ამგვარად, რობლოქსის პლატფორმაზე სტუმრობისას უკვე ჟოზეს თამაშებს აღმოაჩენთ და არც იმაზე მოგიწევთ ღელვა, ბავშვები ატარებენ თუ არა ეკრანთან დროს პროდუქტიულად. ჟოზესა და მეტავიუს თანამშრომლობა გასართობ-საგანმანათლებლო და თავგადასავლებით სავსე თამაშებს მოიცავს 3-დან 7 წლამდე ასაკობრივი სეგმენტისთვის. ჟოზე ასწავლის მათ ფერებს, ასოებს, ბენდში დაკვრასაც შესთავაზებს და რბოლაში მონაწილეობასაც, თუმცა აქ კიდევ ბევრი სახალისო რამ იმალება… მიზანი კი, რაღა თქმა უნდა, ბავშვების განვითარებაა.
და როგორ მოხვდა ჟირაფი ჟოზე რობლოქსის პლატფორმაზე? პირველი ჩვენც ეს კითხვა გაგვიჩნდა და პასუხების გასაგებად მეტავიუს მარკეტინგის ხელმძღვანელ თინა ბურდულს დავუკავშირდით:
M: თინა მოგვიყევით, როგორ მოხვდა ჟირაფი ჟოზე რობლოქსის პლატფორმაზე?
მეტავიუმ ამ ამბავში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა — ქართულ-ამერიკული სტარტაპია, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში სათამაშო ინდუსტრიაში სახელის დამკვიდრება შეძლო. ხოლო, როდესაც მეტავიუში გაჩნდა იდეა, ბავშვების საყვარელი გმირები მათსავე საყვარელ სათამაშო პლატფორმა Roblox-ზე შეგვეყვანა, თან ისე, რომ თამაშთან ერთად ეკრანთან გატარებული დრო ნაყოფიერიც ყოფილიყო, ჟოზე გახდა ჩვენი პირველი ანიმაციური პროექტი, რომლის განხორციელებაც მიზნად დავისახეთ. ეს კონცეფცია გავუზიარეთ ჟირაფი ჟოზეს დამფუძნებლებს, გიორგი მარშანიასა და ირაკლი ნადირაძეს, რომელთაც მაშინვე დაინახეს ჟოზეს სამყაროს რობლოქსზე გადატანის პოტენციალი. აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. შევეცადეთ, ჟოზე უფრო ინტერაქციული გაგვეხადა და შეგვექმნა ვირტუალური გარემო, რომელიც ბავშვებს არამხოლოდ აინტერესებთ, არამედ მათ აქტიურ განვითარებასაც უწყობს ხელს თამაშის მეშვეობით.
M: აღგვიწერეთ, როგორი იქნება ჟოზეს თამაშები…
ჟოზეს სამყარო ორი ნაწილისაგან შედგება: ერთი ნაწილი გასართობ-საგანმანათლებლო პროგრამას ეთმობა, რომლის მეშვეობითაც სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასაკის შესაფერის პროგრამას გაივლიან და ჟოზესთან ერთად ისწავლიან ფერებს, ფორმებს, ასოებს, ამოხსნიან მათემატიკურ ამოცანებს და ა.შ. ჟოზეს სამყაროს, მეორე, თავგადასავლებით სავსე ნაწილში კი ბავშვებს ჟოზესთან ერთად რბოლაში მონაწილეობა, ჟოზეს ბენდში დაკვრა და სხვა ბევრი აქტივობა ელით წინ. ამგვარად, თამაშები ორ ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი: 3-დან 5-წლამდე და 5-დან 7-წლამდე.
M: როგორც ვიცით თამაშები უფასოა… როგორ უნდა მივიღოთ წვდომა?
თამაშებზე უფასო წვდომის მისაღებად საჭიროა:
- რეგისტრაციის გავლა საიტზე metaviu.io, რის შემდეგაც გენიჭებათ უნიკალური კოდი.
- მათთვის, ვისაც არ აქვს რობლოქსის ექაუნთი, მნიშვნელოვანია, რომ roblox.com-ზე გაიარონ რეგისტრაცია, რათა ჟოზეს სამყაროს შეუერთდნენ.
- metaviu.io-ს საიტზე მინიჭებული უნიკალური კოდის მეშვეობით კი უკვე თამაშებზე მიიღებთ წვდომას.
M: შეძლებენ თუ არა მშობლები ბავშვებზე თვალყურის დევნებას თამაშის პროცესში?
რა თქმა უნდა, საიტზე metaviu.io/ka/joze სულ მალე დაემატება პირადი კაბინეტი, სადაც მშობელს ბავშვის მიერ მიღწეული პროგრესის, თითოეულ თამაშში გატარებულ დროის, უნარებზე ორიენტირებული მეტრიკებისა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვა შეეძლებათ.
M: რა შემთხვევაში ჩათვლით ჟოზესა და მეტავიუს კოლაბორაციულ პროექტს წარმატებულად?
ჟოზეს სამყარო რობლოქსზე მეტავიუსა და ჟირაფი ჟოზეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი საერთო პროექტია. ჩვენი მისიაა ბავშვების ეკრანთან გატარებული დრო ნაყოფიერი გავხადოთ, წარმატებას კი ბავშვების განვითარებაში შეტანილი წვლილით განვსაზღვრავთ. გვინდა, რომ მშობლების აქტიური ჩართულობით მოხდეს ამ პროექტის განვითარება. ვგულისხმობთ მათი შვილების საჭიროებებსა და სურვილებზე დაყრდნობით, დამატებითი, სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნას.
ორივეს დიდი გეგმები გვაქვს — ჟოზე ამერიკის ბაზარზეა უკვე გასული და ამერიკულ აუდიტორიას, სერიალთან ერთად, თამაშსაც შესთავაზებს. რაც შეეხება მეტავიუს, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან ბავშვების საყვარელი ანიმაციური პროექტები შეჰყავს რობლოქსში. ერთად კი გვსურს, პროექტი მასშტაბური გავხადოთ და რაც შეიძლება მეტ პატარას მივცეთ ჟოზესთან ინტერაქციის შესაძლებლობა.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი