„მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა“, — ეს სიტყვები ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა „პატარა პრინცის“ ეპიგრაფად გამოიყენა. და, ალბათ, უკეთესად არც კი ითქმის ბავშვობისა და ზრდასრულობის მიმართება. ნებისმიერი ასაკი ხომ ერთი მოცემულობის სხვადასხვაგვარი გამოხატულებაა. შესაბამისად ვიცვლით გარეგნობას, აზრებსა და ქცევებს, თუმცა ამოსავალი წერტილი ყოველთვის ერთი საფუძველია. უბრალოდ, დროთა განმავლობაში გვავიწყდება ხოლმე ის ჩვენი ბავშვური თავი — ყველაფერს ჯადოსნური ელფერი რომ გასდევდა; ნებისმიერი ამბავი კი ფანტასტიკურ ზღაპრებად გვესმოდა…
თემატურად, დღევანდელ სტატიაში იმ ზღაპრების სამყაროში ვიმოგზაურებთ, რომლებიც ზრდასრულებისთვისაც საინტერესო და „ბავშვურ-დიდური“ ემოციების მომტანია.
კაცი და მისი უცნაური პიანინო — გურამ პეტრიაშვილი
„თუკი, თქვენ გჯერათ სასწაულების ან უკვე აღარ გჯერათ; თუ ხშირად ფიქრობთ, როგორ უნდა გაუძლოს ობოლმა ბავშვმა სევდას; თუკი, გაინტერესებთ, რატომ ხედავს ერთი იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაშინ გაიცანით მანათობელ პეპლებად გადაქცეული დედის კოცნები, აჩლაჩულა და აფლაფატო, ბრაზო და ღიმო, ცისტერნა, რომელიც ფერად წყალს ყიდის, მოღიმარი გრამოფონი, კეთილი კლოუნი, დაკარგული ქუდების ქვეყანა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაილამაზეთ.
გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები განსხვავებულ ადამიანებზეა. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იმაზე მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვიდრე – სხვები. ზოგჯერ ზღაპრის გმირების იმედები, გულწრფელობა, ოცნებები გაუგებარი ხდება, მაგრამ დარღვეულ ჰარმონიას ისევ თანადგომა, სიხარულის გაზიარება და კეთილი ღიმილი ავსებს.
წიგნი მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისკენ უბიძგებს, მშობლებს დაეხმარება ბავშვების გულების გასათბობად, მოზარდებს მშვენიერების შემჩნევას ასწავლის, ბავშვობამონატრებულ მკითხველს კი სევდიან ფიქრებს აუშლის, თუმცა, „სევდაც უნდა გამოცადო ხანდახან, რომ უკეთ იგრძნო, რა არის სიხარული“, — მწერალი ლელა კოტორაშვილი.
ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი — ლევან ბოლქვაძე
„ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია, სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია.
ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, როცა გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს. „მკითხველო, შესაძლოა თორმეტი წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო,“ – ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. მთავარ გმირ ჭაბუკასა და ავტორს შორის უნებლიედ პარალელს ვავლებთ…
1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს“, — მწერალი მაკა ლდოკონენი.
33 ზღაპარი — ჰერმან ჰესე
ჰერმან ჰესეს ზღაპრების წაკითხვა ნიშნავს ოცნებებისა და ხილვების, ფილოსოფიისა და ვნების ფანტასტიკურ სამყაროში გადანაცვლებას. მაძიებლებით, პრინცესებითა და მოხეტიალე პოეტებით სავსე ზღაპრები ჩვენს შინაგან მდგომარეობებს მიემართება. ცხადია, ეს დახვეწილი მცირე ზომის ამბებიც იმავე მისტიკურ, რომანტიკულ იმპულსებს შეიცავს, რომლებიც ზოგადად ჰესეს „მთავარ“ ნაწარმოებებს ახასიათებს — მაგალითად, „ზიდჰარტას“.
მაგალითად, „პოეტი“, „დაწნული სკამის ზღაპარი“ და „მხატვარი“ ხელოვანის დილემას განიხილავს, რომელიც სრულყოფილებისკენ სწრაფვასა და სოციალურ წარმატებას ეხება… სხვა ზღაპრები ასახავს ცვლილებებს და ბრძოლას საზოგადოებაში: „ფალდუმში“ ქალაქი სრულად გარდაიქმნება, როდესაც თითოეულ მაცხოვრებელს თავისი ყველაზე დიდი სურვილი უსრულდება.
ზღაპარი — სტივენ კინგი
ლეგენდარული მწერალი სტივენ კინგი კიდევ უფრო მეტად უღრმავდება საკუთარ წარმოსახვას ამ ჯადოსნურ რომანში… მთავარი გმირი 17 წლის ბიჭია, რომელიც მემკვიდრეობით პარალელური სამყაროს გასაღებს იღებს — აქ სიკეთე და ბოროტებას ომი აქვთ გაჩაღებული.
ცხადია, ამას პირდაპირი გაგებით ზღაპარს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად ავტორის სახელწოდებას მივენდობით. ჩარლი რედი საშუალო სკოლის ჩვეულებრივ მოსწავლეს ჰგავს, თუმცა ძალიან ბევრი მძინე მომენტი ჰქონია ცხოვრებაში. ათი წლის იყო, დედა ავარიაში რომ დაეღუპა; მწუხარებისგან კი მამა ალკოჰოლიკი გახდა. ამიტომაც, საკუთარ თავზე აიღო ყველა ტვირთი აიღო. თუმცა ყველაფერი ჯადოსნურ ხასიათს იძენს, როდესაც მეგობრის, მარტოხელა კაცის გარდაცვალების შემდეგ მისი სახლის ფარდულში სხვა სამყაროს პორტალს აღმოაჩენს.
აქ ცაზე ორი მთვარეა, გრანდიოზული სასახლის კოშკები კი ღრუბლებს ზემოთაა აჭრილი. უცნაურ თამაშებში ქალები და კაცები სიკვდილამდე ებრძვიან ერთმანეთს… ჯადოსნური მზის საათს კი დროის უკან დაბრუნება შეუძლია. მოკლედ, ეს არის მითივით ძველი ისტორია, რომელიც ზღაპრისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს.
ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი — დაიანა უინ ჯონსი
წიგნი სავსეა ალქაჯებით, ჯადოქრებით, სასახლეებით, მოლაპარაკე ნივთებით, მოჯადოებული არსებებით, დედინაცვლებით, მეფის ასულებით, გრძელზე გრძელი კიბეებით, მოწყვეტილი ვარსკვლავებითა და ბევრი მწვანე ლორწოთი… მარტივად რომ ვთქვათ, ზღაპრული, მაგრამ ძალიან სახიფათო სამყაროა — თითქოს ყოველი წინადადების შემდეგ რაღაც უჩვეულოს უნდა ელოდე.
საგულისხმოა, რომ ბევრი მეცნიერი „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“ ახალ მითოლოგიასაც კი უწოდებს. ეს უკანასკნელი ახალი გმირული არქეტიპის გაჩენით განისაზღვრება, რომელიც ძველ კულტურულ კონტექსტს სცდება და თანამედროვე იდეალებით უპირისპირდება. მთლიანობაში, ის ისეთ თემებზეა ორიენტირებული, როგორებიცაა ბედი, ახალგაზრდობა, გამბედაობა და სიყვარული.
მწვანე გველისა და მშვენიერი შროშანის ზღაპარი — იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
ეს ზღაპარი 1795 წელს გამოიცა ფრიდრიხ შილერის გერმანულ ჟურნალში Die Horen და მხატვრული ზღაპრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად განიხილება. სიუჟეტი მდინარის გადაკვეთას ეხება, რომელიც სიმბოლურად გრძნობების სამყაროსა და ადამიანის იდეალურ მისწრაფებებს შორის მიმართებას ასახავს.
შეიძლება ითქვას, გოეთე „სიტყვიერი გამოსახულებებით“ ცდილობდა იმ ყველაფრის გადმოცემას, რასაც გრძნობდა. სურდა, პიროვნული და სულიერი ტრანსფორმაციის განცდა ზუსტად აღეწერა — ეს კი მხოლოდ „მატერიალურად დამონებული სულის სიკვდილით“ და მაღალი ცნობიერების მიღწევით ხდება შესაძლებელი. მთლიანობაში, ზღაპარი მარტივ ამბავზეა, მაგრამ სიღრმისეული ინტერპრეტაციებით…
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია