„სულ ჩამძვრალია ამ ტელეფონში, რა ნახა ეგეთი, ჩვენ სულ წიგნებს ვკითხულობდით, რა თაობა მოდის?!“ საქართველოში ალბათ ძალიან ხშირად გაგიგიათ ფრაზა – „რა თაობა მოდის?’’ თუმცა, ეს არ არის მხოლოდ შეწუხებული მშობლების კითხვა, მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიები ცდილობენ გამოიკვლიონ ახალი თაობა, ამისთვის კი მილიონობით ინვესტიციას ახორციელებენ კვლევებში, რადგან სულ რამდენიმე წელიწადში ზეტები არსებული კომპანიების მთავარი მომხმარებლები გახდებიან. კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბაზარზე დიდხანს იარსებონ, აუცილებელია იცოდნენ ამ თაობის მახასიათებლები, ინტერესები და ტენდენციები, რომლებიც განსაზღვრავენ ზეტების ქცევას.
90-იანების შუა რიცხვებში დაბადებულების ანუ ზეტ თაობის ჩამოყალიბებას გარკვეულმა მოვლენებმა შეუწყო ხელი, მაგალითად, ამერიკაში ზეტებად ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც 11 სექტემბრის ტერაქტი არ ახსოვთ, ჩვენ საქართველოში ასეთ მოვლენად ვარდების რევოლუცია მივიჩნიეთ.
ზეტების დასახასიათებლად საქართველოში ჩატარდა თვისებრივი კვლევა, გამოიკითხა 50-მდე თინეიჯერი, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კვლევის შედეგად გამოვლინდა 6 მახასიათებელი, რაც ქართველ ზეტებს გამოარჩევს მილენიალებისგან:
უპირატესობას ანიჭებენ პროდუქტს და არა ბრენდს – „მნიშვნელოვანია კარგი პროდუქტი იყოს, დიდად არ მადარდებს რომელი ბრენდია, თუმცა რამდენიმე ისეთ მაგარ რამეებს აკეთებს, მომწონს“
ზეტები, ისე როგორც არავინ, მომთხოვნები არიან ბრენდის მიმართ. მათთვის პროდუქტის მახასიათებლები და ფუნქციები ყველაზე მნიშვნელოვანია. სიტუაციურ მაგალითებში გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ძალიან კრიტიკულები და სწრაფად იცვლიან დამოკიდებულებას, თუ ბრენდი მათ იმედებს არ ამართლებს. ზეტებს აქვთ „იმუნიტეტი’’ ტრადიციული სახის რეკლამებზე, ინფორმაციას ეძებენ ინტერნეტში და კითხულობენ რევიუებს, ასევე ისინი მეტ ყურადღებას აქცევენ, როდესაც ბრენდს მათთან გულწრფელი და პერსონალიზებული სახის კომინუკაცია აქვს.
მათთვის კარიერა გამორჩეულად მნიშვნელოვანია – „მინდა მქონდეს ნამუშევარი არაერთ სეტზე; უნდა გადავიღო 10-მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ვიმუშაო უცხოეთში, მქონდეს საკუთარი სახლი და გავხსნა ცენტრი ღონისძიებებისთვის“
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართველი ზეტებისთვის განათლება, კარიერა და პირადი წარმატება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მათ სჯერათ, რომ მომავალი მათ ხელშია და თვითონ უნდა შექმნან საკუთარი გზა, კითხვაზე, როგორ წარმოუდგენიათ თავი 1, 5 და 10 წლის შემდეგ, მხოლოდ კარიერულ განვითარებაზე საუბრობდნენ.
არიან პრაგმატულები – „ზედმეტი 100 ლარი, რომ მქონოდა აუცილებლად დავაგროვებდი, ახლაც ვაგროვებ ფულს“
მილენიალებისგან განსხვავებით, ზეტები არიან მეტად რეალისტები და შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებენ პრაგმატულად. გამოკითხულთა უმეტესობა გეგმავს დააგროვოს ფული და ისწავლოს საკუთარი ბიუჯეტის სწორად მართვა. ისინი არ აპირებენ ოჯახის შექმნას მანამ, სანამ კარიერულ და ფინანსურ სტაბილურობას არ იგრძნობენ.
არიან გლობალურები – „მოწყენილი როცა არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვნახულობ გასართობს მობილურში, ვუყურებ ვიდეოებს, ვიწერ სხვადასხვა ტექნიკას, იქ ბევრად დიდი არჩევანია“
ვინაიდან ზეტები ციფრულ სივრცეში დაბადებული თაობაა და ზედმიწევნით კარგად ერკვევიან ტექნოლოგიებში, მათ აქვთ წვდომა გლობალურ ტენდენციებთან, ასევე ინტერნეტი აძლევს მათ საშუალებას მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები და შეადარონ თავიანთი რეალობა გლობალურს, ამიტომ ჩამოუყალიბდათ მაღალი სტანდარტები და სურვილი, ჰქონდეთ მრავალფეროვანი გართობისა და განათლების მიღების საშუალება.
გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით -„ ვისურვებდი ნაკლებ ნაგავს ქუჩაში“
ზეტ თაობას გამორჩეულად ადარდებს და აწუხებს ბუნების დაცვის და სოციალური საკითხები, რაც გლობალური აზროვნების შედეგია. მათ ბევრად უფრო გააფართოვეს საზღვრები და აღარ აღელვებთ მხოლოდ საკუთარი ბედი, არიან დაინტერესებულნი იმ გარემოთი, სადაც ცხოვრობენ და უნდათ იყვნენ უფრო ჩართულები. შესაბამისად, ინტერესდებიან მოხალისეობრივი აქტივობებით, რაც ასევე გამოკვეთილად გამოვლინდა 13 ივნისის მოვლენებისას.
ინდივიდუალობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – „მისაბაძი ადამიანი არ მყავს, პირველ რიგში მინდა გავარკვიო, მე როგორი ვარ“
ქართველი ზეტები მიისწრაფიან იყვნენ გლობალური კომუნას წევრები, თუმცა მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალობის შენარჩუნება და გამოვლენა. მუდმივად საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილით, ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ self- branding-ს. ამიტომ სოციალურ ქსელში აქტიურები არიან, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საყვარელი სოციალური ქსელი ინსტაგრამია და ყველაზე აქტიურად ინსტაგრამის story-ის იყენებენ.
ზეტები მომავლის თაობაა, ისინი განსხვავდებიან მილენიალებისგან. მათ სხვა საჭიროებები, მოთხოვნები, სურვილები და მახასიათებლები აქვთ. კომპანიებისთვის და მარკეტერებისთვის მნიშვნელოვანია დღესვე დაიწყონ მათთან სწორი კომუნიკაცია, მიხვდნენ რა სურთ და როგორ შეიძლება დააინტერესონ ზეტები. მომავალი დამოკიდებულია დღევანდელ დღეზე, გაიცანით ზეტები და შექმენით უკეთესი მომავალი. “The future depends on what you do today.” ― Mahatma Gandhi
ავტორები: მარი აბულაძე, სოფო ზალკალიანი, მარიკა ხანთაძე, ლიზა მირიანაშვილი