„იყო და არა იყო რა…“ — ეს ხომ ის განსაკუთრებული ფრაზაა, რომლითაც ყველაზე ჯადოსნური ამბები იწყება… თითქოს წარმოუდგენელი და ამავდროულად, ყველაზე გულწრფელი ხედვებით გამსჭვალული. ჰოდა, მოდით, ჩვენი სტატიაც ასე დავიწყოთ.
იყო და არა იყო რა, ქვეყნად ამაზე უკეთესი რა იქნებოდა, კაცობრიობამ ზღაპრული ამბების შეთხზვის უნარსა და შემოქმედებითობას რომ მიაგნო. ალბათ, ბევრი ზრდასრული ფიქრობს, რომ ურჩხულად ქცეული პრინცის კვლავ პირვანდელი სახის დაბრუნება, წლობით მძინარე მზეთუნახავის გაღვიძება და ერთი კოცნით გაცოცხლებული პრინცესა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების გასართობად მოგონილი ირაციონალური ნარატივია. ამის საპირისპიროდ, რეალობა სულ სხვაგვარია — თითოეულ მსგავს ნიუანსს თავისი ფილოსოფიურ-სიღრმისეული ახსნა აქვს; მცირე დეტალების მიღმა დიდი აზრები იმალება, უბრალოდ, ბავშვებისთვის „სწორად შეფუთული“ სიტყვებით, განწყობებითა და ქმედებებით.
რატომ არის ბავშვებისთვის ზღაპრის თხრობა მნიშვნელოვანი?
პირველი, რაც ამ კითხვის პასუხად გვახსენდება, ფანტაზიის უკიდეგანოდ გაფართოებაა — როცა ერთი შეხედვით შეუძლებელი ბუნებრივად დასაშვები ხდება. აქ არ არსებობს რაიმე დაბრკოლება, რომელიც გვეტყვის, რომ არ შეიძლება ხის ბიჭუნას გაცოცხლება, გოგრას ოქროს ეტლად გადაქცევა თუ თუნდაც ცხოველების ალაპარაკება. და როგორც არაერთი კვლევა მოწმობს, ამ მიზეზით, ზღაპრები დადებითად მოქმედებს მოზარდების გონებრივ განვითარებაზე.
გარდა ამისა, ზღაპრები ხელს უწყობს ემოციური მდგრადობის ჩამოყალიბებას — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათში საკმაოდ ღრმა აზრები იმალება, ცხოვრებისეულ მომენტებზე დაფუძნებული, სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. ამგვარი ფორმით, ბავშვები სრულიად უსაფრთხო გარემოში აღმოაჩენენ, რომ ცუდი რამ ყველას ემართება, რადგან არავინაა დაზღვეული ამა თუ იმ გამოწვევისგან, სწორი მოქმედება კი ყველაფრის სასიკეთოდ შემოტრიალების გასაღებია.
რა თქმა უნდა, ემოციების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნებაც, რომლის დახვეწაზეც არანაკლებ მოქმედებს ეს ჯადოსნური ამბები… თუნდაც, მიზეზშედეგობრივ კავშირებზე დაკვირვება და ერთგვარი კანონზომიერების აღმოჩენა, სადაც კონკრეტულ ქცევას შესაბამისი შედეგი მოჰყვება. ამავდროულად, ზღაპრებში საკმაოდ მკაფიოდ, უმეტესად უწყინარი ფორმითაა გამიჯნული ნეგატიური ქცევა დადებითისგან, რაც ბავშვს უადვილებს იმის განსაზღვრას, თუ რა ასოცირდება მათთვის მოსაწონ კონტექსტთან.
ობიექტურად თუ შევაფასებთ, აქ განხილული სარგებელი სწორედ ის არის, რაც ზრდასრულ ასაკში გვჭირდება — საფუძველი კი გაცილებით ადრე, ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული იყრება, რასაც პერიოდულად სახეცვლილი რეალობა ანმტკიცებს. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ზღაპრები ზრდასრულებსა და ბავშვებს საერთო ენის პოვნაში ეხმარება — მაგალითად, „პატარა უფლისწულის“ კითხვისას, მცირეასაკოვანის გონება უფრო მეტად ზღაპრულ ელემენტებს აქცევს ყურადღებას, ჩვენ კი რეალობის მძაფრი შეგრძნებით ვივსებით.
