„ზეთა“ ტურისტული ბანაკია, რომელიც ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, თბილისიდან 180 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე, ულამაზესი კლდოვანი მასივის – ჭაუხების – ძირში მდებარეობს.
ეს ბანაკი, რომელიც 2009 წლიდან წარმატებულად მოქმედებს, მრავალი უცხოელი და ქართველი ტურისტის საყვარელი ადგილია.
„მარკეტერი“ გთავაზობთ ინტერვიუს ბანაკის დამფუძნებელ ანანო არაბულთან, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტა „ზეთას“ შექმნა, რა წინააღმდეგობებს წააწყდნენ შექმნის პროცესში, რა მომსახურებებს სთავაზობენ მომხმარებელს და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
M: რა არის „ზეთა“? როგორ გაჩნდა შექმნის იდეა?
ჯუთა მამაჩემის სოფელია და ზაფხულობით ხშირად მიწევდა არდადეგებზე ბებია-პაპასთან ყოფნა. ტურისტები ჯუთაში ყოველთვის მრავლად იყვნენ, მაგრამ მათთვის სათანადო მომსახურება არ არსებობდა.
მომინდა, სოფლიდან მოშორებით, ჭაუხების პანორამით გამეკეთებინა სუფთა, კომფორტული ტურისტული ბანაკი. იდეა გავუზიარე ჩემს ახლანდელ პარტნიორს, რომელიც ყოფილი მთამსვლელია და ოცნებობდა ექსპედიციების დროს, ჭაუხიდან დაბრუნებულს, თეთრი ჭიქით გემრიელი ყავა დაელია.
ბანაკის კეთება 2008 წლის ზაფხულში დავიწყეთ. აგვისტოს მოვლენების – ომის გამო სამუშაოები შევწყვიტეთ და „ზეთა“ ზუსტად ერთი წლის შემდეგ გავხსენით.
M: რა მომსახურებას სთავაზობს „ზეთა“ ბანაკის სტუმრებს?
ღამის გასათენებელს 15-ადგილიან კოტეჯში, 25-ადგილიან კარავში და 3-ადგილიან ჯეო სფეროში. მომსახურებაში ასევე შედის კვება, საფეხმავლო, ალპინისტური, საცხენოსნო ტურები.
M: რა წინააღმდეგობები შეგხვდათ ბანაკის შექმნის პროცესში?
ადგილმდებარეობიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (ტრანსპორტი ბანაკამდე არ მიდის, ერთი კილომეტრია სოფლიდან ფეხით სავალი), ბევრ სიძნელეს წავაწყდით. სამშენებლო და სამეურნეო ტვირთი ხელითა და ცხენებით აიზიდა. ფინანსურად გვერდში „თიბისი“ ჯგუფი დაგვიდგა. მათი დახმარებით, გახსნიდან მესამე წელს, ტერიტოირიაზე ხის კოტეჯი აშენდა. მანამდე მხოლოდ კარვები და კაფე არსებობდა. შემდეგ გავიმარჯვეთ USAID-ის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეხებოდა.
ისე, სიძნელეები დღემდე გრძელდება და იქნება იქამდე – სანამ განვითარებას გავაგრძელებთ. რისთვისაც მზად ვართ.
M: ბანაკი გაზაფხულიდან შემოდგომამდე მუშაობს. რომელია ყველაზე დატვირთული თვე? და რომელი ქვეყნებიდანაა თქვენი სტუმრების უმრავლესობა?
დიახ, ბანაკი სეზონურია. იხსნება ივნისში და სტუმრებს სექტემბრის ბოლომდე ვმასპინძლობთ. ვიზიტორთა უმრავლესობა ევროპის ქვეყნებიდანაა, თუმცა, ბოლო ორი წელია, ინტენსიური სტუმრობა ქართველებმაც დაიწყეს, რაც ძალიან გვახარებს.
M: მოგვიყევით მომავლის გეგმებზე.
2015 წლის ზაფხულს „ზეთა“ კვლავ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. დავამატეთ ორიგინალური ღამის გასათევი “ბურთები”, განახლებული სამზარეულო და სასადილო შენობა, უგემრიელესი და ორიგინალური მენიუთი.
მომავალშიც ორიენტირებულები ვართ მომსახურების დონის გაუმჯობესებასა და ახალ-ახალი სერვისების შეთავაზებაზე.
ავტორი: ირინა საყვარელიძე