in

“ზღვაო, ზღვაო ჩამყლაპე” — უტა ბექაიას გამოფენა Window Project გალერეაში

ის ხელოვანის მიერ ლოქდაუნის პერიოდში დაწერილ მოთხრობას ეფუძნება


“ზღვაო, ზღვაო ჩამყლაპე” — ასე ჰქვია უტა ბექაიას გამოფენას, რომელსაც Window Project წარმოგიდგენთ. ის დღეს, 9 თებერვალს იხსნება დამთვალიერებლებისთვის და 25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ექსპოზიცია ხელოვანის მიერ კორონავირუსის ლოქადაუნის პერიოდში დაწერილ მოთხრობას ეფუძნება. ის არის ისტორია ადამიანების შესახებ, რომლებიც დიდ ტკივილს განიცდიან და არსებითი ცვლილებები სურთ — “ისინი ცვლიან საკუთარ გზას ხელოვნურად შექმნილი აპოკალიფსით. შვიდი აპოკალიპსური აფეთქების შემდეგ მათი ცნობიერი სრულად ფართოვდება და ადამიანები ზე-ადამიანებად გარდაიქმნებიან”.

ალბათ, პანდემიის პერიოდში ბევრი ჩვენგანი აღმოჩნდა ეგზისტენციალური საკითხების მორევში და დაგვაფიქრა, როგორ უკავშირდება ერთი მოვლენა მეორეს… სწორედ ასეთ ეგზისტენციალურ კითხვებს აღძრავს გამოფენა, როგორიცაა პეპლის ეფექტის კონცეფცია და შესაძლო მომავალი, რომელიც ჩვენი ქმედებებით არის განპირობებული.

ამასთანავე, აქცენტი გაკეთებულია დღევანდელ ცივილიზაციაში არსებულ უფსკრულზე ბუნებასა და შექმნილ ინდუსტრიულ სამყაროს შორის. ხელოვანის გადმოსახედიდან, გარემოსთან დაკარგული კავშირი მეტად რთულს ხდის საკუთარი პოტენციალის რეალიზებას… “მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ სამყაროს მცირე ნაწილაკები ვართ. მცირე, მაგრამ გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი დიდი მანქანის, ერთი ორგანიზმის. ჩვენ ყველა ურთიერთდაკავშირებული ვართ, და თითოეულ ჩვენგანს დიდი როლი აქვს მომავალი ევოლუციის განვითარების პროცესში”.

საინტერესოა გამოფენის ვიზუალური მხარე, რომელიც ისეა გადმოცემული, თითქოს, აპოკალიპსური მომავლის ისტორია ბავშვის გამოცდილება იყოს. იმერსიული ინსტალაცია ტაქტილური, დიდი ზომის არსებებისა და მასშტაბური ვიდეო პროექციებისგან შედგება. მათი მეშვეობით, დამთვალიერებლები საკუთარ ფიზიკურ არსებობას აცნობიერებენ. “ეს ინტუიციური გამოცდილებები იმ პრობლემებისა და იდეების გასაცნობიერებელ კატალიზატორად იქცევა, რომლებიც გაუცხოებული და დისტანცირებული გვეჩვენება”. 


უსაფრთხო ტურიზმი პანდემიის პირობებში

შესაძლოა, გეომაგნიტურმა ქარიშხალმა Starlink-ის 40 თანამგზავრი გაანადგუროს