ბევრი ხელოვანი ამბობს, რომ საკუთარ ნამუშევრებში ირგვლივ არსებულ სამყაროს საკუთარი ინტერპრეტაციებით ასახავს. ამავე იდეას მისდევს ლონდონელი მხატვარი Zhanjiang Liu, რომელიც ადრე სარეკლამო სააგენტოებში მუშაობდა, შემდეგ კი, როგორც აღნიშნავს, ინდუსტრიის კონკურენტული ხასიათი მოჰბეზრდა… ამიტომაც ილუსტრატორობის გზას დაადგა.
ლიუ ცდილობს, ყოველდღიური მომენტები ილუსტრაციებად აქციოს — ენერგიითა და დინამიკით სავსე სურათებად. თითოეული მათგანი ოდნავი იუმორითაა გაჟღენთილი, რათა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები და ხასიათი შეინარჩუნოს. როგორც ჩანს, ილუსტრატორისთვის ყოველდღიური სცენების დახატვა ერთგვარი დაკვირვების ფორმაა. „ეს არის გზა, წარმავალი მომენტები სამუდამოდ აღვბეჭდო. ჩემს ნამუშევრებში მოქცეულია ცხოვრებისეული კადრები, ემოციები და ადამიანური გამოცდილება“.
საგულისხმოა, რომ ლიუ ილუსტრაციის ხელოვნებას რთულ თემებზე საუბრის მძლავრ მექანიზმად აღიქვამს, რაც ხშირად წარმოსახვის სფეროს სცდება. შეუძლია, ემოციები მაქსიმალურად გააღვივოს, ინდივიდუალურ დონეზე დაუკავშირდეს მაყურებელს.