Zeta Camping-მა Booking.com-იდან პირველი ჯავშანი მიიღო. „ბანაკი ზეთას“ დამფუძნებელი ანანო არაბული ამბობს, რომ ბრიტანელ ტურისტს, ივლისის შუა რიცხვებში, 2 ღამით უმასპინძლებენ.
„მართალია, თითქმის, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ადგილები უკვე დაკავებული იყო, მაგრამ ეს ადრინდელი ჯავშნები გახლდათ. ახლა კი, დაახლოებით თვე-ნახევრის მანძილზე, პირველი ახალი ჯავშანი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით სასიხარული და მოულოდნელი ფაქტია, რადგან პანდემიის შემდეგ, პირიქით, აუქმებდნენ წინასწარ გაკეთებულ ჯავშნებს“.
ანანო არაბული ამბობს, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო იქნება.
„სასტუმროები, რეალურად, 6 ივნისიდან იხსნება. ამ შუალედში შეგვიძლია, დავარეგისტრიროთ ჩვენი სურვილი, რომ გვსურს საქმიანობის აღდგენა, შემდეგ მოვა კომისია და შეგვამოწმებს, რამდენად ვაკმაყოფილებთ უსაფრთხოების დაწესებულ ნორმებსა და სტანდარტებს. რაც შეეხება ზოგადად, ტურისტულ სეზონს – მგონია, ჯავშნების მიუხედავად, გზადაგზა პრობლემები მაინც შეიქმნება. მაგალითად, გარე ტურიზმი დამოკიდებულია, სხვა ქვეყნები რამდენად გახსნიან საზღვრებს, როგორ იქნება აეროპორტში შემოსვლა და ა.შ. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ინტერესი არის, მაგრამ რა თქმა უნდა, რეალურად, ნაკლები ადამიანი ჩამოვა. ამის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად ვემზადებით. სამწუხაროდ, ყველაფრის თავიდან გადაწყობა გვიწვეს – პერსონალი, ადგილები, ფასები და ა.შ. – კაფეში მაგიდების მთლიანი განლაგება იცვლება, მცირდება მაგიდების რაოდენობა. ეს ყველაფერი მოქმედებს ფასზე, რაც ძალიან არ გვინდოდა. ჩვენ ხომ გვაქვს ნომრებიც და „კემპინგიც“. [შესაბამის უწყებაში] მიმართვა უკვე გავაგზავნეთ და ველოდებით პასუხს, როგორ უნდა მოვიქცეთ „კემპინგის“ გახნის შემთხვევაში – რამდენი ადამიანი განვათავსოთ კარავში, ან როგორ დავამუშაოთ კარავი? ჯერ პასუხი არ მიგვიღია და ველოდებით მითითებებს. მოკლედ, რთული, მაგრამ საინტერესო ტურისტული სეზონი გველოდება. ამ სიტუაციამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ჩვენთვის რაღაცები შეიძლება უკეთესობისკენაც კი შეიცვალოს“.
ანანო არაბული თვლის, რომ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ, კომპანიებმა ახალი მიდგომებით, წესებითა და იდეებით უნდა დაიწყონ მუშაობა. Zeta Camping-ს კი, თუნდაც შარშანდელ ნიშნულს რომ დაუბრუნდეს, რამდენიმე სეზონი დასჭირდება.
„რთულ სიტუაციაში ვართ, ჯერჯერობით, ძალიან ზოგადი მითითებებია, როგორ უნდა ვიმუშაოთ. კონკრეტული რეკომენდაციების გარეშე, ძალიან რთულია რაღაცების დალაგება. თუნდაც შარშანდელ ნიშნულს რომ დავუბრუნდეთ, 2-3 სეზონი მაინც დასჭირდება. თუმცა, დადებითი მხარეებიც არის, სხვა კომპანიებს რომ ვესაუბრები, ჩვენთან უფრო მეტი აქტივობა და ინტერესია, ვიდრე ზღვის კურორტებზე. შესაძლოა, მთის ტურიზმით შედარებით მეტი ადამიანი დაინტერესდეს. ალბათ, მთა უფრო ჯანსაღ, სუფთა და შესაბამისად, უსაფრთხო გარემოსთან ასოცირდება, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ტურისტების რაოდენობა ჩვენთანაც ლიმიტირებული იქნება“.
ანანო არაბული ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ტურისტული სეზონის გახსნისთვის აქტიურად ემზადებიან. თუ აქამდე მცირე ზომის ახალი ნაგებობის აშენებას გეგმავდნენ, შემოდგომიდან, როგორც კი მათთან სეზონი დამთავრდება [Zeta Camping-ში სეზონი მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა], დიდ მშენებლობას დაიწყებენ – ბანაკის ახალ შენობაში 12, ორკაციანი ნომერი იქნება.
„რაც შეეხება წლევანდელ ტურისტულ სეზონს, გვინდა, 15 ივნისს უკვე დავიწყოთ მუშაობა. ოღონდ პირველ ეტაპზე, მხოლოდ „კემპინგი“ და კაფე გავხსნათ, 1-ლი ივლისიდან კი ოთახებიც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.