„ქართული ზღაპრული ზღაპრები“
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზღაპრის კულტურა საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ამის მაგალითია გამომცემლობა „არტანუჯი ბავშვებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმდინარე სერია: „ქართული ზღაპრული ზღაპრები“. ეს უკანასკნელი აერთიანებს ქართულ ხალხურ ზღაპრებს, როგორებიცაა: „ნახევარქათამა“, „კომბლე“, „თხა და ვენახი“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ნაცარქექია“, „სიზმარა“, „ხუთკუნჭულა“ და სხვა — თანაც, ჩამონათვალს დროდადრო მრავალი ხალხური ზღაპარი დაემატება.
სავარაუდოდ, აქ ჩამოთვლილ ზღაპრებს შორის უმეტესობა მაინც გეცნოთ და დასახელებების კითხვისას ძალიან სწრაფადაც გაგიელვათ სიუჟეტმა გონებაში. მართალია, ისინი ბევრ თაობას ახსოვს, მაგრამ ყოველ ახალ დროებას განსხვავებული ინტერპრეტაცია სჭირდება, რაშიც დიდ როლს ასრულებს არა მხოლოდ თხრობაში შეტანილი ცალკეული ცვლილებები, არამედ ვიზუალური მხარეც — კერძოდ, აღნიშნული სერიის ფარგლებში, წიგნები შედგენილია თანამედროვე და ფერადი ილუსტრაციებით, მარტივად და გასაგებად ეხამება ერთმანეთს და თანამედროვე ბავშვებს სიტუაციის ადვილად აღქმის საშუალებას აძლევს. სერიის თითოეული წიგნი პატარა მკითხველს ვიზუალურად განსხვავებულ სამყაროში ამოგზაურებს. მაგალითად, კომბლე კომიქსების ფორმით მოგვითხრობს ამბავს, ხოლო ნახევარქათამა ელექტროსკუტერზე შემომხტარი მიეშურება სამართლის საძიებლად. ნაცარქექიას დევი კი იმდენად საინტერესოდაა დახატული, რომ დიდხანს მოუნდებათ მასზე დაკვირვება და თვალიერება.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ქართულ ხალხურ ზღაპრებს ეროვნული იდენტობა აქვს. ისინი ზეპირსიტყვიერების საგანძურია და მოზარდებს წინაპრების ყოფა-ცხოვრებისა და ღირებულებითი სისტემის შესახებ უქმნის წარმოდგენას. ამას ემატება ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეები, რომლებიც ზოგადად ზღაპრებს ახასიათებს ბავშვის ემოციური, გონებრივი და ინტელექტუალური ასპექტების ჩამოსაყალიბებლად.
თუმცა ქართული ხალხური ზღაპრების მხოლოდ ეროვნულ იდენტობაზე აქცენტირება არასწორი იქნება, რადგან მათში გლობალური იდეებიც იმალება, რომლებიც ზოგადად ადამიანის არსს მიესადაგება… მაგალითად, ფერადი სიზმრების მხედვარე ბიჭის ზღაპარი „სიზმარა“ იდეალური სიზუსტით შთაგვაგონებს, რომ სიზმრები შეიძლება ცხადი გახდეს, თუ დავიჯერებთ. ჩვენი უფლებაა, ჩვენს პირად სიზმრებს, ფიქრებს და ოცნებებს მოვუფრთხილდეთ. ყველა კეთილი სიზმარი და ნატვრა ახდება, თუ გულითა და გონებით გვწადია და თუ ამ ნატვრის და სიზმრის განსახორციელებლად ბევრს იმუშავებ და იზრუნებ.
ხოლო ყველასათვის საყვარელი „ნახევარქათამა“ იმ საკითხს ეხება, რომელიც კაცობრიობას ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებდა თუ ადარდებდა. იგი მკითხველს ასწავლის, რომ სამართლის ძიებას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გზად შეიძლება ბევრი დაბრკოლება შემოგვხვდეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ღირსეულია და საამაყო.
და როცა ვიზრდებით, ზღაპრები ქრება?! რა თქმა უნდა, არა… ზრდასრულ ადამიანსაც სჭირდება ჯადოსნური ამბების მოსმენა თუ მოყოლა ყოველდღიურ ცხოვრებაში — უბრალოდ, დროთა განმავლობაში დალექილი ღირებულებებისა და იდეების პრაქტიკაში გამოყენებაზე მეტად ვკონცენტრირდებით, თუნდაც გაუცნობიერებლად. და მიუხედავად იმისა, რომ ზღაპარს თავისი სპეციფიკური სტრუქტურა და ნიუანსები ახასიათებს, დიდებზე ადაპტირებულ ვერსიად „მაგიური რეალიზმის“ მიჩნევა შეგვიძლია, სადაც რაციონალურად მოაზროვნე გონება კვლავ ირაციონალურობამდე, ყველანაირი ლოგიკისგან დაცლილ სამყაროებამდე მიდის…
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია