in

ვირტუალური გამოფენა zghapAR – ზღაპრული და მითოლოგიური გმირები ჩვენს რეალობაში

პროექტზე 7 ქართველი ილუსტრატორი მონაწილეობდა


zghapAR – “იყო და არა იყო რა” – ეს არის ვირტუალური გამოფენა, რომელიც 7 ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენას “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა გასულ თვეს უმასპინძლა. 

ვირტუალურ ფორმატს ისიც ემატება, რომ გამოფენა აპლიკაციის ფორმატშია ხელმისაწვდომი და სრული ეფექტის შესაქმნელად გაფართოებულ რეალობას იყენებს.თითოეულ ნამუშევარს ერთი თემა – ქართული მითოლოგია და ზღაპრები აერთიანებს. მხატვრებმა ზღაპრული თუ მითოლოგიური გმირები ვიზუალურად “გააცოცხლეს”. შემდეგ კი ეს გმირები, ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ, განვრცობილი რეალობის, AR-ის საშუალებით ჩვენს რეალობაში გადმოვიდნენ…

“უკვე მეორე წელია, ჩემი და დეთუ ჯინჭარაძის არტისტული პრაქტიკა ტექნოლოგიებს დაუკავშირდა. ჩვენს ნამუშევრებში თუ გამოფენებში აქტიურად ვიყენებთ VR და AR ტექნოლოგიებს, ასევე, 3D Realtime ტექნოლოგიას” – აღნიშნავს მარიამ ნატროშვილი, არტისტი და AR გამოფენის კურატორი. 

AR ტექნოლოგია მომავალია, ზღაპრები და მითები კი უხსოვარ დროს განეკუთვნება… ამ ორი დროის შერწყმა ერთგვარ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან “მითოლოგიური დრო” სულაც არ მიჰყვება ქრონოლოგიურ ხაზს. თანაც, ზღაპრები ხომ თავისი ხასიათით ისედაც გაფართოებული, განვრცობილი რეალობაა – “თან არის, თან არა. იყო და არა იყო რა – ეს სიტყვებიც ამას გვეუბნება, თან იყო, თან არა. აქვს რაღაც საერთო ტექნოლოგიებს და ზღაპრებს”. 

პროექტი ზღაპრის დღე პანდემიამდე დაიგეგმა და ამ პროცესში მისი სახე ბევრჯერაც შეიცვალა. საბოლოოდ, ილუსტრატორების გამოფენის გაკეთება, რომელიც მანამდე რეალურ ცხოვრებაში წარმოდგენილი ნამუშევრებით იყო დაგეგმილი, ასეთ ფორმატში გადაწყდა. 

“საინტერესო იყო გვენახა როგორ იპოვიდნენ ქართული ზღაპრების გმირები ადგილს რეალობაში, ფურცლებს გარეთ. აპლიკაცია-გამოფენის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქაჯი, დევი თუ ოჩოპინტრე საკუთარ ოთახში, ოფისში თუ ბაღში გააჩინოს” – განმარტავს მარიამი. 

გამოფენის ნახვა საკმაოდ მარტივია. ამისათვის საჭიროა, გადმოწეროთ აპლიკაცია, შეარჩიოთ სასურველი გარემო და პერსონაჟები ამ გარემოში მოათავსოთ. ეს არის გზა, ზღაპრები რეალობად იქცეს, ზღაპრის გმირები კი – ჩვენი რეალობის ნაწილად. ვინ იცის, იქნებ სწორედ ასე დავაბრუნოთ ჩვენს სამყაროში ჯადოსნურობა და მაგიურობა… როგორც კურატორი აღნიშნავს, თუ ადრე ადამიანებს მართლაც სჯეროდათ ჭინკების და შესაბამისად, ხედავდნენ კიდეც ჯადოსნურ არსებებს, ახლა მათი დანახვა ტექნოლოგიების საშუალებითაა შესაძლებელი. 

ტექნოლოგიები ხელოვნებაში გარდაუვალია და რაც უფრო მალე აუწყობს საქართველო ფეხს მომავალს, მით უფრო დიდი შანსი გვაქვს, მსოფლიო ხელოვნების რუკაზე ავენთოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნების და ტექნოლოგიებს შერწყმა. ცხადია, საქართველოში ძალიან ძნელია ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან ძლიერი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.ნამუშევრის შექმნაზე მხოლოდ ერთი არტისტი კი არა, დიდი გუნდი მუშაობს და ხელოვანის იდეას ახორციელებს. ხელოვნება აქ კერძო კომპანიებს დიდად არ აინტერესებთ ან მხოლოდ საკუთარი რეკლამისთვის იყენებენ, სახელმწიფო დაფინანსება კი ძალიან მწირია. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” მხარდაჭერა” – ამბობს მარიამ ნატროშვილი. 

აპლიკაციაზე მუშაობდნენ:
მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
ალექს ლაშხი
თორნიკე სულაძე

AR გამოფენაში მონაწილეობდნენ:
სოფო კირთაძე
გიო ჯინჭარაძე
ხატია ჩიტორელიძე
ანუკ ბელუგა
ვარლამ ჯმუხაძე
ანკა ბოჭორიშვილი
კვაჭი


„სოფლის შენებას რა უნდა?“ – ირაკლი გაფრინდაშვილი

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო – ბელა ბურძენიძის ,,ოფროუდ’’ თავაგადასავალი