისა და მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ეტაპზე ქართულ სკოლებზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა პრობლემის აქტუალობისა და სერვისის მოქნილობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, იმავე მომსახურებით სხვა ქვეყნებშიც შევიდეთ.